საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-377(კ-20) 7 ოქტომბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მესამე პირი) - უ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნ. ბ-ე, მ. ფ-ი
მოპასუხეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური - კახეთის რეგიონული ოფისი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ბ-ემ და ა. ფ-მა 2016 წლის 3 აგვისტოს სარჩელით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის - კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 4 დეკემბრის №... და 2016 წლის 20 მაისის №..., ამავე სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 11 აპრილის №... და №..., 12 აპრილის №..., 13 მაისის №..., №... და №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელეების სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციისა და შესაბამისი ამონაწერების მომზადების დავალება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება უ. კ-ი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ისა და ა. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 4 დეკემბრის №... გადაწყვეტილება უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) უ. კ-ის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აპრილის №... და №..., 2016 წლის 12 აპრილის №..., 2016 წლის 13 მაისის №..., №... და №..., 2016 წლის 20 მაისის №... გადაწყვეტილებები; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურს - კახეთის რეგიონულ ოფისს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება უ. კ-მა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონულმა ოფისმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, უ. კ-ის სააპელაციო საჩივარი კი მიღებულ იქნა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ა. ფ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა მ. ფ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინებით უ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული განჩინება უ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საკასაციო საჩივრის მიხედვით, საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. წ-მა განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი ერთ კომლად ჰქონდათ მიღებული უ. კ-ს, მის შვილს და მის დედას. მოწმემ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთის გადაცემამდე, ადგილზე შეადგინა ნახაზი, თუმცა მისთვის უცნობია, სად ინახება ეს ნახაზი. მოწმემ დაადასტურა უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა, ნ. ბ-ის მიწის ნაკვეთი კი სადავო ნაკვეთისგან შორს მდებარეობს. საკადასტრო რუკით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 მარტის ელექტრონული წიგნის მონაცემებითა და №... წერილით კი დასტურდება, რომ მ. ფ-ის საინდეტიფიკაციო მონაცემები სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში დაცული არ არის.
კასატორი, უფლების დამდგენ დოკუმენტთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ იხელმძღვანელა სიღნაღის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 5 ოქტომბრის დადგენილებით, რამეთუ დოკუმენტის სიყალბე შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო დასკვნის საფუძველზე უნდა შეფასდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ უ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე უ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, მოსარჩელეების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების საფუძველზე.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება მისი საკუთრების უფლების არსებობა კონკრეტულ უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკუთრების უფლების რეგისტრაცია სწორედ უფლების წარმომშობი სათანადო დოკუმენტის საფუძველზე და მის შესაბამისად უნდა განახორციელოს. ამასთანავე, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა სარეგისტრაციო სამსახური პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამრიგად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს არა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, არამედ - მასთან რეგისტრირებული მონაცემები და დაცული ინფორმაციაც, რათა, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ სათანადო საფუძვლით განხორციელდეს, მეორე მხრივ კი, გამოირიცხოს სხვისი საკუთრების უფლების ხელყოფა და საკადასტრო მონაცემების ზედდება.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ. ბ-ესა და ა. ფ-ს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტებაზე უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა უ. კ-ის სახელზე რეგისტრირებული, მომიჯნავე ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) საზღვრებში.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ უ. კ-ის სახელზე სადავო ნივთის რეგისტრაციის მომენტისთვის (2015წ.), მიწის ნაკვეთი უკვე იყო სისტემური რეგისტაციის სახით რეგისტრირებული მოსარჩელეების სახელზე (2000წ.). ამდენად, მიწის ნაკვეთთა ზედდების საკითხი მარეგისტრირებელ ორგანოს სწორედ აღნიშნული, პირველი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოეკვლია და გამოერიცხა უ. კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ისეთ უძრავ ნივთზე, რომელიც უკვე იყო სხვა პირთა სახელზე რეგისტრირებული, თუნდაც დაუზუსტებელი მონაცემებით. საყურადღებოა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გადაფარვასთან დაკავშირებით საქმეზე №ბს-367-363(კ-12)) და განმარტა, რომ „პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია... საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა... საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი... უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარეთა მიერ წარდგენილია უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (საგადასახადო სიები, მიღება-ჩაბარების აქტი), საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ზუსტად მოახდინოს იმ ქონების იდენტიფიკაცია, რომელიც კონკრეტული უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე კონკრეტულ პირს ეკუთვნის, უნდა განსაზღვროს მხარეთა საკუთრების ადგილმდებარეობა, კოორდინატები, კონფიგურაცია და საზღვრები. მოცემული გარემოებები კი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სათანადოდ არ გამოუკვლევია. აღნიშნულ ვითარებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მესამე პირის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობა არ დასტურდება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მესამე პირის უფლების დამდგენი დოკუმენტის ნამდვილობაც საეჭვოა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა მართებულად იქნა გადაწყვეტილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან სადავო საკითხი საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალ სრულყოფილ შესწავლას. ამრიგად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. უ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. კასატორს - უ. კ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს 2020 წლის 6 ივლისის №1 საგადასახადო დავალებით ნ. გ-ის (პ/ნ ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე