საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-319(კ-20) 15 ივლისი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თ. ა-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხი.
სასამართლომ გამოარკვია:
თ. ა-მა 2017 წლის 31 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15717 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და 2017 წლის 1 აგვისტოს №05-01/06/19535 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ამავე სამინისტროს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ა-ის ოჯახის განსახლების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 15 ივნისის №03-01/03/15717 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და 2017 წლის 1 აგვისტოს №05-01/06/19535 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კი დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ. ა-ის ოჯახის განსახლების მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 5 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განსახილველ საქმეზე, 2020 წლის 19 ივნისს საკასაციო შესაგებელი წარმოადგინა მ. გ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ თ. ა-ი 2019 წლის 4 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო მისი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო მ. გ-ამ. მანვე იშუამდგომლა თ. ა-ის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
საკასაციო შესაგებელს თან ერთვის თ. ა-ის გარდაცვალების მოწმობა და 2019 წლის 9 ოქტომბრის №... სამკვიდრო მოწმობა. სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ თ. ა-ის მთელი სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილმა) - მ. გ-ამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ თ. ა-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველს სადავო ურთიერთობიდან გამომდინარე მატერიალურ სამართალში უფლებამონაცვლეობის დაშვების შესაძლებლობა ქმნის. თუკი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები ითვალისწინებს სამართლებრივ ურთიერთობაში სუბიექტის შეცვლას, ახალ სუბიექტზე უფლება-მოვალეობების გადასვლის თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი განიხილება სამართლებრივი ურთიერთობიდან გასული პირის უფლებამონაცვლედ. შესაბამისად, თუკი დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, იგი ასევე დაუშვებელია საპროცესო სამართალშიც. ამრიგად, უფლებამონაცვლეობის საკითხის გადაწყვეტისას, პირველ ყოვლისა, უნდა შეფასდეს სასარჩელო მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები და სადავო ურთიერთობის თავისებურებანი.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი მიზნად ისახავს ეკომიგრანტის სტატუსიდან გამომდინარე უფლებების რეალიზაციას. კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მეწყრული მოვლენების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული მოსახლეობის მდგომარეობის ადგილზე შეფასების მიზნით შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ...ის თემში რიგი ოჯახები, მათ შორის, თ. ა-ის ოჯახი ექვემდებარებოდა მდგრად ადგილზე გადაყვანას. ამდენად, უდავოა, რომ თ. ა-ი სარგებლობდა ეკომიგრანტის სტატუსით და მასზე ვრცელდებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის, განსახლების კრიტერიუმების, ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოების წესით“ გათვალისწინებული სოციალური გარანტიები, მათ შორის, მას ჰქონდა განსახლების უფლება. ამასთან, მოსარჩელის - თ. ა-ის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ მ. გ-ას (შვილი) მიჩნევის საკითხის განხილვისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ იმავე ნორმატიული აქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო უძრავ ნივთს საკუთრებაში გადასცემდა ეკომიგრანტ ოჯახს, რომელიც იმავე წესის №1 დანართით დამტკიცებული „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის“ პირველი მუხლის მესამე პუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, არის განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი) და ცხოვრობენ ან ცხოვრობდნენ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობაში/სახლში ან ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფების ან/და ასეთი რისკების ზონაში. ამრიგად, თ. ა-ს განსახლების მოთხოვნის უფლება ჰქონდა მისი ეკომიგრანტის სტატუსიდან გამომდინარე, რადგან იყო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მისი სახლი მდებარეობდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ადგილას. შესაბამისად, თ. ა-ის მოთხოვნის უფლება წარმოშობილი იყო სახელმწიფოს მიერ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე ნების გამოხატვის საფუძველზე. სახელმწიფოს მიზანი კი იმ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის, რომელთაც გააჩნიათ ეკომიგრანტის სტატუსი. სწორედ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლებისა და ეკომიგრანტის სტატუსის თავისებურებების გათვალისწინებით, პირს, რომელიც არ არის ასეთი სტატუსის მატარებელი, არ გააჩნია საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება. მხოლოდ ეკომიგრანტის სტატუსის მქონე პირს აქვს საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება. კანონმდებლობა აღნიშნული წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი თავისებურება განასხვავებს სადავო სამართალურთიერთობას სხვა ურთიერთობებისგან, მათ შორის, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობისგან. სადავო შემთხვევაში მოთხოვნის უფლება პირდაპირ და უშუალოდ არის დაკავშირებული კონკრეტულ სუბიექტთან, მის სტატუსთან. სწორედ ამიტომ, ეკომიგრანტის გარდაცვალების შემთხვევაში შეუძლებელია იგი ჩაანაცვლოს სხვა პირმა, რადგან მოთხოვნის უფლება წარმოშობილია მოსარჩელის მახასიათებლებიდან - სპეციალური სტატუსის ქონიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, ვინაიდან სადავო ურთიერთობაში განმსაზღვრელია სტატუსის ქონა, მხოლოდ ეკომიგრანტს გადაეცემა საკუთრებაში უძრავი ნივთი, პირის მემკვიდრის საქმეში უფლებამონაცვლედ ცნობა მაინც ვერ იქნება მხარისთვის შედეგის მომტანი, რადგან უფლებამონაცვლეს ბინა საკუთრებაში ვერ გადაეცემა შესაბამისი სტატუსის არქონის გამო. დადგენილია, რომ მოსარჩელის შვილი - მ. გ-ა ასეთი სტატუსით არ სარგებლობს. შესაბამისად, მოცემულ საქმეში მისი უფლებამონაცვლედ ცნობა ვერ მოხდება. თუ მ. გ-ა დააკმაყოფილებს ნორმატიულად განსაზღვრულ წინაპირობებს და მოიპოვებს ეკომიგრანტის სტატუსს, მას წარმოეშობა შესაბამისი უფლებები და შეეძლება, დამოუკიდებლად მიმართოს სააგენტოს ეკომიგრანტის უფლებების რეალიზაციისთვის.
რაც შეეხება მ. გ-ას, როგორც ეკომიგრანტის მემკვიდრის, უფლებებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1330-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის პირადი ხასიათის ქონებრივი უფლება-მოვალეობები, რომლებიც მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნებოდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტები არ შეიცავს მითითებას ეკომიგრანტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ეკომიგრანტის სტატუსის არმქონე მემკვიდრის უფლებების შესახებ ისეთი ქონების მიმართ, რაც პირდაპირ კავშირშია ეკომიგრანტის სტატუსთან. ეკომიგრანტის უფლებების დაცვა და მისთვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა მიზნად ისახავს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფას, შესაბამისად, პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება ასეთი მოვლენების შედეგად დაზარალებული პირის დადგენას და მის განსახლებას. სწორედ ამიტომ, ეკომიგრანტის სტატუსი, პირადი ხასიათის გამო, არ გადაიცემა მემკვიდრეობით. შესაბამისად, ვინაიდან ეკომიგრანტის განსახლების უფლება უკავშირდება მის სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებათა რიგს განეკუთვნება და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ის არ გადაიცემა მემკვიდრეობით.
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლით დაცული უფლება არ მოიცავს საკუთრების მოპოვების უფლებას და მომავალი შემოსავალი მხოლოდ მაშინ განიხილება „საკუთრებად“, როდესაც ის უკვე გამომუშავებულია ან მასზე აღსრულებადი მოთხოვნა უკვე არსებობს (2000 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე „ამბრუსი იტალიის წინააღმდეგ“, საჩივარი №31227/96). ამასთან, „საკუთრების“ კონტექსტი ლიმიტირებულია არა მხოლოდ „არსებული საკუთრებით“, არამედ შესაძლებელია, მოიცავდეს აქტივებს და მოთხოვნებს, რომელთა დაკავშირებითაც მომჩივანს შეუძლია იდავოს, რომ აქვს სულ ცოტა გონივრული და „ლეგიტიმური მოლოდინი“, რათა მოიპოვოს საკუთრების უფლებით ეფექტიანი სარგებლობის შესაძლებლობა (დიდი პალატის 2001 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე „ლიხტენშტეინის პრინცი ჰანს-ადამ II გერმანიის წინააღმდეგ“, საჩივარი №42527/98, §83). მოლოდინი კი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ლეგიტიმურია, თუკი ემყარება საკანონმდებლო დანაწესს ან სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება სადავო საკუთრებით ინტერესს (2010 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საღინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, საჩივარი №18768/05, §103). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, თ. ა-მა მომართა სასამართლოს ეკომიგრანტის უფლებების რეალიზაციისთვის და მისი სასარჩელო მოთხოვნები პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დააკმაყოფილეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის გარდაცვალებამდე არ შესულა კანონიერ ძალაში, ამდენად, თ. ა-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ წარმოშობია და მისი გარდაცვალების გამო მის სამკვიდრო მასაში ვერ შევა ჯერ კიდევ მიუღებელი საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება ლეგიტიმური მოლოდინის არსებობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში მოსარჩელის მემკვიდრის - მ. გ-ას მოთხოვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს „ლეგიტიმური მოლოდინის“ მქონედ, რადგან ეკომიგრანტის მოთხოვნების მემკვიდრეობით გადაცემას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და არც სასამართლოს პრაქტიკით არის მსგავსი შესაძლებლობა განმტკიცებული. უფრო მეტიც, დევნილის სტატუსის მატარებელ პირებთან მიმართებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ცალსახად აქვს განმარტებული, რომ „ვინაიდან, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება უკავშირდება დევნილის სტატუსს, რომელიც პირადი ხასიათის უფლებათა რიგს განეკუთვნება და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს, ის არ გადაიცემა მემკვიდრეობით, დევნილ ოჯახში მხოლოდ დევნილის სტატუსის მქონე სხვა წევრს აქვს გრძლვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნის უფლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ბს-868(კს-18)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რადგან დავის საგანია ეკომიგრანტის სტატუსიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართის მიღება, შესაბამისი სტატუსის არმქონე პირი ასეთი მოთხოვნით ვერ ისარგებლებს. განსახლების მოთხოვნის უფლება, პირადი ხასიათის გამო, მამკვიდრებლის სამკვიდრო მასაში არ შესულა და სადავო სამართალურთიერთობაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. მოცემული გარემოება კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნის. ამდენად, თ. ა-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 284-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება თ. ა-ის გარდაცვალების გამო;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. მ. გ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სარჩელზე 2017 წლის 31 აგვისტოს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150 ;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა.წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე