Facebook Twitter

#ბს-469(კს-20) 09 სექტემბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ე

დავის საგანი - სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ნ-ე 2017 წლის 30 იანვარს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის #3633 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 14 დეკემბრის #3633 ბრძანება და მოპასუხეს ნ. ნ-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უფლეამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2020 წლის 14 თებერვალს, სასამართლოს სხდომაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის საფუძველზე უარს ამბობდა სააპელაციო საჩივარზე. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე, სააგენტომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, ნ. ნ-ისთვის შეისყიდა უძრავი ქონება, რომელიც ნარსავიძეს გადაეცა მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე და საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელე დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის, ფაქტობრივად აღარ არსებობდა დავის საგანი, რამდენადაც სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სახლის შესყიდვის გზით სრულად დაკმაყოფილდა ის იურიდიული ინტერესი, რისკენაც იყო მიმართული მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, 2020 წლის 14 თებერვალს, სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე სააგენტოს წარმომადგენელმა ზეპირი განცხადებით იშუამდგომლა, დავის საგნის არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ა1 პუნქტი. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა სააგენტოს მიერ ნ. ნ-ის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებისა და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მითითებული ნორმისა და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტისა, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით შეწყვიტა საქმის წარმოება და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, დავის საგნის არარსებობის გამო საქმის შეწყვეტა იწვევს ყველა მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაეუქმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კვლავ ევალება გრძელვადიანი საცხოვრებლით იგივე პირის უზრუნველყოფა, რაც კანონსაწინააღმდეგოა, რადგან სააგენტომ თავისი ვალდებულება უკვე შეასრულა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სააგენტოს თანამშრომლის სახელზე გაცემულ საქმეში წარმოდენილი მინდობილობით, წარმომადგენელს არ ჰქონდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება. ამდენად, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის პირობებში, სასამართლოს ვალდებულება იყო შეემოწმებინა მინდობილობა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. კონკრეტულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამათლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელმა - თ. კ-ემ სასამართლოს ზეპირი შუამდგომლობით მიმართა და დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა (იხ. 14.02.2020 სხდომის ოქმი, 14:05:25), თუმცა სასამართლოს მიერ მისი შუამდგომლობის დაზუსტების მიზნით, სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვაზე - ამბობდა თუ არა იგი უარს სააპელაციო საჩივარზე, მან დადებითი პასუხი განაცხადა (იხ. 14.02.2020 სხდომის ოქმი, 14:05:32). ამდენად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შუამდგომლობის დაკმაყოფილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ამდენად, სარჩელზე/სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა წარმომადგელის მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მინდობილობით მინიჭებული აქვს სარჩელზე/სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის სპეციალური უფლებამოსილება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში დაცულია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ...ის - ბ. ს-ის მიერ თ. კ-ის სახელზე გაცემული 2020 წლის 10 თებერვლის #... მინდობილობა, რომლის თანახმად, თ. კ-ეს არ აქვს მინიჭებული სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის - თ. კ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის პირობებშიც კი მის მიერ გამოხატული ნება ვერ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობის ხელახლა განხილვის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე, 272-ე, 378-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განჩინება და საქმე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე