Facebook Twitter

საქმე #ბს-756(კ-20) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 29 აგვისტოს მ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან არის აფხაზეთიდან დევნილი და უსახლკარო. მას ჰყავს მეუღლე - ა. ს-ი და სამი შვილი - ა., ნ. და მ. რ-ეები. მისი მითითებით, 2008 წლის 9 აგვისტოს შემდგომ, ისევე როგორც ყველა დევნილი, მოხვდა ქ. თბილისში, ...ის #8-ში. მოგვიანებით, იგი მითითებული ბინიდან გამოასახლეს. მოსარჩელის აღნიშვნით, ამის შემდგომ მას დაკავებული ჰქონდა ქ. თბილისში, ...ის ქ. #101-ში მდებარე ბინა, თუმცა მესაკუთრის მოთხოვნით, იგი აღნიშნული ბინიდანაც გამოასახლეს.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლიდან 2011 წლამდე მისი შვილები სწავლობდნენ თბილისში. ამასთან, იგი მუშაობდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, თუმცა ...ის ქუჩაზე არსებული ბინიდან გამოასახლების გამო, მას ორი შვილის ...აში გაგზავნა მოუწია. მოსარჩელის მითითებით, იგი ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ...ის ქ. #12, ბინა #38-ში. მისი შვილები სწავლობენ #...-ე საჯარო სკოლაში.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ აღასრულა სასამართლო გადაწყვეტილება და 2019 წლის 1 აგვისტოს #04/41322 ადმინისტრაციული აქტით კვლავ უარი უთხრა მოსარჩელეს ბინით უზრუნველყოფაზე.

ამდენად, მოსარჩელემ მ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #04/41322 წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ქ. თბილისში უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადების განხილვის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ა. ს-ი, ა. რ-ე, ნ. რ-ე, მ. რ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #04/41322 წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე მ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე და მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მოსარჩელე მ. რ-ის განცხადება, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ქ. თბილისში უზრუნველყოფის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ #1 დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ 2008 წელს ქალაქ თბილისში მოსარჩელის რეგისტრაცია, რომელიც განახორციელა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ვერ გახდებოდა ქალაქ თბილისში მისი საცხოვრებლით დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რადგან ამ რეგისტრაციას სხვა დანიშნულება გააჩნდა.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრულია - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა. აღნიშნული სააგენტო აწარმოებს ქვეყანაში სამოქალაქო რეესტრს, რაც ამავე კანონის 41 მუხლის მიხედვით არის - საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

სააპელაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს დევნილი ოჯახების აღწერას და რეგისტრაციას მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, უარყოფითად ვერ იმოქმედებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაზე, განახორციელოს კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - ფიზიკური პირების, მათ შორის დევნილების რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ ქ. თბილისში რეგისტრაციის არსებობა, რაც დასტურდებოდა იუსტიციის სამინისტროს ბაზაში ასახული ინფორმაციით, მ. რ-ეს და მის ოჯახს ანიჭებდა უფლებას მოეთხოვათ ქ. თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მიბმული იყო დევნილი ოჯახების ქ. თბილისში რეგისტრაციის არსებობის დადასტურებასთან 2013 წლის 1 ივნისამდე, რაც მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ დასტურდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააგენტოს გააჩნია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზა, რომელიც მხოლოდ დევნილთა შესახებ სხვადასხვა მონაცემს ინახავს, მათ შორის, პირის დევნილობის დროს არჩეულ დროებითი საცხოვრებელი ადგილის იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს. კასატორის აღნიშვნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირს არეგისტრირებს მხოლოდ ერთ მისამართზე და არ უთითებს აღნიშნული მისამართი დროებითია თუ მუდმივი, სერვისების განვითარების სააგენტოში მოსარჩელე რეგისტრირებულია მის მუდმივ საცხოვრებელზე, რომელიც 1993 წლიდან ოკუპირებულია და იქიდან დევნილი მოსახლეობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა განსახლებული. კასატორის მოსაზრებით, იმისათვის, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს დევნილთა დროებით საცხოვრებელი ადგილის შესახებ მონაცემები, აუცილებელია მათი აღრიცხვა. სწორედ ამ მიზნით არის დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილის დროებით, როგორც იურიდიული ასევე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში რეგისტრირებულია ყველა მოქალაქე, ხოლო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზა მოიცავს მხოლოდ დევნილის სტატუსის მატარებელ პირთა შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს უკანასკნელი წარმოადგენს დევნილის მარეგისტრირებელ ერთადერთ ორგანოს. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ორ უწყებაში არსებული დამოუკიდებელი, თვისობრივად განსხვავებული მონაცემთა ბაზის ურთიერთშედარება შეუძლებელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოება, რის შედეგადაც მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს #04/41322 წერილობითი მიმართვის კანონიერება და მოპასუხისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მ. რ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით ქ. თბილისში უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის განცხადების განხილვის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ. რ-ე და მესამე პირები - ა. რ-ე, ნ. რ-ე, მ. რ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის #05-01/06/18535 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე მ. რ-ის ოჯახისათვის ბინის დაქირავების მიზნით, ფინანსურ უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ და იმავე სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდგომ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის ოჯახთან მიმართებით.

თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ წერილობით მიმართა მოსარჩელე მ. რ-ეს და განუმარტა, რომ იგი 2013 წლის 1 ივნისამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამის ბაზაში არ იყო აღრიცხული თბილისში რეგისტრირებულად, რის გამოც უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებლით თბილისში უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განხილვაზე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 3 ნოემბრის ცნობით, მოსარჩელე მ. რ-ე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაცემთა ბაზაში, 2008 წლის 9 აგვისტოდან დღემდე რეგისტრირებულია ქ. თბილისში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. ამავე კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ #1 დანართის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან ის დევნილი ოჯახები, რომელნიც 2013 წლის 1 ივნისამდე დარეგისტრირდნენ ქ. თბილისში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა. აღნიშნული სააგენტო აწარმოებს ქვეყანაში სამოქალაქო რეესტრს, რაც ამავე კანონის 41 მუხლის მიხედვით არის - საქართველოს მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ ის გარემოება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს დევნილი ოჯახების აღწერას და რეგისტრაციას მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, უარყოფითად ვერ იმოქმედებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციაზე, განახორციელოს კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - ფიზიკური პირების, მათ შორის დევნილების რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ქალაქ თბილისში რეგისტრაციის არსებობა, რაც დასტურდება იუსტიციის სამინისტროს ბაზაში ასახული ინფორმაციით, მ. რ-ეს და მის ოჯახს ანიჭებს უფლებას მოითხოვონ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მიხედვით, ქ. თბილისში, ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ან რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მიბმულია დევნილი ოჯახების 2013 წლის 1 ივნისამდე ქ. თბილისში რეგისტრაციის ფაქტის არსებობასთან, რაც მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ უტყუარად დასტურდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე