საქმე #ბს-320(კს-20) 9 სექტემბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - სს „...ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ნ-ი
მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 2 აპრილს ნ. ნ-მა სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 3 თებერვლის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 6 მარტის №... გადაწყვეტილების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების და 2007 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების (განცხადების რეგისტრაციის №...) - 162 კვ.მ ფართის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 1 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...ა“.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი, მოპასუხეების - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის - სს „...ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.
2017 წლის 11 მაისს ნ. ნ-ის მიერ სააპელაციო ეტაპზე დაზუსტდა მოთხოვნა, კერძოდ, აპელანტმა მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2015 წლის 3 თებერვალს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; 2015 წლის 6 მარტს მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სს „...ის“ სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების (განაცხადის რეგისტრაციის №..., 2007 წლის 23 აგვისტო, მიწის ნაკვეთის ს/კ ...) ბათილად ცნობა; ასევე - სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის თაობაზე მიღებული ყველა შემდგომი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კერძოდ, გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების: №... (29.09.2009წ.) ს/კ ...; №... (22.01.2015წ.) ს/კ ...; №... (29.10.2015წ.) ს/კ ...; №... (10.11.2015წ. ს/კ. ...) - 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობა; ნ. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ნ. ნ-ის 2015 წლის 29 იანვრის №... განცხადებაზე საქმის წარმოების განახლებისა და რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალდებულება.
2017 წლის 15 მაისს ნ. ნ-მა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოითხოვა, მოპასუხეებს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტაციის მართვის სამსახურის კახეთის რეგიონულ ოფისს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმის საბოლოო დასრულებამდე აკრძალვოდა ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შემდგომი დაყოფის, გაერთიანების უფლების გადასვლის რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალათ სს „...ის“ სახელზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულ ქონებაზე შემდგომი დაყოფის, გაერთიანებისა და უფლების გადასვლის რეგისტრაციის განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 162 კვ.მ ფართის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 აგვიტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, (განაცხადის რეგისტრაციის №..., მიწის ნაკვეთის ს/კ ...;) ასევე ბათილად იქნა ცნობილი ამავე სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ: გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები: №... (29.09.2009წ.) ს/კ ...; №... (22.01.2015წ.) ს/კ ...; №... (29.10.2015წ) ს/კ ...; №... (10.11.2015წ.) ს/კ ...; - 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება ნ. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ნ-ის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; სასამართლოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...ამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
2019 წლის 22 ნოემბერს სს „...ამ“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ითხოვა სს „...ის“ საკუთრებაში არსებულ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე უძრავი ქონების დაყოფის, გაერთიანებისა და უფლების გადასვლის რეგისტრაციის აკრძალვის გაუქმება, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სს „...ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა არის დროებითი ხასიათის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს მიერ სასარჩელო სამართალწარმოების წესით დადგენილი უფლების რეალიზებას უწყობს ხელს, ემსახურება სასარჩელო მოთხოვნის დაცვას და მის ეფექტურ აღსრულებას. შესაბამისად, შუამდგომლობის (განცხადების) განხილვის პროცესში პრინციპულია შეფასდეს, არსებობს თუ არა დავის საგნის დაცვის შემდგომი აუცილებლობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილადაა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოშვა სს „...ის“ საკუთრების უფლება. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ა“ იმ ეტაპზე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სრულფასოვან მესაკუთრეს და კვლავაც გაურკვეველი იყო ნ. ნ-ის უფლებრივი საკითხი სადავო უძრავ ნივთთან მიმართებით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება გამოიწვევდა სს „...ის“ იმ უფლებებში აღდგენას, რაც მას მოცემულ ეტაპზე არ გააჩნდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, თუ მხარეთა შორის ურთიერთობა შეიცვალა, მხარეები მორიგდნენ ან/და გამოიცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, წინამდებარე განჩინება არ ართმევდა შესაძლებლობას სს „...ას“ ხელახლა მიემართა სასამართლოსთვის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „...ამ“.
კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ, განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელე ნ. ნ-ს დაურეგისტრირა მიკუთვნებული 162 კვ.მ მიწის ფართი, ს/კ .... კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით უარი უთხრა ამავე სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. უარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გაურკვეველია მოსარჩელე ნ. ნ-ის უფლებრივი საკითხი და უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება გამოიწვევს სადავო უძრავ ნივთზე სს „...ის“ უფლებების აღდგენას.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არასწორად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან მოსარჩელის საკუთრებად 2018 წლის 15 მაისს დარეგისტრირდა სადავო უძრავი ნივთი, რომელიც შედგება 162 კვ.მ მიწის ფართისგან. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უძრავი ნივთი ნ. ნ-ს დღეის მდგომარეობით გასხვისებული აქვს. შესაბამისად, მოსარჩელის უფლებრივი საკითხი ცალსახად გარკვეულია და უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა აზრს კარგავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივნისის განჩინებით სს „...ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს.
საკასაციო სასამრთლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
განსახილველ დავაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით აპელანტ ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ნ-ის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 162 კვ.მ ფართის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, (განაცხადის რეგისტრაციის №..., მიწის ნაკვეთის ს/კ ...;) ასევე ბათილად იქნა ცნობილი ამავე სარეგისტრაციო ობიექტთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყველა შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე, კერძოდ: გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები: №... (29.09.2009წ.) ს/კ ...; №... (22.01.2015წ.) ს/კ ...; №... (29.10.2015წ) ს/კ ...; №... (10.11.2015წ.) ს/კ ...; 162 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის №... გადაწყვეტილება ნ. ნ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ნ. ნ-ის განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება და კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; სასამართლოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მოსარჩელეს ეთქვა უარი.
საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია განიმარტოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იყო ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ის გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილზე წარმოშვა სს „...ის“ საკუთრების უფლება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „...ა“ იმ ეტაპზე არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სრულფასოვან მესაკუთრეს და კვლავაც გაურკვეველი იყო ნ. ნ-ის უფლებრივი საკითხი სადავო უძრავ ნივთთან მიმართებაში. სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული დასკვნის გაკეთება გამოიწვია, სს „...ის“ მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობამ, მტკიცებულებების წარუდგენლობამ, რომლებიც დაადასტურებდნენ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლიანობას.
თუმცა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის სს „...ის“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ, სს „...ის“ მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრიდან ამონაწერებით დასტურდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განაახლა სარეგისტრაციო წარმოება და 2018 წლის 15 მაისს მოსარჩელე ნ. ნ-ს დაურეგისტრირა მიკუთვნებული 162 კვ.მ მიწის ფართი ს/კ .... აღნიშნული გარემოება კი ადასტურებს კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტს. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და მისი აღსრულების საშუალებას წარმოადგენს, მოცემულ საქმეზე დავა მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებითად დასრულებულია, მოსარჩელისათვის სასამართლოს მიერ დადასტურებული უფლება რეალიზებულია (საკუთრების უფლება 162 კვ.მ რეგისტრირებულია), შესაბამისად, აღარ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე წარმოიშვა სს „...ის“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება;
3. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე სს „...ის“ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
4. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გურჯაანის სარეგისტრაციო სამსახურისთვის სს „...ის“ სახელზე საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებულ ქონებაზე შემდგომი დაყოფის, გაერთიანებისა და უფლების გადასვლის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვის შესახებ;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე