Facebook Twitter

ბს-1143 (2კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ამ 15.05.2019წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ. მ-ას შორის 10.02.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების (უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. N121, სართული 7, ფართი 55.30 კვ.მ.) და "სახელმწიფო ქონების და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულების ლ. მ-ას ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.05.2019წ. განჩინებით, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და გ. მ-ა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.2019წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ. მ-ას შორის 10.02.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. მ-ას ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და გ. მ-ას შორის 10.02.2009წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება ლ. მ-ას ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის 12.01.2009წ. N4 განკარგულებას და იგი სზაკ-ის 65-ე, 66-ე, 70-ე მუხლების, ასევე სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, შესაბამოსად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულება ლ. მ-ას ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.

კასატორმა - საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სადავო განკარგულების გამოცემა მოხდა ნორმატიულად განსაზღვრული პროცედურების დაცვით, რაც გამორიცხავს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. საქართველოს პრეზიდენტის 02.02.2009წ. N62 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული - ამავე განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცათ ხსენებულ დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს და მის ოჯახს. სადავო განკარგულებით განისაზღვრა ასევე საპრივატიზებო პირობები. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა იმ მისამართზე, რომლის პრივატიზებაც განხორციელდა, რაც დასტურდება საქმეში დაცული ლ. მ-ას განცხადებებით. ამდენად, ლ. მ-ა ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად წარმოადგენდა ერთ დევნილ ოჯახს, ხოლო დევნილთა შესახებ კანონმდებლობის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების სუბიექტს წარმოადგენს დევნილი ოჯახი და არა თითოეული დევნილი პირი ცალ-ცალკე. სამოქმედო გეგმის თანახმად, პრივატიზების ხელშეკრულებას ხელს აწერდა დევნილი ოჯახის ერთ-ერთი სრულუფლებიანი წევრი, რომელიც ვალდებულებას იღებდა საცხოვრებლით უზრუნველეყო ოჯახის დანარჩენი წევრები. შესაბამისად, პირი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში არასწორი ინფორმაციის შეტანისას განეცხადებინა დაუყოვნებლივ, რაც ამ შემთხვევაში არ განხორციელებულა. კასატორი უთითებს სკ-ის 130-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან სამინისტროს 2012 წლის წერილით და 2013 წლის დევნილის ანკეტით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა პრივატიზების პროცესის შესახებ. ამასთან, პრივატიზებას მოჰყვებოდა გასაცემი შემწეობის გაზრდა 22 ლარიდან 28 ლარამდე, შესაბამისად დევნილ პირს უნდა სცოდნოდა პრეზიდენტის განკარგულების გამოცემისა და ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებები ეფუძნება დევნილთა ნების და არჩევანის თავისუფლებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ დევნილი ოჯახი ნებაყოფლობით და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე იღებს ერთობლივ გადაწყვეტილებას სარგებლობაში არსებული ფართის დაკანონების თაობაზე, შესაბამისად ოჯახის სხვა წევრების ხელმოწერა ნასყიდობის ხელშკერულებაზე და მათი წერილობითი თანხმობა სავალდებულო არ არის. სადავო ხელშეკრულებით ლ. მ-ას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი, შესაბამისად სზაკ-ის 67-ე მუხლის დანაწესი წერილობით თანხმობასთან დაკავშირებით მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება. სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს პოზიცია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ ლ. მ-ა წარმოადგენს სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების მხარის - გ. მ-ას ოჯახის წევრს - შვილს. ამდენად, წარმოუდგენელია, რომ მოსარჩელეს არ სცოდნოდა გ. მ-ასა და სამინისტროს შორის 10.02.2009წ. გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ. ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით არ ყოფილა შეფასებული ასევე საქმეში დაცული დევნილის ანკეტა, რომლის მიხედვითაც ლ. მ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებით გადაცემული ფართის მისამართი - ქ. თბილისი, ...ის ქ. N121. ანკეტა შევსებულია 26.11.2013წ., რომელსაც ხელს აწერს თავად მოსარჩელე - ლ. მ-ა. ამდენად, სასამართლოს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2009 წლის 10 თებერვლიდან ან 2013 წლის 26 ნოემბრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ. მნიშვნელოვანია, მათი ნებაყოფლობითი და ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ სზაკ-ის 67.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოებს გააჩნდათ მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და მისგან თანხმობის მიღების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. არასწორია კასატორთა მოსაზრება ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის წერილობითი თანხმობის საჭიროების არარსებობის შესახებ, რადგან სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეს ერთმევა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანოსგან სხვა რაიმე კომპენსაციის და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება (2.5 პუნქტი), რაც სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელის უფლებების შეზღუდვას ადასტურებს და წარმოშობს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების დადებისას მისი წერილობითი თანხმობის წარდგენის საჭიროებას (სზაკ-ის 67.1 მუხ.).

დაუსაბუთებელია კასატორების მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან არ დგინდება ხელშეკრულების დადების ფაქტის და მისი შინაარსის შესახებ მოსარჩელისათის ინფორმაციის მიწოდების კონკრეტული პერიოდი. საქმეზე არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია კასატორების მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნულის გამო არსებობს განჩინების გაუქმების საფუძვლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე