საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-310(კს-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. რ-ი (ზ. რ-ის უფლებამონაცვლე)
მესამე პირი - შპს „...“
დავის საგანი - ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. რ-მა 2013 წლის 7 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ამავე სამინისტროს 2013 წლის 4 ოქტომბრის №1-1/284 ბრძანებისა და სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2011 წლის 11 ოქტომბრის №05/22955 წერილის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. რ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. რ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2013 წლის 4 ოქტომბრის №1-1/284 ბრძანება და სამინისტროს დაევალა, საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე, ზ. რ-ის საჩივართან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 400 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შპს „...-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის №ბს-635-631(2კ-17) განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „...-ის“ საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე 2019 წლის 26 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად დაფიქსირებულია ზ. რ-ი.
2019 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. რ-მა, რომელმაც ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა. განცხადების მიხედვით, ვერ მოხდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ზ. რ-ის გარდაცვალების გამო.
განცხადებას თან ერთვოდა გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი, ზ. რ-ის გარდაცვალების მოწმობა და სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ ზ. რ-ის სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) - ნ. რ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დადგინდა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე გაცემულ უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის ზ. რ-ის უფლებამონაცვლე პირის - ნ. რ-ის სასარგებლოდ. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლებზე, საქმეში წარდგენილ სამკვიდრო მოწმობაზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან ნ. რ-ის უფლებამონაცვლეობა ზ. რ-ის მიმართ ნათელია, მის სასარგებლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე უნდა გაიცეს ახალი სააღსრულებო ფურცელი.
ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს უნდა შეეფასებინა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესაძლებლობა აღსრულებული გადაწყვეტილების მიმართ, ვინაიდან უფლებამონაცვლეობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
კერძო საჩივრის თანახმად, კონკრეტულ შემთვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს 2018 წლის 2 ივლისის №1-1/336 ბრძანებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზ. რ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/122 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ზ. რ-ის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და სამინისტროს 2011 წლის 11 ოქტომბრის №05/22955 მიმართვისა და 2019 წლის 14 მარტის №1-1/122 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ოქტომბრის №3/7889-18 განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულება აღსრულებულია, რაც ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ახალი უფლებამოსილი პირის განსაზღვრის შესაძლებლობას გამორიცხავს და მხარისთვის სამართლებრივი შედეგის მომტანი ვერ იქნება.
კერძო საჩივარს თან ერთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/122 ბრძანება, რომელიც გამოცემულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის კანონიერება მოსარჩელის უფლებამონაცვლის მიმართ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 24-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მხარეთა ცვლილება, დავის კატეგორიისა და სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, შეიძლება გახდეს საქმეში უფლებამონაცვლის დადგენის წინაპირობა. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ განსახილველ სამართალურთიერთობაში დასაშვები იყო უფლებამონაცვლეობა. ამასთანავე, სადავო ურთიერთობის ხასიათის გარდა, უფლებამონაცვლეობის დადგენა დამოკიდებულია იმ ფაქტის განსაზღვრაზე, ხომ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული. კერძოდ, კანონმდებლის მიერ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამონაცვლეობის დაშვება გულისხმობს უფლებამონაცვლის განსაზღვრის შესაძლებლობას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართაც კი, თუმცა მხოლოდ ამავე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღსრულებული გადაწყვეტილების მიმართ უფლებამონაცვლეობის დადგენა არ ხდება, რამეთუ უფლებამონაცვლე ვერ მოითხოვს უკვე აღსრულებული გადაწყვეტილების ხელმეორედ აღსრულებას, ან მას ვერ დაეკისრება უკვე აღსრულებული გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულების ხელმეორედ შესრულება.
სადავო შემთხვევაში, უფლებამონაცვლის განსაზღვრა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოხდა სწორედ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. ასევე, 2018 წლის 10 იანვრის სამკვიდრო მოწმობით უდავოდ დადგენილია, რომ სწორედ ნ. რ-მა მიიღო ზ. რ-ის სამკვიდრო. შესაბამისად, მოცემულ საქმეში ნ. რ-ის უფლებამონაცვლეობა ნათელია. კერძო საჩივრის ავტორი უფლებამონაცვლის დადგენასა და მის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემას არ ეთანხმება მხოლოდ ერთადერთი საფუძვლით - იგი მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია.
საკასაციო სასამართლო, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის შესწავლისას, ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება.
საგულისხმოა, რომ ნ. რ-მა ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაში ხაზი გაუსვა სწორედ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის მიუღებლობას. კერძო საჩივრის ავტორი კი სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით არაფერს განმარტავს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელისთვის 400 ლარის გადახდა დადასტურდებოდა. ამდენად, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დაკისრების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება არ დგინდება. შესაბამისად, მოთხოვნის მოცემულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულად ვერ ჩაითვლება.
რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, მართალია, კერძო საჩივარს თან ერთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/122 ბრძანება, თუმცა საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი უნდა დადასტურდეს სათანადო წესით, მათ შორის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებათა იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი ორგანოს, გაცემული ინფორმაციით. ამასთანავე, გადაწყვეტილების ჯეროვნად აღსრულების საკითხი სასამართლოში დამოუკიდებელი დავის საგანი შეიძლება გახდეს. მოცემული დავის ფარგლებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს და განმარტოს, რამდენად წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 14 მარტის №1-1/122 ბრძანება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემულ აქტს; მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნ. რ-მა წარმოადგინა სააღსრულებო ფურცლის დედანი, რაც მოწმობს, რომ საქმეზე იძულებითი აღსრულება არ განხორციელებულა.
საგულისხმოა, ასევე, რომ ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა ვერ ხელყოფს სამინისტროს უფლებებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგინდება, რომ მას უკვე ნებაყოფლობით აქვს შესრულებული სასამართლოს დავალება, რადგან აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებითი აღსრულების ფარგლებში დეტალურად და სრულად სწავლობს აღნიშნულ საკითხს, თავდაპირველად სწორედ ნებაყოფლობითი შესრულებისთვის განუსაზღვრავს ვადას მოვალეს. ამდენად, აღსრულებული აქტის მეორედ იძულებით აღსრულება არ უნდა განხორციელდეს. მხარემ იძულებითი აღსრულების ფარგლებში უნდა დაამტკიცოს, რომ უკვე შეასრულა სასამართლოს მითითებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი შესაბისი წესით - სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს (სააღსრულებო ბიუროს) ინფორმაციით არ დასტურდება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში - კერძო საჩივრის ავტორიც არ მიუთითებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე, სასამართლო უფლებამოსილი იყო, დაედგინა უფლებამონაცვლე და მის მიმართ ახალი სააღსრულებო ფურცელი გაეცა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 64-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 3 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე