კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-1090(კს-20) 19 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. პ-ოს კერძო საჩივრის (საჩივრის) დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ოფისი; მესამე პირები (სასკ-ის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით) - მ. ე-ა; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ა(ა)იპ ...).
2015 წლის 16 აპრილს მ. პ-ომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 8 იანვრის №... და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ხელვაჩაურში, სოფელ ...ში, მდებარე 500 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. პ-ოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით მ. პ-ოს სარჩელი, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ე-ი და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ივლისის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჩაბმის ნაწილში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, მ. პ-ოს სარჩელისა გამო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე, თანამოპასუხედ ჩაერთო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ ....
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. პ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. პ-ომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით მ. პ-ოს სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა ხარვეზზე და სააპელაციო საჩივრის ავტორს დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სახით წარდგენა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მ. პ-ოს სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინება საჩივრით, რომელიც თავისი არსით კერძო საჩივარს წარმოადგენს გაასაჩივრა მ. პ-ომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მ. პ-ოს კერძო საჩივრის (საჩივრის) გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინების ასლი მ. პ-ოს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2020 წლის 18 სექტემბერს მას პირადად ჩაბარდა (ტომი 4, ს.ფ. 189). ამდენად, მ. პ-ოს მიერ კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2020 წლის 19 სექტემბრიდან (კერძო საჩივრის ავტორის მიერ განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან) უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ომ გაუშვა კერძო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა მას 2020 წლის 30 სექტემბერს (ოთხშაბათს) ამოეწურა, ხოლო კერძო საჩივარი მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ... ფოსტის მეშვეობით 2020 წლის 2 ოქტომბერს ანუ ვადის დარღვევით წარადგინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. პ-ოს კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. პ-ოს კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე