№ბს-237(კ-20) 29 ივლისი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. ლ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 18 სექტემბერს ე. ლ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანების - ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის), მისი გათავისუფლების დღიდან აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის გათვალისწინებული ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ე. ლ-ა 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლის 30 ივნისიდან იგი დანიშნული იყო და მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის 40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამსახურის ...ის სამმართველოში განსაზღვრული იყო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 6 საშტატო ერთეული, საიდანაც 5 საშტატო ერთეული დატვირთული იყო ერთიდაიმავე ფუნქციებით, ხოლო 1 საშტატო ერთეულს განსაზღვრული ჰქონდა განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა და განსხვავებული იყო ასევე მისი თანამდებობრივი სარგო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 8 მაისის ბრძანებით საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა განხორციელებულიყო რეორგანიზაცია თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული ბრძანება იმავე დღეს გაეცნო მოსარჩელე ე. ლ-ას. ამასთან, 2018 წლის 4 ივლისს, მოსარჩელე ე. ლ-ას წერილობით ეცნობა რეორგანიზაციის შედეგად შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების გამო, თანამდებობიდან მისი შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც ნაცვლად ...ის სამმართველოსი, დადგინდა ...ის სამმართველო, სადაც განისაზღვრა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული მთლიანად შემცირდა.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებული ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმით განიმარტა, რომ ვინაიდან ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეულები და დეპარტამენტის ახალ საშტატო ნუსხაში აღარ იყო ე. ლ-ას კომპეტენციისა და იერარქიული რანგის/კატეგორიის ან მისი ტოლფასი საშტატო ერთეული, დარჩენილ მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულზე შეირჩა სხვა კანდიდატურა, რადგან იგი დატვირთული იქნა სხვა ფუნქციებით, კერძოდ ...ის ფუნქციით, რომლითაც არ იყო დატვირთული შემცირებული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის არცერთი საშტატო ერთეული, მათ შორის ის საშტატო ერთეული, რომელზეც ე. ლ-ა მუშაობდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოსარჩელე ე. ლ-ას მობილობის წესით სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში შესაბამის საშტატო ერთეულზე დანიშვნის მიზნით, წერილობით მიმართა საჯარო სამსახურის ბიუროს და შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს, თუმცა მისი მობილობის წესით სხვა თანამდებობაზე დანიშვნა ვერ განხორციელდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ 2018 წლის 8 აგვისტოს შტატების შემცირების საფუძვლით გამოსცა ბრძანება მოსარჩელე ე. ლ-ას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
ამრიგად, დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად პირის თანამდებობიდან გათავისუფლება, კანონის მიხედვით, მხოლოდ შესაბამისი საშტატო ერთეულის შემცირების შემთხვევაში იყო შესაძლებელი, ხოლო საშტატო ერთეულის შემცირება თავის მხრივ, გულისხმობდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვით აღჭურვილი საშტატო ერთეულის საერთოდ გაუქმებას, ისე რომ აღნიშნული ფუნქციები, თუნდაც სხვა დასახელების მქონე საშტატო ერთეულის ფუნქციებში არ ტრანსფორმირდებოდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ადმინისტრირების სამსახურის საავტომობილო გზების ექსპლუატაციისა და დაგეგმარების სამმართველოში, რეორგანიზაციის შედეგად, 6 ერთეულიდან 1-მდე შემცირდა კონკრეტული ფუნქციური დატვირთვის მქონე პროფესიული საჯარო მოხელის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე ე. ლ-ა მთლიანად შემცირდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული, რის გამოც იგი იმთავითვე სხვა საშტატო ერთეულს წარმოადგენდა. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მოცემულ შემთხვევაში, არსებითი დარღვევის გარეშე შეასრულა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის გარემოებები - დარჩენილ საშტატო ერთეულზე დასაქმებულთა დატოვების მიზნით, დარჩენილი საშტატო ერთეულის ფუნქციები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე ისეთ პირობებში იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, როდესაც იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც იგი მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღარ არსებობდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე და განმარტა, რომ ვინაიდან, კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებდა პირის დათხოვნის/გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, არ არსებობდა მოსარჩელე ე. ლ-ას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ან მის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი საფუძველი, ისევე როგორც არ არსებობდა მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით ე. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანების და რეორგანიზაციამდე არსებული 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანების, აგრეთვე მასში, 2018 წლის 2 აპრილს №40/ო ბრძანებით შეტანილი ცვლილებების ანალიზით ირკვევა, რომ რეორგანიზაცია არ შეხებია ...ის სამმართველოს, სადაც მოსარჩელე მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ სამმართველოს მხოლოდ სახელი შეეცვალა და სიტყვათა გადანაცვლების საფუძველზე, ...ის სამმართველო ეწოდა. ამასთან, მისი ფუნქციები როგორც რეორგანიზაციამდე არსებული დეპარტამენტის დებულების ახალ ანუ რეორგანიზაციის შემდგომ დამტკიცებული დებულებიდან ირკვევა არ შეცვლილა, ხოლო 9 საშტატო ერთეული შემცირდა 8 საშტატო ერთეულამდე. რაც შეეხება, კატეგორიებს - რეორგანიზაციამდე არსებული საშტატო ნუსხა მოიცავდა - 63 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და 74 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობას, ხოლო რეორგანიზაციის შემდეგ, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა დაიკავა 92 პირმა, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების რაოდენობა შემცირდა 30-მდე ანუ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა გაიზარდა 29 ერთეულით და ამ თანამდებობების დაკავება განხორციელდა ყოველგვარი კონკურსის გარეშე.
კასატორის აღნიშვნით, სწორედ ამ მიზნით მოხდა მოპასუხისგან დასაბუთების მოთხოვნა, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ის 8 პირი, რომლებმაც მოიპოვეს უპირატესი დარჩენის უფლება და მუშაობა გააგრძელეს ...ის სამმართველოში, როგორ მოხდა მათი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ - ჩვევების შეფასება, რა თანამდებობრივი ფუნქციები და სამსახურებრივი უფლება - მოვალეობები დაეკისრათ მათ და რის საფუძველზე ეთქვა უარი მოსარჩელეს.
კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია მოსარჩელის გათავისუფლების იმ საფუძვლებზე, რომლებიც მოსარჩელის ძმას უკავშირდება. ასევე მიუთითებს, რომ სასამართლო განხილვის საგანი არ გამხდარა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლებში აღნიშნული ნორმები (კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე, 34-ე, 35-ე, 47-ე, 48-ე, 49-ე და 52-ე მუხლების საფუძველზე განსაზღვრული წესი და პირობები თუ როგორ უნდა დაიკავოს მოხელემ რეორგანიზაციის შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობა) და მოსარჩელის მიერ მითითებული თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არაერთ საქმეზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 16 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. ლ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს - ე. ლ-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 8 აგვისტოს №... ბრძანების ბათილად ცნობაზე, სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საქმიანობა, ხოლო პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) არის პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონის 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 29 იანვრის №10/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აპრილის №40/ო ბრძანებით დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ...ის სამმართველოში განსაზღვრული იყო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სულ 6 საშტატო ერთეული, საიდანაც 5 საშტატო ერთეული დატვირთული იყო ერთიდაიმავე ფუნქციებით, ხოლო 1 საშტატო ერთეულს განსაზღვრული ჰქონდა განსხვავებული ფუნქციური დატვირთვა და განსხვავებული იყო ასევე მისი თანამდებობრივი სარგო.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №94/ო ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი საშტატო ნუსხა, რომლითაც ნაცვლად ...ის სამმართველოსი, დადგინდა ...ის სამმართველო, სადაც განისაზღვრა მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული, ხოლო ერთიდაიმავე ფუნქციური დატვირთვის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 5 საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო ე. ლ-ა მთლიანად შემცირდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ე. ლ-ას მიერ დაკავებული თანამდებობის - ...ის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობებს წარმოადგენდა: ...ი ...ის განხილვა; ...ის ...ა ... ...ი ...ის ...ის მომზადება; ...სა ... ...ის ...ის ...ად, ...ში ...ო ...ის ...დან ...ე, ... ...ა ...ბ ...ი ი...ის დამუშავება; ...ის ...ა ... წარდგენა; ...ო ...სა ... ...ი ...ი ...ის ...ო ...ის ...ბ ...ი ...ის დამუშავება და წარდგენა; სამსახურში ...ი ...ის ...ზე ...ის განხორციელება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 24 სექტემბრის №258 ბრძანებით დამტკიცდა დეპარტამენტის ...ის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №2-ის შესაბამისად, რომლითაც მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ფუნქცია მოვალეობები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სამმართველოში შესული ...ის განხილვა, საჭიროების შემთხვევაში ...ის ...ა ... ...ი ...ის ...ის მომზადება; ...ო ... ...ი ...ის ...ის ...ზე ...ი ...ა ...ის ...ა ...ის ...ი ...ა ... ...ი ...ის ...ით ...ი ...ისა ... ...ის ...ის ...ის ...ის ...ში მონაწილეობა; ...ში მონაწილეობა; ...ის მიღება, ...ა; სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომზადება და ...ი დამუშავება; ...ზე მუშაობა. სამმართელოს კომპეტენციის ფარგლებში ...თან ურთიერთობა; ხელმძღვანელის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დარჩენილი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულისაგან განსხვავებული ფუნქციებით იყო დატვირთული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეორგანიზაციის ფარგლებში, განსახორციელებელი ღონისძიებების შესრულების მიზნით, რეორგანიზაციაზე პასუხისმგებელ პირთა წინადადების 2018 წლის 4 ივლისის №2 ოქმის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განიმარტა, რომ დარჩენილი - მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეულზე, არსებული დამატებითი ფუნქციების გათვალისწინებით შეირჩა სხვა კანდიდატურა, ვინაიდან, ე. ლ-ას არ გააჩნდა ...ის ცოდნა და გამოცდილება.
ამასთან, კასატორის იმ პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ ...ის ჩატარება მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნას არ წარმოადგენდა, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შერჩეულ კანდიდატს კონკრეტულ სფეროში გააჩნდა დამატებითი ცოდნა/კვალიფიკაცია, რაც კანდიდატებს შორის კონკურენციის პროცესში მის უპირატესობაზე მიუთითებდა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას მისი სამსახურიდან გათავისუფლების, მისი ძმის პოლიტიკურ აქტივობასთან შესაძლო კავშირის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და არც კასატორის მიერ ყოფილა წარმოდგენილი, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოსარჩელის რეორგანიზაციის შედეგად, მისი შტატის გაუქმების გამო გათავისუფლება (შიდა და გარე მობილობის შეუძლებლობის გამო) აბსოლუტურად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ლ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე