Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-412(2კს-20) 8 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ჯ-ას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე (მოსარჩელე _ ლ. ჟ-ე; მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური; მესამე პირები - კ. ქ-ე, ჭ. ს-ი, ვ. ა-ე).

2015 წლის 02 სექტემბერს ლ. ჟ-ემ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდგომ, საბოლოოდ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2004 წლის 19 აგვისტოს №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა, ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 22 ოქტომბრის №..., 2009 წლის 13 ნოემბრის №..., 2010 წლის 14 დეკემბრის №... და 2013 წლის 12 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ... (მანამდე არსებული ...) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, 325 კვ.მ. ფართობის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2006 წლის 08 მაისის №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის 325 კვ.მ ფართობის რეგისტრაციის ნაწილში ბათილად ცნობა, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2009 წლის 11 თებერვლის №..., 2009 წლის 28 ოქტომბრის №... და 2011 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ რეგისტრაციის შესახებ 2014 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (... და ... საკადასტრო კოდების მქონე მიწის ნაკვეთების ერთ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთად გაერთიანების თაობაზე), სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის 2015 წლის 07 აგვისტოს №... სარეგისტრაციო განაცხადით მოთხოვნილი რეგისტრაციის განხორციელების დავალება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 03 სექტემბრის განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ კ. ქ-ე, ჭ. ს-ი, ბ. ჯ-ა და ვ. ა-ე.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 აგვისტოს №... და სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ 2015 წლის 14 სექტემბრის №... გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის №... გადაწყვეტილება; მოპასუხეს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძვლად დადებული დოკუმენტების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონის ნორმების შესაბამისად დასაბუთებული ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჟ-ემ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ლ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2004 წლის 19 აგვისტოს №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ .... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე 2006 წლის 08 მაისს №... განაცხადის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია 325 კვ.მ ფართობის რეგისტრაციის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.06.2016წ. გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა ლ. ჟ-ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და ლ. ჟ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება.

2020 წლის 13 იანვარს ბ. ჯ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

2020 წლის 6 თებერვალს ვ. ა-ემ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 25 თებერვლის განჩინებით ბ. ჯ-ასა და ვ. ა-ის განცხადებები არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებლებმა ცალ-ცალკე გაასაჩივრეს კერძო საჩივრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით მიიჩნია, რომ ბ. ჯ-ას კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამდასტურებელი ქვითრის დედანი.

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს – ბ. ჯ-ას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ლარის გადახდის ქვითრის დედანი. კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივლისის განჩინება კანონით დადგენილი წესით, საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კერძო საჩივრის ავტორის - ბ. ჯ-ას წარმომადგენელს - დ. მ-ეს (მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით) და 2020 წლის 07 ივლისს ჩაბარდა იურისტს - ს. მ-ეს, რომელიც აგრეთვე ბ. ჯ-ას წარმომადგენელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადის ათვლა 2020 წლის 08 ივლისს დაიწყო და 2020 წლის 17 ივლისს (პარასკევი) ამოიწურა. ბ. ჯ-ას საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 02 ივლისის განჩინებით დადგენილ ვადაში უზენაეს სასამართლოში არ წამოუდგენია სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამდასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არც საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა - ბ. ჯ-ამ გაუშვა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ვადა, ვინაიდან, ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადა 2020 წლის 17 ივლისს (პარასკევი) ამოიწურა, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს უზენაეს სასამართლოში არ წამოუდგენია სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამდასტურებელი ქვითრის დედანი და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ. ჯ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-13 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე-61-ე მუხლებით, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ბ. ჯ-ას კერძო საჩივარი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე