კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე№ბს-982(კს-20) 02 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინებაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.2019წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 10.12.2018წ. N04/65938 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 02.04.2019წ. N04/17860 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრა 189 394 ლარის და 40 თეთრის დაბრუნება შპს ...ისათვის“. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. აღნიშნული განჩინება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაეგზავნა 16.01.2020წ. და ჩაბარდა 20.01.2020წ..
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ. კერძო საჩივარი სასამართლოს წარედგინა 02.07.2020წ.. კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს პალატის 12.12.2019წ. განჩინების სააგენტოსათვის ჩაბარებას 20.01.2020წ., თუმცა თვლის, რომ გასაჩივრების ვადა უნდა აღდგეს, რადგან სააგენტო არ იცნობდა საქმის მასალებს. საქმის მასალების კერძო საჩივრის ავტორისათვის გაგზავნა მოხდა მხოლოდ 2020 წლის ივნისში, სააგენტოს მოთხოვნის შემდეგ. ამასთანავე, სააგენტო, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გადართული იყო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, უნდა აღდგეს საპროცესო მოქმედებისათვის განსაზღვრული ვადა, რადგან კონკრეტული საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 416.1 მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება და იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 12.12.2019წ. განჩინება სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ჩაბარდა 20.01.2020წ. (ტ.2, ს.ფ. 54), რასაც სააგენტოც ადასტურებს (ტ.2, ს.ფ. 94), ხოლო აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი სასამართლოს წარედგინა გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით, დაახლოებით 6 თვის გასვლის შემდეგ - 02.07.2020წ. (ტ.2, ს.ფ. 94), რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე, არ ეფუძნება სათანადო ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს მართალია მინიჭებული აქვს საპატიო მიზეზის არსებობისას განსაზღვრული საპროცესო ვადის აღდგენის უფლებამოსილება, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში სსკ-ის 416.1 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამდენად, ხსენებული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა, საპატიო მიზეზის არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, კოდექსი არ იძლევა გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება გასაჩვრების ვადის საპატიო მიზეზით გაშვების შესახებ, არ არის რელევანტური.
ამასთანავე, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ადასტურებს სსკ-ის 215.3 მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზის არსებობას. საპატიო მიზეზად ითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას (სსკ-ის 215.3 მუხ.). სააგენტო ვერ ადასტურებს ისეთი ობიექტური გარემოების არსებობას, რომელიც შეუძლებელს ხდიდა სასამართლოსათვის მიმართვას. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებებში მონაწილეობა არ ადასტურებს სასამართლოში განცხადების/კერძო საჩივრის წარდგენის ობიექტურ შეუძლებლობას, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ 12.12.2019წ. განჩინების გაცნობის შემდეგ - 12.03.2020წ. გაიმართა სააპელაციო პალატის სხდომა, რომელსაც დაესწრო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი (ტ.2, ს.ფ.61).
კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მითითება, რომ იგი არ იცნობდა საქმის მასალებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო საქმეში ჩართულ იქნა, როგორც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლე. საქმის მასალების მიხედვით, დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეგზავნებოდა საქმის მასალები. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო არ იყო შეზღუდული გაცნობოდა საქმეს და გადაეღო მისთვის საინტერესო დოკუმენტების ასლები. საქმის მასალებით არ დასტურდება სააგენტოსათვის საქმის გაცნობაში ან ასლების გადაღებაში სასამართლოს მხრიდან ხელის შეშლა. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმის მასალების ასლები გაეგზავნა მის მიერ პირველივე წერილობითი მოთხოვნის სასამართლოში წარდგენისას (ტ.2, ს.ფ. 92-931).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ვადის დარღვევით წარდგენის გამო სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 416-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.12.2019წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს.კ. 205035120) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე 30.06.2020წ. N03171 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე