საქმე №ბს-223 (გ-20) 23 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელის განსჯადობის თაობაზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს „...ს“ მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების დაკისრებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი და 492 მუხლი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დანაწესები. სარჩელი წარდგენილ იქნა როგორც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე განსჯადობით გადაეცა იმავე სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ს“ მიმართ დატოვებულ იქნა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ სარჩელი განეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინება და საქმე მოსამზადებელი ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეზე მიღებული, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით კი განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეცა საკასაციო სასამართლოს. სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36-ე მუხლის 13 მუხლზე და აღნიშნა, რომ დავის საგანი ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, რაც ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს არა კერძო-სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული, საჯარო კანონმდებლობიდან და მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებებს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადობა განსაზღვრავს სასამართლოთა შორის საქმეების განაწილების წესს, ანუ ადგენს, სასამართლოსადმი უწყებრივად დაქვემდებარებული საქმე კონკრეტულად რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს და გადაწყვეტოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს ქვემდებარე სამოქალაქო დავების კატეგორიებს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში უწყებრივად სასამართლოს ქვემდებარე ადმინისტრაციული დავების კატეგორიათა ჩამონათვალია მოცემული. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. თუმცა ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაშიც, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს არა მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებაც წარმოადგენს. კერძოდ, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილი უნდა იყოს საჯარო, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით მოწესრიგებული სამართალურთიერთობიდან. ამრიგად, თუკი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტი არის ადმინისტრაციული ორგანო და ამავდროულად ურთიერთობა საჯარო-სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო სასამართლო, მოცემული დავის სამართლებრივი ბუნების შეფასებისას, მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონიდან. დასახელებული კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების წინაპირობები: სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო; დავის საგანი ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დავალიანების დარიცხვა კი ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამრიგად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, აღნიშნული გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან და უკავშირდება მის გადაწყვეტას. ამდენად, პროცესის ეკონომიურობის, დავის სრულყოფილად განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპებიდან გამომდინარე, ორივე სასარჩელო მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს ერთად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ს“ მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე