საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-278(კ-20) 6 აგვისტო, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჯ. ბ-ე
მესამე პირები - ბ. ბ-ე, ბ. ბ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ბ-ემ 2016 წლის 11 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა იმავე სამინისტროს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) საკითხზე მომუშავე კომისიის 2014 წლის 20 ოქტომბრის №7 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ბ-ე და ბ. ბ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე მომუშავე კომისიის 2014 წლის 20 ოქტომბრის №7 სხდომის ოქმი (დანართი №2) იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. ბ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის დაკანონებაზე; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ჯ. ბ-ემ, ბ. ბ-ემ, ბ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით ჯ. ბ-ის, ბ. ბ-ისა და ბ. ბ-ის, ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე), რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ჯ. ბ-ისათვის ფართის დაკანონების საკითხის განხილვისას, 2013 წლის 26 აგვისტოს ადმინისტრაციულ ორგანოს №68025/01 საჩივრით მიმართეს მოსარჩელის მეზობლებმა. მეზობლების საჩივრის თანახმად, თბილისში, ...ს ქ. N...-ში შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობს არადევნილი ლ. ჯ-ა, რომელსაც სიძის - ჯ. ბ-ის სახელით დაკავებული და გაქირავებული აქვს სადავო ოთახები. დასახელებულ მისამართზე მეზობლებს ჯ. ბ-ე არ უნახავთ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, დევნილის ოჯახის (სარეგისტრაციო №...) შემადგენლობაში, ჯ. ბ-ესთან ერთად, მითითებულნი არიან მისი შვილები: ბ. ბ-ე (დაბადებული 2008 წელს) და ბ. ბ-ე (დაბადებული 2012 წელს). ოჯახს დაკავებული აქვს ...ს ქ. N...-ში, მესამე სართულზე მდებარე N... და N...და მეორე სართულზე მდებარე №28 ოთახები. ოჯახის შემადგენლობაში ასევე მითითებულია ჯ. ბ-ის მეუღლე - თ. ჯ-ა (არადევნილი). დევნილთა ელექტრონული ბაზის მიხედვით, ბ. ბ-ის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, ..., კორპუსი..., ბინა.... დევნილთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისში, ...ს ქ. N...-ში რეგისტრირებულია მხოლოდ ჯ. ბ-ე. საჯარო რეესტრის მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, დევნილ ჯ. ბ-ეს პირად საკუთრებაში გააჩნია ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დამხმარე შენობა-ნაგებობებით. მოცემულ გარემოებათა საფუძველზე, კასატორი დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს სადავო ფართში. პრივატიზაციის პროცესის მიმდინარეობისას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფართის ფაქტობრივი მფლობელის დადგენას.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამომწურავად არის დასაბუთებული, მასში მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდათ აქტის გამოცემისთვის. ამრიგად, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის დევნილის ოჯახისთვის თბილისში, ...ს ქ. N...-ში მდებარე ფართის დაკანონებაზე უარის თქმის კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ჯ. ბ-ე სადავო მისამართზე რეალურად არ ცხოვრობს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, რომლის 2.1.1. პუნქტის მიხედვით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავდა კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობდა მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის მოსაწესრიგებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა 2013 წლის 2 სექტემბერს გამოსცა №389 ბრძანება. ბრძანების №1 დანართის - „დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის (დაკანონების) წესის“ მე-8 პუნქტი ადგენდა, რომ ფართების დაკანონებამდე უნდა განხორციელებულიყო კონკრეტულ ობიექტში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათი ადგილზე აღწერა (პროფაილინგი), შენობაში ცალკეული ბინა-ერთეულის და მასში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახის სწორად იდენტიფიცირება. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის აუცილებელი იყო იმავე ფართში დევნილის ფაქტობრივად ცხოვრების გარემოების დადასტურება.
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის დადგენის თვალსაზრისით, ყურადღებას გაამახვილებს პრივატიზებისთვის განკუთვნილ კოლექტიურ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილთა შესახებ 2014 წლის 5 სექტემბრის საინფორმაციო ფორმაზე, რომლითაც დგინდება, რომ თბილისში, ...ს ქ. N...-...ში მდებარე №..., N... და N...ბინებში მცხოვრები ოჯახის შემადგენლობაში ირიცხებიან: ჯ. ბ-ე, ბ. ბ-ე, ბ. ბ-ე. საქმეში ასევე წარმოდგენილია იმავე მისამართზე ჯ. ბ-ის მიერ კომუნალური გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. მართალია, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას, მოსარჩელე სადავო მისამართზე არ იმყოფებოდა, მაგრამ საყურადღებოა ჯ. ბ-ის განმარტება, რომ იგი ფაქტობრივად ცხოვრობდა როგორც თბილისში, ...ს ქ. N...-ში, ასევე, ...ში, ე. ...ის ქ. N...-ში ქირით, რაც გამოწვეული იყო მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ...ში შესრულებით. ჯ. ბ-ის სადავო მისამართზე პერიოდულად, ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი დაადასტურეს თბილისში, ...ს ქ. N...-ში მცხოვრებმა, მოსარჩელის მეზობლებმაც - დ. პ-ამ და ვ. ჯ-ამ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოსარჩელის მიერ თბილისის დროებით დატოვება, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად, ავტომატურად არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე მუდმივად ...ში ცხოვრობს. ასევე, ოჯახის შემოწმების დღეს მოსარჩელის მისამართზე არყოფნა არ ნიშნავდა ამ მისამართზე მოსარჩელის არცხოვრების ფაქტის დადასტურებას. შესაბამისად, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რადგან მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაზე არის დამოკიდებული დავის სწორად გადაწყვეტა. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა და გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის შედეგად, უნდა დაადგინოს ჯ. ბ-ის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 21 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე