Facebook Twitter

ბს-781(2კ-19) 23 ივლისი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. გ-ამ 01.05.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედვეობის საქალაქო სასახურის 21.10.2014წ. N0000598 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.03.2015წ. N195 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 25.03.2015წ. N195 ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 21.10.2014წ. N000598 დადგენილება და მასვე დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2017წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ს. გ-ას მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრულ სარჩელზე (მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური, ლ. გ-ა, ნ. ვ-ო, გ. გ-ი, დავის საგანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.01.2012წ. N... გადაწყვეტილება ნ. ვ-ოს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 17.09.2014წ. N... გადაწყვეტილება გ. გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.03.2014წ. N... გადაწყვეტილება ლ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.05.2014წ. N... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.02.2019წ. განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2019წ. განჩინებით ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრა პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ პირობას წამოადგენდა. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის თანახმად, პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირს, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შეთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებები არ გამოუკვლევიათ. ს. გ-ა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას უთითებდა, რომ სადავო რკინის კონსტრუქცია და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობა მოწყობილი იქნა მისი მამკვიდრებლის ი. გ-ის მიერ ჯერ კიდევ 2000 წლამდე და მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ უწარმოებია. პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემას საფუძვლად დაედო არა გამოკვლეული ფაქტები, არამედ ვარაუდი, რომ სადავო კონსტრუქციები მოწყობილია ს. გ-ას მიერ. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა უგულებელყო აგრეთვე ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მიმდინარეობდა დავა იმ მიწის ნაკვეთის კუთვნილების შესახებ, რომელზეც განთავსებულია სადავო ნაგებობები, რაც უფლებამოსილ ორგანოს ართმევდა შესაძლებლობას იმ ეტაპზე უტყუარად დაედგინა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ინსპექციის მიერ.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის ...ის მიმდებარედ N... ნაკვეთზე რკინის კონსტრუქციის (ჯიხურის) და მსუბუქი კონსტრუქციის დამხმარე ნაგებობის განთავსება, რომელთა კანონიერებად მოწყობის დამადასტურებელი დოკუმენტი მხარეს არ წარუდგენია. სადავო კონსტრუქციები არ შედის იმ ქონების ჩამონათვალში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა ს. გ-ას, ამდენად, არ დასტურდება, რომ ეს ნაგებობები მოწყობილია მოსარჩელის მამკვიდრებლის მიერ. სამშენებლო ნაკვეთის მოსარგებლე არის ს. გ-ა, რადგან მას აქვს სამკვიდრო მოწმობა, რომლის საფუძველზეც საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეუძლია. ამასთანავე, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის კონსტრუქციების მის მფლობელობაში ყოფნას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მათთან წარდგენილი მტკიცებულებები, არ დაადგინეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი, არ გამოიკვლიეს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

საქმის მასალების მიხედვით, უტყუარად არ არის დადგენილი სადავო კონსტრუქციების მომწყობი სუბიექტი. მოსარჩელე უთითებს, რომ კონსტრუქციების მოწყობა განხორციელდა მისი მამკვიდრებლის მიერ ჯერ კიდევ 2000 წელს, მან სამკვიდრო მიიღო 2010 წელს და შემდგომში რეკონსტრუქცია არ განუხორციელებია. კასატორთა მოსაზრება, რომ კონსტრუქციების სამკვიდრო მოწმობაში მიუთითებლობა ადასტურებს მათ მოწყობას მოსარჩელის და არა მისი მამკვიდრებლის მიერ, არ არის დასაბუთებული. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება მშენებლობის უშუალოდ მწარმოებელი პირის დადგენის მიზნით რაიმე გარემოებების გამოკვლევა.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას, რომ მოსარჩელეა სამშენებლო მიწის ნაკვეთის მფლობელი და მოსარგებლე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით სადავო აქტების გამოცემისას ს. გ-ას სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა დავა სწორედ იმ მიწის ნაკვეთის ნაწილის კუთვნილებასთან დაკავშირებით, რომელზეც განთავსებულია სადავო კონსტრუქციები. მართალია აღნიშნული დავის წარმოება დასრულდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე საქმის გახილვისას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2016წ. კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 31.03.2014წ. გადაწყვეტილება ლ. გ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, დგინდება, რომ სასამართლო დავის დასრულების მიუხედავად სამშენებლო ნაკვეთის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავა მხარეებს შორის დასრულებული არ არის. სადავო აქტები გამოცემულ იქნა აღნიშნული გარემოებების უგულებელყოფით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.04.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე