საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-1198(კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
04.12.2018წ. პ. ჯ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 28 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა პ. ჯ-ის საკუთრების უფლება ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (,,...ი“). აღნიშნულ ქონებაზე 2010 წლის 4 მაისს გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N1 და 2010 წლის 10 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა საკუთრების უფლება.
2012 წლის 4 ნოემბერს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას წერილით მიმართა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ და მოითხოვა მის მიერ პ. ჯ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად ცნო მის მიერ მიღებული 2010 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, აშკარა უკანონობის ფაქტზე გაიმართა არაერთი სასამართლო დავა. ცაგერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესის დაცვით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში, მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, 2010 წლის 28 აპრილის N1 საოქმო გადაწყვეტილებისა და 2010 წლის 04 მაისის N1 საკუთრების უფლების მოწმობის კანონიერებასთან დაკავშირებით.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ 2018 წლის 18 ოქტომბერს კვლავ მიიღო მორიგი უკანონო გადაწყვეტილება პ. ჯ-ისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, რის გამოც მოითხოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილების, რომლითაც უარი ეთქვა პ. ჯ-ს ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში, მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ბათილად ცნობა და ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარება.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 11.120.2018წ. განჩინებით, ასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 25.02.2019წ. გადაწყვეტილებით პ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2018 წლის 18 ოქტომბრის N7 საოქმო გადაწყვეტილება. მოპასუხეს - ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი წესის დაცვით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 25.02.2019წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ჯ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინებით პ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ცაგერის რაიონული სასამართლოს 25.02.2019წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება არ არის სრულყოფილად შესწავლილი, გამოკვლეული და გაანალიზებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის დროს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა კომისიის მხრიდან იმ ფაქტობრივი გარემოებების ზუსტად განსაზღვრა და გაანალიზება, რომლებიც დაკავშირებული იყო პ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების სასარგებლო ან საწინააღმდეგო კონკრეტულ ფაქტორებთან. კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი, ასევე მიწის ნაკვეთზე პ. ჯ-ის საკუთრების აღიარების უფლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის (აშენებული) არსებობის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო 18.10.2018წ. №7 საოქმო გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ კონკრეტულად რა მტკიცებულებებს დაეყრდნო მოპასუხე და რის საფუძველზე გააკეთა დასკვნა, რომ პ. ჯ-ის მიერ 28.04.2010წ. წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (08.04.2010-21.07.2010წ. რედაქცია). ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლოს სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა გასაჩივრებულ აქტში მოცემული დასკვნა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას არ გაუსაჩივრებია ცაგერის რაიონული სასამართლოს 25.02.2019წ. გადაწყვეტილება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის ფარგლებს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ კომისიის 18.10.2018წ. N7 საოქმო გადაწყვეტილება მოკლებულია დასაბუთებას, იგი არ ემყარება ისეთ გარემოებას და არგუმენტს, რომელიც არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სააპელაციო პალატის განმარტებით, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ სადავო აქტით პ. ჯ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ პირობებში, როდესაც არც ამ აქტით და არც მანამდე გამოცემული რომელიმე სხვა აქტით არ არის გაუქმებული პ. ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის 28.04.2010წ. N1 საოქმო გადაწყვეტილება და 04.05.2010წ. N1 საკუთრების უფლების მოწმობა. პ. ჯ-ის სარჩელების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ მიღებული სასამართლოს არაერთი ზემოხსენებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, დამატებით შეესწავლა, რამდენად კანონიერად მოხდა კომისიის მიერ აღიარებული საკუთრების უფლების გაუქმება. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ კომისიამ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, სასამართლოს მითითებების შესრულების გზით უნდა დაადასტუროს მის მიერ გამოცემული 28.04.2010წ. N1 საოქმო გადაწყვეტილებისა და 04.05.2010წ. N1 საკუთრების უფლების მოწმობის კანონშესაბამისობა ან გააუქმოს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (არ შეიძლება პარალელურად არსებობდეს საკუთრების უფლების მოწმობა და გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ, ერთი და იმავე მიწის ნაკვეთზე).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ჯ-მა.
კასატორი მიუთითებს, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 01 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
კასატორის მითითებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე წარმოშობილ სამართლებრივ საკითხზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია, დაადასტუროს, რომ მართალია, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. №525 ბრძანებულების 2.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტად მოაზრებულ იქნა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლო აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები.
კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 06.04.2010წ. ჟახუნდრის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის №28 ცნობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პ. ჯ-ს აქვს მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს 1992 წლიდან. საყურადღებოა ასევე ის ფაქტი, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2016წ. გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული პოზიცია პ. ჯ-ზე საკუთრებაში აღიარებული მისი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაუკავებლობის შესახებ, რადგან აღნიშნული გარემოება კომისიის მხრიდან სადავო არ გამხდარა. ცალსახაა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე ბრძანებულება ითხოვს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით.
კასატორის განმარტებით, საკასაციო სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. „ლეგალიზაციას“ დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომლის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მტკიცება არ სჭირდება იმ ფაქტს, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობს მოსარჩელე, რასაც ასევე ადასტურებს შპს ,,ჯ...ის“ 25.07.2017წ. №2/329-17 წერილი.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 24.07.2019წ. განჩინებაში მიუთითა, რომ კომისიას უნდა შეესწავლა და გამოეკვლია მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების, მისი ფაქტობრივი მფლობელობის განხორციელების ფაქტი და მიწის ნაკვეთზე პ. ჯ-ის საკუთრების აღიარების უფლებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა ამ მიწის ნაკვეთზე არასაცხოვრებელი დანიშნულების (აშენებული) ნაგებობის არსებობის ფაქტი. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შემოწმებისა და შეფასების შემდეგ, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2019წ. განჩინების გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, საქმის ხელახალ განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.2019წ. განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
06.04.2010წ. პ. ჯ-მა განცხადებით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 500 კვ.მ. თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.04.2010წ. N1 საოქმო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ჯ-ის განცხადება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა და დადასტურდა 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე პ. ჯ-ის საკუთრების უფლება.
04.11.2012წ. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ წერილით მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს და მოითხოვა პ. ჯ-ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვა, იმ საფუძვლით, რომ პ. ჯ-ისათვის საკუთრებაში გადაცემული ნაკვეთი მდებარეობდა სახელმწიფო ტყის ფონდში და მისი განკარგვის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს გააჩნდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და 24.04.2012წ. გადაწყვეტილებით ბათილად ცნო მის მიერ მიღებული 28.03.2010წ. გადაწყვეტილება, იმ მოტივით, რომ პ. ჯ-მა საკითხის განხილვისას არ წარადგინა ცნობა, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფო ტყის ფონდისადმი კუთვნილების შესახებ.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 07.06.2016წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ. ჯ-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 12.11.2015წ. N7 საოქმო გადაწყვეტილება და აღდგენილ იქნა პ. ჯ-ის საკუთრება ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 463 მ2 მიწის ნაკვეთზე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 08.12.2016წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 12.11.2015წ. N7 საოქმო გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებულ იქნა 18.05.2017წ. N3 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც პ. ჯ-ს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პაატა ჯანხთელმა არაერთგზის გაასაჩივრა. მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 18.10.2018წ. N7 საოქმო გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2018წ. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.
საქმეს ერთვის სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 01.04.2015წ. N06/6304 წერილი, რომლითაც 1996 წლის ტყეთმოწყობის მასალებიდან გამომდინარე, სააგენტო ადასტურებს 463 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მდებარეობას ყოფილი ლენტეხის სატყეო მეურნეობის ლაშხეთის სატყეოში და აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 04.08.2011წ. N299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტყის ფონდს. სააგენტო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ არის დასაბუთებული აღნიშნული მიწის ნაკვეთის ტყის ფონდიდან ამორიცხვის აუცილებლობა. ამასთან, ფართობზე განთავსებულია შპს ,,ჯ...ის’’ კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, რაზედაც სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და შპს ,,ჯ...ს“ შორის გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება.
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 27.04.2017წ. წერილით ირკვევა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში (სოფელი ...ი) მდებარე 463 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) 1996 წლის ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე 2010 წლის 28 აპრილის მდგომარეობით მდებარეობდა სახელმწიფო ტყის ფონდში, ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენილის შესახებ’’ საქართველოს მთავობის 04.08.2011წ. N299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების კორექტირების შედეგად, დღეის მდგომარეობით მიწის ნაკვეთი მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში (შუაგულში) და მისი ამორიცხვა გამოიწვევს ტყის ფონდის ფართობის ფრაგმენტაციას, რაც გაართულებს ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას. სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად 463 კვ.მ ფართობის ტყის ფონდის საზღვრის კორექტირებას (ამორიცხვას).
საქმეში არსებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 13.04.2017წ. მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტით ირკვევა, რომ სოფელ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იცხრალის ე.წ. ,,...ზე’’ 463 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ჯ...ის, ...ის ანძებისა და ...ის პასიური ანტენის გარდა, არ არის განთავსებული რაიმე სახის შენობა-ნაგებობა. ამასთანავე, დღეის მდგომარეობით ტერიტორია არ არის შემოღობილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს ლენტეხის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 463 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ მიღებული უფლებაამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს არაერთი გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. ამასთან, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით, სასამართლომ ყველა შემთხვევაში (მათ შორის - განსახილველ საქმეზე სადავო 18.10.2018წ. N7 საოქმო გადაწყვეტილებასთან მიმართებაში) გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება - სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნო მოსარჩელის ინტერესში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებები და დაავალა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე და სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება. ამასთანავე, „..სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას..“ (სუს 19.10.2017წ. Nბს-329-327(2კ-17) განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს: სახეზეა თუ არა შესაბამისი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გარემოებათა გამოკვლევის საჭიროების ნაცვლად, თავად სასამართლოს მხრიდან ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებისა და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მატერიალური კანონიერების შემოწმების აუცილებლობა. ამასთან, გარდა იმისა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება სასამართლოს მხრიდან სადავო საკითხის მატერიალური კანონიერების შეფასების შეუძლებლობას უნდა დაუკავშირდეს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესაბამისი დავის სასამართლო წესით გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი. საქმის გონივრულ ვადაში, ეფექტიანად განხილვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. საქმის განხილვის ვადის გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის სირთულე, მოდავე მხარეების და შესაბამისი კომპეტენტური უწყებების ჩართულობა, ასევე საქმის განხილვის შედეგი დაინტერესებული მხარეებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებით დავის არაერთგზის გადაწყვეტა არ პასუხობს ზემოაღნიშნულ პრინციპებს, თუმცა მოპასუხის მხრიდან სადავო საკითხის ასკ-ის 32.4 მუხლით საფუძველზე გადაწყვეტასთან დაკავშირებით პრეტენზიის წარმოუდგენლობა, მხოლოდ ფიზიკური პირის საკასაციო საჩივრის არსებობის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერ უზრუნველყოფს საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და საკასაციო საჩივარს აქცევს არაპერსპექტიულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, პ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივლისის განჩინება;
3. ნ. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს პ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე 12.11.2019წ. N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. ქადაგიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე