ბს-1188 (კ-19) 17 სექტემბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს "...ომ" 12.04.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 12.01.2017წ. N04/1687 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა პაციენტ მ. ბ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ასევე შპს "...ოს" 17.01.2017წ. N45/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.03.2017წ. N04/18753 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.10.2017წ. გადაწყვეტილებით შპს "...ოს" სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 12.01.2017წ. N04/1687 გადაწყვეტილება პაციენტ მ. ბ-ისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი შპს "...ოს" 17.01.2017წ. N45/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 27.03.2017წ. N04/18753 გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. საოქმო განჩინებით შპს "...ოს" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს "...ი".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტი მ. ბ-ი შპს "...ში" მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონალური მომსახურების კომპონენტით, დიაგნოზით თავის ტვინის კომპრესია - G93.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) დიაგნოზი გადაცემულ იქნა იმავე სახით, რაც მითითებულია სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათში (ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (N...)).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ პაციენტი მ. ბ-ი არის "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის პირობებით მოსარგებლე. პაციენტი მკურნალობდა შპს "...ში" გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2016 წლის 06 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. კლინიკის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში გადმოცემულია დიაგნოზი G93.5 თავის ტვინის კომპრესია, ჩარევა: AASB00 ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის ისნპექტირებისას მიჩნეულ იქნა, რომ ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია არ განხორციელებულა. საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 15.2 მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევა, როდესაც შეტყობინების სისტემაში გადაცემული დიაგნოზი და მისი დაზუსტება და ჩარევა არ ემთხვევა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემთხვევას განესაზღცრა სტატუსი "არ ექვემდებარება ანაზღაურებას". სადავო აქტები გამოცემულია სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის საფუძველზე. ამდენად, გასაჩივრებული აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.09.2020წ. განჩინებით სს "...ის" უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს "ე...ი".
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.09.2020წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტი - მ. ბ-ი წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ მ. ბ-ი ჰოსპიტალიზირებულ იქნა შპს "...ში" 2016 წლის 06 ივნისიდან 2016 წლის 16 ივნისის ჩათვლით, დიაგნოზით თავის ტვინის კომპრესია - G93.5. 08.06.2016წ. პაციენტს ჩაუტარდა ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია (AASB00). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო შემთხვევების ელექტრონულ მოდულში (ელექტრონული ჯანდაცვა) შპს "...ოს" მიერ 16.06.2016წ. გადაცემული იქნა შეტყობინება N970970026 თავის ტვინის კომპრესია G93.5, ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია AASB00. მ. ბ-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ სამედიცინო დოკუმენტაციით ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია არ დადასტურდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში დაცულია სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი N..., ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა N..., წინასაოპერაციო ეპიკრიზი, ოპერაციის პროტოკოლი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული დიაგნოზის ფარგლებში განხორციელდა კონკრეტული ჩარევა, კერძოდ ქალასშიდა დაზიანების ექსტირპაცია, აღნიშნულს ასევე ადასტურებს საქმეში დაცული ...ა ასოციაციის ...ის ნ. ტ-ის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით თავის ტვინის კომპრესიის გამო პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამდენად, არ დასტურდება კლინიკის მიერ სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის მოდულში სამედიცინო დოკუმენტაციისაგან განსხვავებული ინფორმაციის გადაცემა, ამასთანავე, კლინიკის მიერ დაცულია საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების 11.1 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებულია შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად. საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ფორმალურად არ უნდა უდგებოდეს საკითხის განხილვას, პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტებში და საკასაციო საჩივარში ჩამოყალიბებული პოზიცია დაუსაბუთებელია და არ ემყარება კონკრეტულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. N36 დადგენილების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლის) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.02.2019წ. განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ს/კ 202178927) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2019წ. N38233 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე