საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-345(2კ-19) 6 აგვისტო, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. თ-ი
კასატორი (მოპასუხე) - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ი. თ-მა 2016 წლის 15 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიმართ და მოითხოვა: ი. თ-ის გაფრთხილების შესახებ ... წლის ... ნოემბრის №... და მისი გათავისუფლების შესახებ ... წლის ... ნოემბრის №...ბრძანებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელე ი. თ-ის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის დევნილ მოსწავლეთა და სტუდენტთა მომზადების ჯგუფის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე და ი. თ-ის სასარგებლოდ, დათხოვნიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, განაცდური ხელფასის - ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ი. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ... წლის ... ნოემბრის №... და ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი სხვა მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ი. თ-ისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ი. თ-მა, ასევე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათ სასარგებლოდ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
კასატორი ი. თ-ი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასრულად იმსჯელა დავის საგანზე, კერძოდ, არ შეაფასა ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები ამართლებდა თუ არა პირის შრომითი უფლების შეზღუდვას - სამსახურიდან გათავისუფლებას. ასევე - დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ხომ არ მოხდა დასაქმებულის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების - შრომის უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ იმსჯელა იმ ძირითად გარემოებაზე, რაც პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა. ბრძანება გამოიცა ყოველგვარი დასაბუთებისა და საქმის გარემოებათა გამოკვლევების გარეშე და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ი. თ-მა განცხადებით მიმართა მთავარ პროკურატურას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მიმდინარე სავარაუდო დარღვევებზე რეაგირებისათვის. გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არ იმსჯელა განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ბათილად ცნო სადავო ბრძანებები და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი. თ-ი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისთვის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანებით, ...ის ...ის ...ის უფროსის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, ი. თ-ის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება - გაფრთხილება. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანებით, ი. თ-ი სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რადგან დასაქმებულის მიმართ მოქმედებდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება - გაფრთხილება. ადმინისტრაციული ორგანო არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის აუცილებლობის დარღვევასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციამ, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გამოარკვია ყველა ის გარემოება და ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო ი. თ-ის დისციპლინურ პასუხისმგებლობას - გაფრთხილებას და შემდგომში მის გათავისუფლებას. საჩივრის თანახმად, ი. თ-ი უკმაყოფილო იყო მისი სამსახურებრივი სტატუსით, რის გამოც მოქმედებდა პირადი მოტივით. მოსარჩელის ... წლის ... ნოემბრის საგაზეთო ინტერვიუში, ნათლად და კონკრეტულად ჩანს როგორ ნეგატიურად აფასებდა ადმინისტრაციის საქმიანობას, დისკრედიტაციას უწევდა ხელმძღვანელობას და ზიანს აყენებდა მის რეპუტაციას. ვინაიდან, ზემოაღნიშნული სტატია შეიცავდა ზოგად ინფორმაციას, ...ის ...ის ...ის უფროსმა - მ. ს-ემ მოუწოდა ი. თ-ს წერილობით დაეკონკრეტებინა კანონსაწინააღმდეგო ფაქტები, თუმცა მან განმარტების გაკეთებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ი. თ-მა თავისი გამონათქვამებით და განცხადებებით ზიანი მიაყენა ადმინისტრაციისა და მისი თანამშრომლების რეპუტაციას. ასევე, საქმის საქალაქო სასამართლოში დავის მიმდინარეობისას ... წლის ... გაზეთ „...ში“ გამოქვეყნდა ი. თ-ის ინტერვიუ სადაც, როგორც წინა საგაზეთო ინტერვიუში, იგი ცილს სწამებს ადმინისტრაციას ნეპოტიზმში, კორუფციაში, შანტაჟსა და მუქარაში. ამდენად, ვინაიდან, იგი სისტემატიურად არღვევდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო მოხელისათვის დადგენილ მოთხოვნებს, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ მართებულად მიიღო ... წლის ... ნოემბრის №... და ... წლის ... ნოემბრის №...ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ი. თ-ისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივრებში მითითებული პოზიციები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარი სადავო საკითხს წარმოადგენს ი. თ-ის მიმართ დისციპლინური ზომების - გაფრთხილებისა და გათავისუფლების გამოყენების კანონიერება, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესების დაცვა და გამოყენებული სანქციის ჩადენილ გადაცდომასთან შესაბამისობა და დასაბუთებულობა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმებისას საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997წ. რედაქცია) 732 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს ევალება მიზანმიმართულად არ გაავრცელოს საეჭვო, გადაუმოწმებელი ან მცდარი ინფორმაცია. იმავე მუხლის მე-6 პუნქტი კი, მოხელეს ავალდებულებს თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას. ამრიგად, კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოსამსახურის ვალდებულებას იმოქმედოს კეთილსინდისიერად, კანონიერად, გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია და დაიცვას სამსახურის რეპუტაცია. თავის მხრივ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს დისციპლინური გადაცდომისათვის ამავე კანონის 79-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთ ზომებს, როგორიცაა ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით - არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილ დარღვევებზე დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურისთვის კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებასა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, დისციპლინური ზომის გამოყენება ატარებს პრევენციულ ხასიათს, რათა სამომავლოდ შემცირდეს საჯარო სამსახურში მოხელეების მხრიდან მოვალეობების დარღვევის შემთხვევები. ამასთან დასახელებული მიზნების მიღწევისთვის „ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-161-158(კ-15)).
დისციპლინური ზომის შერჩევისას ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილებით, რაც უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვით. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის კონკრეტული სახის შერჩევისას, უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის დათქმიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ამასთანავე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისათვის ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანებით, მოსარჩელის მიმართ გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მონიტორინგის სამსახურის უფროსის ... წლის ... ნოემბრის N... სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც, ი. თ-ის უშუალო ხელმძღვანელის ... წლის ... მარტის N... და ... წლის ... ნოემბრის №... სამსახურებრივი ბარათებზე დაყრდნობით, აღინიშნა, რომ ი. თ-ი მუდმივად არღვევდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 731, 732, 733 მუხლებით დადგენილ ქცევის ზოგად წესებს. წესების დარღვევა კი, გამოიხატებოდა თანამშრომლებისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, გადაუმოწმებელი და საეჭვო ინფორმაციის გავრცელებაში, რაც იწვევდა კონფლიქტებს და ქმნიდა არაჯანსაღ გარემოს ადმინისტრაციაში, მისი საქციელი ზიანს აყენებდა ადმინისტრაციის რეპუტაციას. არსებული გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით ადმინისტრაციამ მიზანშეწონილად მიიჩნია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - გაფრთხილების გამოყენება. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, მოიწვია დაინტერესებული პირი - ი. თ-ი და სავარაუდო გადაცდომასთან დაკავშირებით ჩამოართვა ახსნა-განმარტება. გარდა ამისა, საქმეში არ არის წარმოდგენილი ი. თ-თან სამსახურებრივად დაკავშირებული პირების ახსნა-განმარტებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მხრიდან დაშვებული შესაძლო გადაცდომის - თანამშრომლებს შორის არსებული კონფლიქტის სიმწვავის დადგენა და გამოყენებული პასუხისმგებლობის ადეკვატურობის შეფასება. ახსნა - განმარტებების არარსებობის პირობებში, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ი. თ-ის მიმართ გაფრთხილების შეფარდების კანონიერებაზე, მით უფრო იმ პირობებში როცა, საქმის მასალებით ცალსახად არ დგინდება ზუსტად რაში გამოიხატა დარღვევა და რა არსებითი სახის ზიანი გამოიწვია აღნიშნულმა. გარდა ამისა, ი. თ-ის მიმართ გამოცემული გაფრთხილების შესახებ ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანების მოსარჩელისათვის გაცნობიდან არ იყო გასული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის მომენტში (... წლის ... ნოემბერი) არ იყო კანონიერ ძალაში შესული, რაც გამორიცხავს მის საფუძველზე სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების შეფასებას, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ არ ჩაატარა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება, ვერ დაადასტურა გაფრთხილების გამოყენების აუცილებლობა რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც გაფრთხილების შესახებ ბრძანების, ასევე გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერად მიჩნევისათვის.
გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევისთვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც უხეში დარღვევის შემთხვევაში. ასეთ დროს გათავისუფლების საფუძვლად მითითებული გადაცდომა უნდა იყოს იმგვარი უხეში დარღვევა, რომელიც გაამართლებს ყველაზე უფრო მკაცრი ღონისძიების გამოყენებით შრომითი უფლების შეზღუდვას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. თ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ... წლის ... ნოემბრის №... ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან სადავო ბრძანების გამოცემამდე ი. თ-ს ... წლის ... ნოემბრის ბრძანებით დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების მიღებას, მართალია, წინ უძღვოდა გაფრთხილება, რაც ნორმის მოთხოვნებს ფორმალურად აკმაყოფილებს, მაგრამ დადასტურებულია, რომ გაფრთხილების ბრძანება გამოიცა პროცედურული წესების დარღვევით. ასეთ პირობებში კი, დაინტერესებული პირის მონაწილეობისა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე გამოცემული ბრძანება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ი. თ-ის კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებაში ჩარევას და მის გათავისუფლებას, რადგან არ დასტურდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების წინაპირობების არსებობა.
იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო გადაცდომის ფაქტი და მისი შედეგები ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული, დასტურდება, რომ სადავო აქტების მიღებისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მის მიერ გამოცემული აქტების კანონიერების მტკიცება. საქმის მასალებით არ დასტურდება ი. თ-ის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვის, ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის, საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობის მიცემა, ასევე არ დასტურდება თანამშრომლებისთვის ახსნა - განმარტებების ჩამორთმევა, რაც ქმნის ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის წინაპირობას. შესაბამისად, მართებულია სასამართლოთა მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება და საკითხის ხელახალი განხილვისთვის ადმინისტრაციულ ორგანოსათვის დაბრუნება.
რაც შეეხება ი. თ-ის მოთხოვნას, მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ცალსახად დადასტურდება გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში კი, სათანადო ადმინისტრაციული წარმოების არარსებობა შეუძლებელს ხდის შეფასდეს აქტების კანონიერება, რაც თავის მხრივ ამ ეტაპზე, გამორიცხავს სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის შესახებ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. თ-ისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე