საქმე #ბს-314(კს-20) 9 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე ) – მ. ზ- ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. გ- ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 12 ოქტომბერს ლ. გ- მა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის მიზნით მ. ზ- ს აკრძალვოდა მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ახალქალაქის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) გასხვისება, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ლ. გ- ის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; მ. ზ- ს აეკრძალა ახალქალაქის რაიონის სოფ. ...ში მდებარე (საკადასტრო კოდით ...) მიწის ნაკვეთის გასხვისება.
2015 წლის 21 ოქტომბერს ლ. გ- მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურისა და მ. ზ- ის მიმართ.
მოსარჩელემ ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ში მდებარე 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით ...) მ. ზ- ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 4 სექტემბერს მიღებული №... გადაწყვეტილების მიწის ნაკვეთებს შორის გადაფარვის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით ლ. გ- ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით მიღებული ღონისძიება მ. ზ- ისათვის (პირადი №...) ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ში მდებარე (საკადასტრო კოდით ...) მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვის თაობაზე.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ- მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ- ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილება (ს.კ. ...), ლ. გ- ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და სარეგისტრაციო სამსახურს საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში ახალი აქტის მიღება დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ზ- მა, რომელმააც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ზ- ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
მ. ზ- მა 2019 წლის 13 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც ლ. გ- ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება, არ არის ნამსჯელი უზრუნველყოფის ღონისძიების ბედზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მ. ზ- ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ- ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილება (ს.კ. ...), ლ. გ- ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში ახალი აქტის მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მართალია არა არსებითად, მაგრამ ბათილად არის ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოშვა მ. ზ- ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, მ. ზ- ი ამ ეტაპზე არ წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სრულფასოვან მესაკუთრეს და კვლავაც გაურკვეველია ლ. გ- ის უფლებრივი საკითხი სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით გამოიწვევს მ. ზ- ის იმ უფლებებში აღდგენას, რაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მიიჩნია უსაფუძვლოდ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თუ მხარეთა შორის ურთიერთობა შეიცვალა, მხარეები მორიგდნენ ან/და გამოიცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წინამდებარე განჩინება განმცხადებელს არ ართმევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ზ- მა. კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის განჩინებაში გამორჩენილი უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ თავის დროზე სასამართლოს მიერ დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იმსჯელა უზრუნველყოფის გაუქმების ბედზე, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველს წარმოადგენდა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საჯარო რეესტრის მიერ გადაწყდა კონკრეტული საკითხი, კერძოდ, მოხდა ნახაზის კორექტირება, ხოლო ლ. გ- ს 2019 წლის 11 ოქტომბერს უარი ეთქვა რეგისტრაციის განხორციელებაზე. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით აღარ არსებობს დავა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. ზ- ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ- ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის კანონიერება. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი (სარჩელის უზრუნველყოფა).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მ. ზ- ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია სარჩელის აღძვრამდე ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. გ- ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. გ- ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის №... გადაწყვეტილება (ს.კ. ...), ლ. გ- ის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებულ მიწის ნაკვეთთან გადაფარვის ნაწილში და ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე მ. ზ- ის სახელზე მიწის რეგისტრაციის შესახებ გადაფარვის ნაწილში ახალი აქტის მიღება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად არ გადაწყვეტილა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებით, ავტომატურად ძალაში დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მიერ შესაბამის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების ან დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია განიმარტოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არა არა არსებიოთად, მაგრამ ბათილად იყო ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოშვა მ. ზ- ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ზ- ი იმ ეტაპზე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სრულფასოვან მესაკუთრეს და კვლავაც გაურკვეველი იყო ლ. გ- ის უფლებრივი საკითხი სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული დასკვნის გაკეთება გამოიწვია, მ. ზ- ის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობამ, მტკიცებულებების წარუდგენლობამ, რომლებიც დაადასტურებდნენ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლიანობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის მ. ზ- ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 თებერვლის №... გადაწყვეტილებით კორექტირებული ნახაზის შესაბამისად, 921 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაცვლად) განხორციელდა მ. ზ- ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამასთან, 2019 წლის 11 ოქტომბრის №... გადაწყვეტილებით - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციის თაობაზე ლ. გ- ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულებულია, შესაბამისად, აღარ არსებობს მოცემულ საქმეზე აღძრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე წარმოიშვა მ. ზ- ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ- ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მ. ზ- ის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - მ. ზ- ისთვის ახალქალაქის რაიონის სოფ. ...ში მდებარე (საკადასტრო კოდით ...) მიწის ნაკვეთის გასხვისების აკრძალვის შესახებ;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე