Facebook Twitter

ბს-473(2კ-19) 17 სექტემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

პ. ჟ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2017წ. გადაწყვეტილებისა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 30.05.2018წ. ბრძანების ბათილად ცნობის, აგრეთვე სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქ., ავტოგასამართ სადგურ „...ს“ მოპირდაპირე მხარეს, ს.კ.:...) ...ოს მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს დადგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.06.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 30.05.2018წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2017წ. გადაწყვეტილება და არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ავტოგასამართ სადგურ „...ს“ მოპირდაპირე მხარეს (ს.კ.:...) ...ოს განთავსების მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ პ. ჟ-მა განცხადებით მიმართა სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, რაზეც სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2017წ. გადაწყვეტილებით ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, ნაკვეთს გააჩნია მაღალქანობიანი ჩამოყალიბებული რელიეფი და წარმოადგენს აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, გზის გაყოლებაზე არსებული ჩამოყალიბებული ხედვითი არეალით; ამასთან, აღნიშნული სარეკრეაციო ზოლი ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას, მშენებლობის წარმოების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას არსებულ ფერდობსა და საავტომობილო გზას. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო აქტი ეფუძნება მიზანშეწონილობის საკითხს, რაც წარმოშობს სასამართლოს ვალდებულებას, შეამოწმოს ორგანოს მოქმედების თავისუფლების ფარგლები. სააპელაციო პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე „სპორინგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, სასამართლომ უნდა შეაფასოს სამართლიანი ბალანსის არსებობა საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო სარგებლობს თავისუფლებით ქალაქმშენებლობითი პოლიტიკის წარმოებისას, თუმცა აუცილებელია ინტერესთა ბალანსის დაცვაზე კონტროლის შენარჩუნება, რაც შესაბამისობაში უნდა იყოს პირის საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებასთან. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკუთრების უფლება არ არის შეუზღუდავი, მას გააჩნია დიდი სოციალური დატვირთვა, რის გამო ხშირად თავს იჩენს კონფლიქტი კერძო და საჯარო ინტერესს შორის, რა დროსაც აუცილებელი ხდება გონივრული ბალანსის დაცვა.

სააპელაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების გათვალისწინებით აღნიშნა, რომ სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით წარმოადგენს არქიტექტურული-სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელ ერთადერთ ორგანოს და მას ქალაქმშენებლობის პოლიტიკასთან მიმართებით გააჩნია ფართო დისკრეცია, რაც გულისხმობს მის პასუხისმგებლობას იმოქმედოს და გადაწყვეტილება მიიღოს ქალაქის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ გამორიცხა მშენებლობის მიზანშეწონილობის განსაზღვრის პროცესში ქ. თბილისის მერიის უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ მიზანშეწონილობისა და საფრთხეების შეფასების ნაწილში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს სრული თავისუფლებით, თუმცა, რამდენადაც საკითხი შეეხება საკუთრების უფლების შეზღუდვას, აუცილებელია უარი ემყარებოდეს საფრთხეების დეტალურ ანალიზს და შესაბამისი სპეციალისტების დასკვნებს. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს მისი დასაბუთების ვალდებულებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი ინფორმაციული შინაარსის დოკუმენტი ან რაიმე მტკიცებულება, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლო შეაფასებდა უფლებრივი ბალანსის დაცვის, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ უნდა შემოიფარგლოს ზოგადი განმარტებებით და ყველა მისი არგუმენტი უნდა ეყრდნობოდეს სათანადო დასკვნებს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა იმ საფრთხის გამორიცხვას, რაც შესაძლოა აქტს წაეყენოს ინტერესთა დისბალანსის თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხის გადაწყვეტა ცალსახად მიეკუთვნება ქ. თბილისის მერიის (არქიტექტურის სამსახურის) კომპეტენციას, თუმცა, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ.

კასატორმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მასალების ქალაქმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობის შემოწმების შემდეგ, სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის პრინციპების შესაბამისად, არქიტექტურის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების დადგენის ან აღნიშნულზე უარის თქმის შესახებ. ქალაქმშენებლობითი თვალსაზრისით, არქიტექტურის სამსახურს კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების შემდგომ განსაზღვროს კონკრეტული სამშენებლო სამუშაოების მიზანშეწონილობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, მართალია ერთ მხარეს დგას კონკრეტული ფიზიკური პირის საკუთრების უფლება, თუმცა მეორე მხარეს არის საჯარო ინტერესი, რაც გამოიხატება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ერთიანი პოლიტიკისა და ქალაქის განაშენიანების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსლების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ აღნიშნულ ინტერესთა შეპირისპირება მოახდინა და გადაწყვიტა, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს საჯარო ინტერესს. არქიტექტურის სამსახურმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში იმსჯელა განსახილველ საკითხზე და მიიჩნია, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, ნაკვეთს გააჩნია მაღალქანობიანი ჩამოყალიბებული რელიეფი და წარმოადგენს აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, გზის გაყოლებაზე არსებული ჩამოყალიბებული ხედვითი არეალით; ამასთან, აღნიშნული სარეკრეაციო ზოლი ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას, მშენებლობის წარმოების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას არსებულ ფერდობსა და საავტომობილო გზას. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორი თვლის, რომ სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განჩინება ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ ბს-289-287(2კ-16)).

კასატორმა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ საქმის მასალები სრულად იყო გამოკვლეული. განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განპირობებული იყო იმ საფუძვლით, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, ნაკვეთს გააჩნია მაღალქანობიანი ჩამოყალიბებული რელიეფი და წარმოადგენს აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, გზის გაყოლებაზე არსებული ჩამოყალიბებული ხედვითი არეალით; ამასთან, აღნიშნული სარეკრეაციო ზოლი ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას, მშენებლობის წარმოების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას არსებულ ფერდობსა და საავტომობილო გზას. არქიტექტურის სამსახურის ნორმატიული ვალდებულებაა არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა, სამშენებლო მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების შედეგად. არ დასტურდება შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. ამასთანავე, ამჟამად მოქმედი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე ...ოს მშენებლობისთვის საჭიროა სპეციალური ზონალური შეთანხმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. მითითება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.11.2016წ. Nბს-289-287(2კ-16) გადაწყვეტილებაზე არ ასაბუთებს დივერგენციას, რადგან არსებითად არის განსხვავებული კასატორის მიერ მითითებული და განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები. კასატორის მიერ მითითებულ დავაში ნაკვეთი მდებარეობდა საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-ში და თავისი მდებარეობით, ფართობით, კონფიგურაციით და ქალაქმშენებლობითი პირობებით წარმომადგენდა იძულებით შეუსაბამო მიწის ნაკვეთს და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით მისი სამშენებლოდ განვითარება მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ფუნქციით დაუშვებელი იყო. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ განჩინებაში პალატამ ხაზი გაუსვა ადმინისტრაციული აქტის სათანადოდ დასაბუთების საჭიროებას, აღინიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას ზუსტი მითითებით, ამ ნაკვეთზე საერთოდ მშენებლობაა შეუძლებელი, თუ კონკრეტული სამშენებლო პროექტის განხორციელება. ამასთანავე, მიეთითა, რომ სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ ქმნის აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 22.12.2017წ. გადაწყვეტილების გამოცემისას მოქმედი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014წ. N20-104 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მიხედვით, სწორედ არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის მიზანს შეადგენდა ქალაქ თბილისში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება, თბილისის განვითარების კონცეფციის შემუშავება, მისი სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების თაობაზე, შესაბამისი კვლევების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება (მე-2 მუხ.), არქიტექტურის სამსახურის ფუნქცია იყო არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე, დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა (3.1 მუხ. „ა“, „ვ“ ქვ.პ.). საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა მოსაზრებას, რომ არქიტექტურის სამსახური თავისი ნორმატიულად განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გადაწყვეტილების მიღებისას გარდა კანონიერებისა ითვალისწინებს აგრეთვე მიზანშეწონილობის ასპექტებსაც, თუმცა საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხავს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და მიღებული გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთების ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტში პ. ჟ-ის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორია ხასიათდება მკვეთრად გამოხატული სარეკრეაციო მაჩვენებლებით, რომელიც არასოდეს ყოფილა განაშენიანებული, ნაკვეთს გააჩნია მაღალქანობიანი ჩამოყალიბებული რელიეფი და წარმოადგენს აქტიურად გამწვანებულ ტერიტორიას, გზის გაყოლებაზე არსებული ჩამოყალიბებული ხედვითი არეალით; ამასთან, აღნიშნული სარეკრეაციო ზოლი ასრულებს მნიშვნელოვან სარეკრეაციო და ნიადაგის დამჭერ ფუნქციას, მშენებლობის წარმოების შემთხვევაში შესაძლოა საფრთხე შეექმნას არსებულ ფერდობსა და საავტომობილო გზას. ამასთანავე, არც ერთი მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, გაურკვველია რას ეფუძნება სადავო აქტში ასახული დასკვნები. არც ადმინისტრაციული წარმოებისას და არც სასამართლო დავის განხილვისას ადმინისტრაციულ ორგანოებს არ მიუთითებიათ კონკრეტულ დოკუმენტაციაზე, სპეციალისტთა ახსნა-განმარტებებზე, საკითხის გამოკვლევის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, რამაც კონკრეტული დასკვნების გამოტანა განაპირობა.

საქმის მასალების მიხედვით სადავო აქტის გამოცემისას ტერიტორიას, რომელზეც პ. ჟ-ის მიწის ნაკვეთი მდებარეობს, მინიჭებული ჰქონდა სარეკრეაციო ზონა 3-ის სტატუსი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.05.2016წ. N14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქციის 1-ლი დანართის მე-9 პუნქტის მიხედვით სარეკრეაციო ზონა 3-ის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად დასაშვებ სახეობებს შორის სახელდებოდა ...ო. პ. ჟ-მა სამშენებლო გამოყენების პირობების დადგენა მოითხოვა სწორედ ...ოს მშენებლობის მიზნით. აღნიშნულის მიუხედავად პ. ჟ-ს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე ისე, რომ სათანადოდ არ დასაბუთდა მშენებლობის დაუშვებლობა, მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მიზანშეუწონლობა, კერძო ინტერესთან შედარებით საჯარო ინტერესის უპირატესობა. გასათვალისწინებელია, რომ 2003 წელს, ქ. თბილისის მთავრობამ ამჟამად პ. ჟ-ის საკურებაში არსებული ნაკვეთი ზ. ჭ-ესა და თ. კ-ეს მიჰყიდა ავტოსერვისისა და საზკვების ობიექტის მოსაწყობად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია კერძო საკუთრება შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას, თუმცა მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად დადგენილი საფუძვლით და მხოლოდ შესაბამისი მოცულობით. სათანადო ნორმატიული საფუძვლის არარსებობის პირობებში მიწის ნაკვეთზე მშენებლობის აკრძალვა ზღუდავს პ. ჟ-ის საკუთრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,სპორონგი და ლონორთი შვედეთის წინააღმდეგ“ აღინიშნა, რომ საკუთრების უფლება ფაქტობრივად ჩამორთმეულად შეიძლება ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახელმწიფო უარყოფს ქონების ექსპროპრიაციის ფაქტს და ქონების ფლობის სამართლებრივი უფლება ფორმალურად პირველად მესაკუთრეს რჩება, თუმცა მისით სარგებლობა შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებულია (§60,63).

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მათში ასახული მოსაზრებები არ არის სათანადოდ დასაბუთებული და არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებას, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების საფუძველს ქმნის. ამასთანავე, საკასაციო პალატა არ უარყოფს არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებას ქალაქმშენებლობით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ მიზანშეწონილობის ასპექტებიც.

ამდენად, კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.01.2019წ. განჩინება;

3. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (ს.კ. 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.03.2019წ. N00352 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე