საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-253(კს-20) 23 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - ლ. წ-ა (ლე. წ-ას უფლებამონაცვლე)
მოსარჩელეები - ც. გ-ა; მ. ა-ე-გ-ა
მოპასუხეები - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური
მესამე პირები - შპს „...ა“; ნ. ლ-ი; თ. მ-ე; ლ. ჩ-ი; მ. ა-ი; ლ. ვ-ო; ამხანაგობა „...“; დ. პ-ი; ქ. ა-ი; ლ. ა-ი; მ. ს-ე; მ. ჯ-ი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ზ. ა-ი
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:ც. გ-ამ და მ. ა-ე-გ-ამ 2015 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეებმა, სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შედეგად, მოპასუხეებად დაასახელეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური და მოითხოვეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 8 აპრილის №1163759, 2014 წლის 30 ივლისის №1393925, 2014 წლის 15 ოქტომბრის №1536530, 2015 წლის 6 ივლისის №1997104 და 22 ივლისის №2026009 ბრძანებების, 2014 წლის 26 მარტის №1224304 და 2015 წლის 21 იანვრის №1704832 გადაწყვეტილებების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №31 და 17 აპრილის №111 განკარგულებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ შპს „...ა“, ნ. ლ-ი, თ. მ-ე, ლ. ჩ-ი, მ. ა-ი, ლ. ვ-ო, ამხანაგობა „...“, ლე. წ-ა, დ. პ-ი, ქ. ა-ი, ლ. ა-ი, მ. ს-ე, მ. ჯ-ი, სსიპ თვითმმართველი ქალაქი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება ზ. ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ც. გ-ასა და მ. ა-ე-გ-ას სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა თბილისის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს 2014 წლის 26 მარტის №1224304 და 2015 წლის 21 იანვრის №1704832 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში. დანარჩენ მოთხოვნათა ნაწილში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით ც. გ-ასა და მ. ა-ე-გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 17 აპრილს წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი ლე. წ-ას სახელით (საჩივარს ხელს აწერს ი. მ-ე). სააპელაციო საჩივარში აღინიშნა, რომ ლე. წ-ა გარდაიცვალა 2018 წლის 7 ოქტომბერს, თუმცა მის მემვიდრეებს სურდათ დავის გაგრძელება, რის გამოც სამკვიდრო მოწმობის გაცემის შემდეგ დამატებით იქნებოდა წარდგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და რწმუნებულება.
2019 წლის 28 მაისს ი. მ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ლე. წ-ას გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა და ითხოვა საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით განსახილველ საქმეში ლე. წ-ას უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ლ. წ-ა. ამავე განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საჩივარს ხელს აწერდა ი. მ-ე, რომლის მიმართაც ლ. წ-ას მიერ გაცემული რწმუნებულება საქმეში წარდგენილი არ იყო; ასევე, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მხარეს დაევალა მინდობილობის ან აპელანტის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის შესავსებად მხარეს განესაზღვრა შვიდი დღე და განემარტა, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
2019 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილ იქნა ი. მ-ის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. წ-ას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი; ლ. წ-ას დაუბრუნდა მის მიერ 2019 წლის 15 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი ჩაბარდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 13 ივლისიდან და დასრულდა 19 ივლისის 24 საათზე, პარასკევს, სამუშაო დღეს. აპელანტმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოს კანცელარიაში წარადგინა 2019 წლის 22 ივლისს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება ლ. წ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის თანახმად, სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. პროცესის მონაწილეებისა და საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის განჩინება აღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინება გაეგზავნა არა აპელანტს, რომლის მისამართიც ცნობილი იყო სასამართლოსთვის, არამედ გარდაცვლილი აპელანტის - ლე. წ-ას წარმომადგენელს - ი. მ-ეს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა არ უნდა დაუკავშირდეს არაუფლებამოსილი პირისათვის სასამართლოს აქტის ჩაბარების თარიღს და სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ იქნა განუხილველად დატოვებული.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ლ. წ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კი, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა. დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შესვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი და რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. თუკი წარდგენილ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ან სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობაც საქმეში არ მოიპოვება, სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უნდა დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. თავის მხრივ, აპელანტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან, რამეთუ მხოლოდ სასამართლოს აქტის გაცნობის შემდეგ ხდება მხარისთვის ცნობილი, რა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა მისი სააპელაციო საჩივარი, რა მოქმედებები უნდა განახორციელოს მან და რა ვადაში. სწორედ ამიტომ, მხარეს, რომელსაც ოფიციალურად არ ჩაბარებია სასამართლოს აქტი, არ შეიძლება მოეთხოვოს ამავე აქტით განსაზღვრული მოქმედების შესრულება ან დაეკისროს პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების შეუსრულებლობისთვის.
მხარისთვის გზავნილის ოფიციალური გაცნობის წესები კი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. მითითებული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლიდან გამომდინარე, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, ასევე, ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად. ამრიგად, სასამართლოს დოკუმენტი აუცილებლად უნდა გაეგზავნოს უშუალოდ პროცესის მხარეს ან მის მიერ უფლებამოსილ წარმომადგენელს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლომ გზავნილები მხარის წარმომადგენელს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაუგზავნოს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წესით შედგენილი დოკუმენტი სასამართლოში წარდგენილია.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერდა ი. მ-ე, რომლის მინდობილობაც საჩივარს თან არ ერთვოდა, ასევე, წარდგენილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ივნისის განჩინებით ლ. წ-ას სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და მხარეს განესაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა არა ლ. წ-ას, არამედ - ი. მ-ეს, რომელმაც განჩინების ასლი 2019 წლის 12 ივლისს ჩაიბარა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს და ხარვეზის შევსების ვადის ათვლა ვერ დაიწყება 2019 წლის 12 ივლისიდან, ვინაიდან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნის მომენტისთვის საქმეში არ მოიპოვებოდა ლ. წ-ას მიერ ი. მ-ის მიმართ გაცემული, შესაბამისი წესით გაფორმებული მინდობილობა, რაც, თავის მხრივ, ხარვეზის დადგენის ერთ-ერთი წინაპირობა გახდა. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებსაც, რომ სასამართლოსთვის ცნობილი იყო ლ. წ-ას მისამართი და 2019 წლის 12 ივლისის მდგომარეობით ლ. წ-ას ი. მ-ის სახელზე მინდობილობა გაცემული არც ჰქონია (მინდობილობა გაცემულია 2019 წლის 15 ივლისს). საყურადღებოა, რომ მინდობილობის მიღებიდან 7 დღეში, 2019 წლის 22 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ი. მ-ემ წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც თან ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთები. ამდენად, მხარემ წარადგინა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, 2019 წლის 12 ივლისთან - არაუფლებამოსილი პირისთვის გზავნილის ჩაბარების თარიღთან დაეკავშირებინა ვადის ათვლის დასაწყისი და დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით განუხილველად დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 59-ე, 63-ე, 64-ე, 74-ე, 368-ე, 374-ე, 399-ე, 414-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. წ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე