Facebook Twitter

ბს-846(2კ-19) 17 სექტემბერი, 2020წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. გ-ამ 25.05.2016წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს მიმართ სააგენტოს თავმჯდომარის 09.10.2015წ. N1/1-4116 ბრძანებისა და სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 28.04.2016წ. N1-1/248 ბრძანების ბათილად ცნობის, ასევე სააგენტოსათვის ოზურგეთში, სოფელ ...ში მდებარე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვ. გ-ას კუთვნილი მიწის ნაკვეთის ზედდების ნაწილში სახელმწიფოს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.12.2016წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 28.04.2016წ. ბრძანება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათულად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.10.2015წ. N1/1-4116 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებად შეიძლება აღირიცხოს ადგილობრივი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მიწა იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ ირიცხება კერძო საკუთრებაში. ნებისმიერი მიწა, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე ან რომლის მიმართაც პირს არ გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი სამართლებრივი პრეტენზია, ითვლება სახელმწიფოს საკუთრებად. ამდენად, მსგავს შემთხვევებში ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება გამოიკვლიოს და გამორიცხოს კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე სხვისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან საკუთრების უფლების წარმომშობი საფუძვლების არსებობა. ამასთანავე, თუკი მოგვიანებით, სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ დადგინდება მესამე პირთა საკუთრების უფლებით დაცვის ღირსი ინტერესის შელახვის ფაქტი, კერძო პირთა უფლებების შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების შეცვლა, შესაბამის ნაწილში სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის უფლებამოსილი ორგანოსათვის წარდგენა უნდა ჩაითვალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვალდებულებად. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს სახელზე სადავო რეგისტრაციის განხორციელებისას მოსარჩელის საკუთრების უფლება რგისტრირებული არ იყო, მაგრამ აღნიშნული ავტომატურად არ გულისხმობს სახელმწიფოს რეგისტრაციის კანონიერებას. სადავო აქტების გამოცემისას არ გამოკვლეულა ნაკვეთზე უფლების მქონე პირთა არსებობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ არ დასტურდებოდა ვ. გ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მდებარეობა მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საზღვრებში. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სადავო ბრძანების გამოცემისას სრულად გაიზიარა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და უარი უთხრა განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა განისაზღვროს, რამდენად მოხდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია იმ უძრავ ქონებაზე, რომელზეც პრეტენზიას აცხადებს ვ. გ-ა და სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება უნდა მოხდეს უკეთუ მან გადაფარა სწორედ ის მიწის ნაკვეთი, რომლის მიმართაც ვ. გ-ას გააჩნია კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი - 02.08.1995წ. N530 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც, ოზურგეთის სოფელ ...ს საკრებულოს 30.03.1992 წ. დადგენილების საფუძველზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიამ ვ. გ-ას 0,5 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა, მათ შორის, „საკარმიდამო“ 0,33ჰა და 0,11ჰა მიწის ნაკვეთები, ასევე დამატებით გამოყოფილია 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი „...მა“. მოცემულ შემთხვევაში სადავოა სწორედ ეს უკანასკნელი, 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ასევე საგულისხმოა, რომ საქმეს ერთვის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით, ვ. გ-ას მიღება-ჩაბარების აქტზე ასახული მიწის ნაკვეთის გეგმაზე არსებული კონფიგურაცია, თანხვედრაშია საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გასაჩივრებული აქტებით ვ. გ-ას ისე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ სრულყოფილად გამოკვლეული და დასაბუთებული არ იქნა, თუ რატომ ჩათვალა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ ვ. გ-ას მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განაცხადით წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ საზღვრებში მდებარეობა არ დასტურდებოდა. ვ. გ-ას განცხადების განხილვისას დაცული არ ყოფილა წარმოების ჩატარებისათვის სზაკ-ით განსაზღვრული მოთხოვნები, ორგანოს არ გამოუკვლევია ვ. გ-ასთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ადმინისტრაციული ორგანოების მითითება, რომ ვ. გ-ას მიწის ნაკვეთს არ მოიცავს სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრრებული მიწის ნაკვეთი, არ არის დასაბუთებული, არ დგინდება ვ. გ-ასთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის სხვა ადგილზე მდებარეობაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისას მარეგისტრირებელ ორგანოში არ ფიქსირდებოდა ვ. გ-ას საკუთრების რეგისტრაცია, შესაბამისად, არ არსებობდა სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება. სასამართლომ ვ. გ-ას საკუთრების უფლება აღიარა შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული სახელმწიფოს რეგისტრაციის უკანონობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო არ უთითებს რა დამატებითი გარემოებები უნდა გამოეკვლია ორგანოს. სადავო აქტის მიღებამდე განხორციელდა ვ.გ-ას მიერ მითითებული ნაკვეთის ადგილზე დათვარიელება და დადგინდა, რომ ჩრდილოეთით ესაზღვრება ...ის ...ი, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთითა და დასავლეთით - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. დათვარიელებისას არ დადგინდა ვ. გ-ას მიწის ნაკვეთის კონკრეტულ ადგილზე მდებარეობა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა ნაკვეთის კონკრეტულ ადგილზე მდებარეობის შესახებ.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ არ დგინდება ვ. გ-ასთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის კონკრეტულ ადგილზე მდებარეობა. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ კონფიგურაციათა იგივეობა არ ადასტურებს ნაკვეთის კონკრეტულ ადგილზე მდებარეობას. სასამართლოს თავად უნდა გამოეკვლია ნაკვეთის მდებარეობა. კონფიგურაციათა იდენტურობა სადავო არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.) მართალია სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლევას საჭიროებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რიგი გარემოებები. საქმის მასალების მიხედვით, დგინდება, რომ სადავო აქტები ფაქტობრივად არ შეიცავენ რაიმე სახის დასაბუთებას. ერთადერთი დოკუმენტი, რომელსაც „მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილზე საკუთრების უფლებით მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და სხვა შენობა-ნაგებობების არასაცხოვრებელი ფართობის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კუთვნილების განსაზღვრის საკითხების განმხილველი კომისიის შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 16.10.2012წ. N1/1-90 ბრძანებით შექმნილი კომისია გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო ქონების ადგილზე დათვარიელების 23.07.2015წ. ოქმს, დამატებითი დოკუმენტაციის მოძიება, შესაბამისი პირების გამოკითხვა, სპეციალისტის მოწვევა ან სხვა რაიმე ქმედება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ვ. გ-ასთვის მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის მდებარეობის დადგენა კომისიას არ განუხორცელებია. აღნიშნული ოქმის დამტკიცების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 09.10.2015წ. N1/1-4116 ბრძანებაც არ შეიცავს რაიმე დამატებით დასაბუთებას. ამასთანავე, არც კომისიას და არც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ვ. გ-ასთვის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია.

საქმეში დაცულია 02.08.1995წ. N530 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით, ოზურგეთის სოფელ ...ს საკრებულოს 30.03.1992 წ. დადგენილების საფუძველზე, ოზურგეთის რაიონის სოფელ ...ს მიწის რეფორმის კომისიამ ვ. გ-ასთვის გამოყო 0,06 ჰა მიწის ნაკვეთი „...მა“. მიღება-ჩაბარების აქტზე თანდართულია ნაკვეთის კონფიგურაციის დამდგენი ნახაზი და მითითებულია ნაკვეთის მოსაზღვრეები. ამასთანავე, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირები: დ. მოისწრაფიშვილი და შ. -ე წერილობით ადასტურებენ, რომ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ...ს მცხოვრებ ვ. გ-ას (პ.ნ. ...) საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დანაკლისის შესავსებად 1995 წელს მიწის რეფორმის კომისიის მიერ მიეზომა 600 კვ.მ. მიწის ფართობი ...მა, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არის ზუსტად ის მიწის ნაკვეთი, რომელიც მითითებულია ვ. გ-ას მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და სამინისტროში წარდგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვით ნახაზზე. წერილობითი განცხადება დადასტურებულია ნოტარიალურად. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ადგილზე დათვარიელების ოქმზე, რომლის თანახმად, მიღება-ჩაბარების აქტზე თანადრთულ გეგმაზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია თანხვედრაშია საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზთან. ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ ვ.გ-ას დაინტერესებაში მყოფ მიწის ნაკვეთს ერთი მხრიდან ესაზღვრება ...ის ...ი. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ მოახდინეს აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასება, არ გამოკითხეს მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირები, სათანადოდ არ შეაფასეს მხარის ახსნა განმარტებები და სხვ., რამაც გამოიწვია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. ამასთანავე, ის გარემოება, რომ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას მიწის ნაკვეთის აზომვა არ გაკეთებულა ელექტრონულად, UTM პროექციაში, არ ადასტურებს ნაკვეთის მდებარეობის დადგენის შეუძლებლობას.

საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს სახელზე საკუთრების აღრიცხვისას ვ. გ-ას საკუთრება არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, რადგან დასტურდება, რომ ვ. გ-ას სახელზე გაცემულია უფლებადამდგენი დოკუმენტი - 02.08.1995წ. N530 მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ნამდვილობა კასატორების მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრება, რომ სახელმწიფოს საკუთრებად მიიჩნევა მიწა, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე ან რომლის მიმართაც პირს არ გააჩნია საკუთრების უფლების წარმომშობი სათანადო სამართლებრივი საფუძველი. დაუშვებელია სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვისას უგულებელყოფილ იქნეს საკუთრების უფლებაწარმომშობი დოკუმენტების მქონე პირის უფლებები, მით უფრო, რომ მოწინააღმდეგე მხარე ადმინისტრაციული ორგანოა. სზაკ-ის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებული იყო სრულად გამოეკვლია საქმის გარემოებები. ამასთანავე, მართალია კასატორები აღნიშნავენ, რომ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი ამ ტერიტორიაზე არ გადასცემია, თუმცა ვერ ასახელებენ ვ. გ-ასთვის გამოყოფილი ნაკვეთის კონკრეტულ მდებარეობას.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.02.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე