კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-815(კს-20) 18 სექტემბერი, 2020 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი/მ ლ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი - ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 13 მარტს შუამდგომლობით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ი/მ ლ. გ-ას ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გამოცემა მოითხოვა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დადგინდა ღია აუქციონის წესით გადასახადის გადამხდელის - ი/მ ლ. გ-ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაცია (საკადასტრო კოდი: ..., მდებარე: ქ. ფოთი, ... ქ. №9დ-ში, 1/70 წილი, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში (2461,99 ლარი)). აღნიშნული ბრძანება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ლ. გ-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინებით ი/მ ლ. გ-ას საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი/მ ლ. გ-ამ.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ ი/მ ლ. გ-ას კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით მოწესრიგებულია საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობის წესები. მითითებული კოდექსის 2121 მუხლის შესაბამისად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით საქმისწარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ორი ინსტანციის სასამართლოში და საჩივრის წარდგენის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვით სრულდება. სააპელაციო პალატის მიერ მსგავსი კატეგორიის დავებზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საკასაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვას არ ექვემდებარება. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ვერ შეაფასებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის დავასთან დაკავშირებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოცემული განჩინების კანონიერებას მიუხედავად იმისა, რომ მხარეს სააპელაციო სასამართლოს მიერ განემარტა განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების შესახებ. მსგავსი კატეგორიის დავის ფარგლებში მიღებული ნებისმიერი აქტის კანონიერების შემოწმება სრულდება სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის ეტაპზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ი/მ ლ. გ-ას კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ლ. გ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე