საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-324(კს-20) 23 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ა-ე
თავდაპირველი მოპასუხე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ა-ემ 2017 წლის 17 მაისს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №44 დადგენილებისა და ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2018 წლის 6 აპრილის №02/80 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №44 დადგენილება და ქალაქ ბათუმის ვიცე-მერის 2018 წლის 6 აპრილის №02/80 ბრძანება. აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2020 წლის 28 იანვრიდან - გადაწყვეტილების მხარისთვის ჩაბარების მომენტიდან და ამოიწურა 2020 წლის 10 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი კი წარდგენილ იქნა 2020 წლის 18 თებერვალს, გასაჩივრების ვადის დარღვევით. სასამართლომ განმარტა, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეს, შესაბამისად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულო იყო ისეთივე ოდენობით, როგორც მისი წინამორბედისთვის. ამდენად, სასამართლოს აქტის ჩაუბარებლობის (გვიან ჩაბარების) მოტივით საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინება ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 25 დეკემბრის №1710 ბრძანებით დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია“ და დამტკიცდა ინსპექციის წესდება. ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ბათუმის ტერიტორიაზე მშენებლობის, ქალაქის იერსახის, რეკლამის, აბრის, გარევაჭრობის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე ინსპექტირებას. ინსპექცია წარმოადგენს მის დაფუძნებამდე არსებული, დასახელებული უფლებამოსილებების განმახორციელებელი ორგანოების უფლებამონაცვლეს, მათ შორის, სასამართლოში მიმდინარე დავებში.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2020 წლის იანვრის თვიდან ახლად დაფუძნებულ მუნიციპალურ ინსპექციაში დაიწყო თანამშრომელთა დანიშვნა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, შესყიდულ იქნა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მომსახურება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობდნენ მუნიციპალიტეტის მერიასა და მერიის დაფუძნებულ ორგანიზაციებში, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა გაეთიშათ 2020 წლის პირველი იანვრიდან და ისინი იანვრის თვეში პერიოდულად ჩაერთნენ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემაში. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო დავებზე სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები, მ. ა-ის საქმის ჩათვლით, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, როგორც უფლებამონაცვლეს, გადაეცა 2020 წლის 5 თებერვალს. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 18 თებერვალს გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე, 215-ე მუხლებზე მითითებით, მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს გასაჩივრების ვადის აღდგენა და საჩივრის განსახილველად მიღება, ვინაიდან, ფაქტობრივად, კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა ინსპექციას არ მიეცა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მას მხოლოდ 5 დღე ჰქონდა სააპელაციო საჩივრის წარსადგენად.
კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ მ. ა-ეს მშენებლობის ნაწილი განხორციელებული აქვს მომიჯნავე, მ. ა-ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) საზღვრებში, თუმცა ხსენებული მოქალაქე საქმის განხილვის პროცესში ჩართული არ ყოფილა, რაც მისი უფლებების დარღვევას იწვევს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს უალტერნატივოდ ავალებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას. სწორედ ამიტომ, საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებისა და გასაჩივრების ვადის დაცულობის საკითხის გამოკვლევისას ზუსტად უნდა განისაზღვროს საჩივრის წარდგენის ვადის ათვლის დაწყების მომენტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან. მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიას ჩაბარდა 2020 წლის 27 იანვარს. ამდენად, 2020 წლის 28 იანვრიდან დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა და დასრულდა იმავე წლის 10 თებერვალს. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა უნდა უზრუნველეყო 2020 წლის 10 თებერვლის 24:00 საათამდე, თუმცა სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2020 წლის 18 თებერვალს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
რაც შეეხება მხარის აპელირებას უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. ამრიგად, მართალია, ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას, როგორც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამონაცვლეს, წინამორბედის საქმეები (მათ შორის, მ. ა-ის საქმე) გადაეცა 2020 წლის 5 თებერვალს, თუმცა მოცემული გარემოება არ გულისხმობდა გასაჩივრების ვადის ათვლის თავიდან დაწყებას, რამეთუ უფლებამონაცვლეობისას წინამორბედის მიერ უკვე გაშვებული ვადაც მიიღება მხედველობაში და გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენას/გაგრძელებას კანონმდებელი იმპერატიულად გამორიცხავს. დამატებით საგულისხმოა, რომ კერძო საჩივრის ავტორს სადავო საქმის გადაცემის შემდეგაც ჰქონდა დარჩენილი ვადა (2020 წლის 5 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით) საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, თუმცა მან ეს შესაძლებლობა დროულად არ გამოიყენა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მესამე პირის უფლებების დარღვევაზე, საჩივრის წარდგენა პირად ინტერესსა და უფლებებს უკავშირდება და მხარე სხვა პირის უფლებების დასაცავად სარჩელის/საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილი არ არის, შესაბამისად, ინსპექციის მიერ გასაჩივრების ვადის აღდგენას სხვა პირის უფლებების დარღვევა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ გამოიწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას ქმნიდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე