საქმე #ბს-1489 (კ-18) 07 სექტემბერი, 2020წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - გ . ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ქ-ემა 03.11.2015წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გ. ქ-ი 2006 წელს არჩეულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად, 04.11.2014წ. მან დატოვა საკრებულოს სხდომა და სხდომებს აღარ დასწრებია 2015 წლის 02 მარტამდე, თუმცა აგრძელებდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების შესრულებას და ამ საქმიანობის ფარგლებში ადგილზე ხვდებოდა თავის ამომრჩევლებს. 02.03.2015წ., ე.ი. არასრული 04 თვის შემეგ, ის გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე მასში მონაწილეობის მისაღებად, ხელი მოაწერა სხდომაზე დასწრების უწყისს, შემდეგ ჩავიდა აფთიაქში, უკან დაბრუნებულს საკრებულოს ეზოს კარებთან დახვდნენ პირები, რომლებმაც პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ შეუშვეს საკრებულოს შენობაში. პროტესტის ნიშნად სხდომიდან გამოვიდნენ საკრებულოს წევრები - მ. უ-ი და ი. გ-ი. ძალადობამ ურყოფითად იმოქმედა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე, 15.04.2015წ. შპს „...ში“ დაუდგინდა დიაგნოზი - არასტაბილური სტენოკარდია, დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა ფიზიკური დატვირთვის აკრძალვით მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, ამდენად, 2014 წლის 04 ნოემბრიდან მოსარჩელეს არასაპატიო მიზეზის გამო საკრებულოს სხდომებში არ მიუღია მონაწილეობა 04 თვის განმავლობაში, 2015 წლის 02 მარტამდე. ამდენად, ექვსთვიანი ახალი ვადის ათვლა 15.05.2015წ. დაიწყო. მოსარჩელე 03.08.2015წ. გამოცხადდა საკრებულოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, რა დროსაც მას დახვდა გამგებლის მოადგილის შვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებმაც არ აუშვეს სხდომათა დარბაზში. ამ ფაქტმა უარყოფითად იმოქმედა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე, 25.08.2015წ. მას განმეორებით ჩაუტარდა გულის კორონარული სტენდირება, იგივე განმეორდა 07.09.2015წ.. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის რიგგარეშე სხდომა 14.09.2015წ. ჩატარდა, დასკვნის მიხედვით მას არასაპატიო მიზეზით საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის გამო შეუწყდა ვადამდე უფლებამოსილება, რაც მოსარჩელის აზრით არასწორია, რადგან 2015 წლის 15 მაისიდან 06 თვიანი ვადა იწურებოდა 15 ნოემბერს. საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულებით მოსარჩელეს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლი ითვალისწინებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას არასაპატიო მიზეზით საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკრებულოს შენობაში არშეშვების ფაქტებს, რის ნიადაგზეც მოსარჩელეს განუვითარდა გულის სტენოკარდია. ამდენად, არსებობს საპატიო მიზეზი, რომელიც არ იქნა გამოკვლეული. მოსარჩელემ მოითხოვა საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულების ბათილად ცნობა, მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სადავო აქტის მოქმედების შეჩერება.
გორის რაიონული სასამართლოს 04.11.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.2015წ. განჩინებით გ. ქ-ს უარი ეთქვა საკრებულოს სადავო გადაწყვეტილების შეჩერებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. №40 განკარგულება და ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლებაზე, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებაზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებზე, რომელთა მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება უშუალოდ მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში და თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში ყველას აქვს შრომის სამართლიანი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მათ შორის არ დაუშვას პირის შრომითი პირობების იმგვარად დადგენა, რომელიც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო − მუნიციპალიტეტის საკრებულო (23.1 მუხ.). მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (26.1 მუხლი). ზემოაღნიშნული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით (40.3 მუხ.). მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე (40.6 მუხ.). სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.ქ-ი 2006 წელს არჩეულ იქნა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულებით საკრებულოს წევრს გ. ქ-ს, 2015 წლის 6 ოქტომბრიდან, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება. განკარგულების თანახმად, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. წარედგინა სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დასკვნა გ. ქ-ის არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობის შესახებ. წარდგენილი დასკვნით დადასტურებული იყო, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ. ქ-ი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრამდე. ამდენად, გ. ქ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ქ-ი საკრებულოს სხდომებში არ მონაწილეობდა 2014 წლის ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით. ამასთან ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2015წ. N4 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გ. ქ-მა სხდომის დაწყებამდე დასწრების უწყისს ხელი მოაწერა, მაგრამ სხდომას არ დასწრებია. აღნიშნულს ადასტურებს მოცემულ დღეს შედგენილი სხდომაზე დასწრების ორი უწყისი, რომელთაგან ერთი შევსებულ იქნა საკრებულოს წევრთა მიერ სხდომის დაწყებამდე, სადაც საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად ფიქსირდება მოსარჩელის ხელმოწერაც, ხოლო მეორე უწყისი შედგენილ იქნა სხდომის დაწყების შემდგომ, სადაც მოსარჩელის ხელმოწერა არ ფიქსირდება. ოქმის თანახმად, მეორე უწყისის შექმნის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც გამოიკვეთა, რომ სხდომას არ ესწრებოდნენ ის წევრები რომელთაც გავლილი ჰქონდათ რეგისტრაცია. ამდენად, გ. ქ-ს მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს 02.03.2015წ. სხდომაზე, თუმცა გამოკვლევას და დასაბუთებას საჭიროებს სხდომაზე არ დასწრების მიზეზი. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, მასზედ, რომ იგი რეგისტრაციის გავლის შემდეგ ჩავიდა აფთიაქში წამლის საყიდლად, თუმცა უკან დაბრუნებულს საკრებულოს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს გამგებლის მოადგილე მ. ბ-მა და ...ის დირექტორმა ს. ბ-მა, ასევე, გამგეობის სპეციალისტებმა ნ. ოქ-ემ და ვ. ქ-მა, რომლებმაც მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ შეუშვეს საკრებულოს შენობაში. მოსარჩელის მიერ დასახელებული პირები სასამართლოს მიერ დაკითხულ იქნენ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით. მოწმეთა მიერ არ იქნა დადასტურებული მოსარჩელის მიერ გაჟღერებული გარემოება, მათ უარყვეს, რომ მოსარჩელესთან მოცემულ დღეს ჰქონდათ რაიმე სახის შელაპარაკება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება მოსარჩლისთვის საკრებულოს შენობაში შეშვების აკრძალვის ფაქტი. სხდომაზე დასწრების უწყისზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებად ვერ ჩაითვლება წევრის მიერ უწყისზე მხოლოდ ხელმოწერა. სხდომაზე მონაწილეობის მიღება მისი ლოგიკური განმარტებიდან გამომდინარე შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მუშა პროცესში - დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება, კენჭისყრაში მონაწილეობა, ასევე, თავის შეკავება კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ იღებდა 2014 წლის ნოემბრიდან, შესაბამისად 6 თვიანი ვადა იწურება აპრილში. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სხდომებზე გ. ქ-ის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის საკითხს. სასამართლომ მიუთითა საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე, რომლებითაც დასტურდება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მორიგი სხდომა 2015 წლის აპრილში ჩატარდა 6 რიცხვში. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ. ქ-ს აპრილის თვეში ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, შპს ,,...იდან“ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოსარჩელემ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 15.04.2015წ., ჩივილით - ტკივილი გულის არეში. გ. ქ-ს ოფიციალურად არ უცნობებია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების და ამ მიზეზით საკრებულოს სხდომებზე გამოუცხადებლობის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებული საკანონმდებლო რეგულაცია ზუსტად არ განსაზღვრავს თუ რა გარემოება შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპატიო გარემოებად, უპირველესად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა შეიძლება გახდეს პირისთვის მასზე დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო გარემოება, რაც სათანადოდ უნდა დადასტურდეს. სასამართლომ მიაჩნია, რომ შესაბამისი შიდა რეგულაციების არარსებობის პირობებში ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს კანონიერების პრინციპის დაცვით. სასამართლომ მიუთითებს სზაკ-ის 53.5 და 96.1 მუხლების მოთხოვნებზე, აგრეთვე საქმის განხილვისას მოწმის სახით მოწვეულ საკრებულოს წევრების ჩვენებებზე, მათ შორის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ა. ტ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ სხვადასხვა დროს და განსხვავებული წყაროებით ინფორმირებულნი იყვნენ გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გ. ქ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი შესწავლილ იქნა და დასკვნა გამოიცა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ. კომისიის რიგგარეშე სხდომა შედგა 14.09.2015წ., კომისიის №12 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა საკრებულოს მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია გ. ქ-თან დაკავშირებით. დოკუმენტაცია შეეხებოდა საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე მოსარჩელის დასწრება/გამოცხადებას. ამასთან მითითებულია, რომ ფრაქციის ოქმები ფიზიკურად არ არსებობს. სხვა მტკიცებულება კომისიის მიერ არ შესწავლილა და არ გამოკვლეულა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხდომაზე მონაწილეობის მიუღებლობა 2014 წლის ნოემბრიდან 6 თვის განმავლობაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს (გარდა მარტის თვეში ჩატარებული სხდომისა, სადაც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე არასაპატიო მიზეზით არ იღებდა მონაწილეობას სხდომაზე), თუმცა კომისიის კვლევის საგანი უნდა გამხდარიყო საპატიო მიზეზი ჰქონდა თუ არა გ. ქ-ს საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობისას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიის წევრთათვის ინფორმაციის არსებობისა, არ არის გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ადგილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი სახით გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევით მიღებულ გარემოებად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმები (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიციირება; მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა; ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები) ერთობლიობაში და ცალ-ცალკეც წარმოადგენს საკრებულოს წევრის მუშაობის საქმიანობის სახეს, ერთ-ერთის განხორციელებაც მიიჩნევა საკრებულოს საქმიანობაში ჩართვად. განსახილველ შემთხვევაში კომისიამ არ შეისწავლა გ. ქ-ის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების საკითხი. სასამართლომ მიუთითა კომისიის მითითებაზე, რომ საკრებულოს აპარატში არ არებობს ფრაქციის სხდომის ოქმები და შესაბამისად ფრაქცია არ ახორციელებდა საქმიანობას საკრებულოს ფარგლებს გარეთ. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს მიერ გაცემულ დოკუმენტზე, სადაც მითითებულია რომ ი. ჯ-ი და ჯ. ბ-ი გაფრთხილებულ იქნენ, რომ შემდგომში მ. უ-ს არ მიაყენებდნენ არანაირ შეურაცხყოფას. სასამართლო სხდომაზე მოწვეულ მოწმეთა მიერ დადასტურებულ იქნა გარემოება მასზედ, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 07.09.2015წ. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო გახდა პატრულის გამოძახება. მოწმეებმა დაადასტურეს, ასევე, რომ საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის პერიოდში საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსარჩელე, მოწმე მ. უ-ი და ი. გ-ი ადასტურებენ ფაქტს მასზედ, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს ი. ჯ-ი და ჯ. ბ-ი არ აძლევდნენ უფლებას გ. ქ-ს შესულიყო საკრებულოს შენობაში და დასწრებოდა სხდომას. აღნიშნული გარემოება გახდა სიტუაციის დაძაბვისა და საპატრულო პოლიციის გამოძახების მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის სექტემბრის სხდომაზე მომხდარი გარემოება გავლენას ვერ მოახდეს გ. ქ-ის უფლებამოსილების საკითხის შეწყვეტაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და შეესწავლა რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი მსგავს ფაქტებს 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდში.
აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლის მიხედვით ბათილად ცნობის და საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის შემდეგ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გ. ქ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. გადაწყვეტილებით ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ქ-ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. №40 განკარგულება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გ. ქ-ი არ ესწრებოდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებს 2014 წლის 17 ნოემბრიდან 2015 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2015წ. სხდომაზე, დასწრების უწყისის თანახმად, გამოცხადდა და უწყისს ხელი მოაწერა საკრებულოს 9 წევრმა, მათ შორის გ. ქ-მა, ი. გ-მა და მ. უ-მა (ტ. 2, ს.ფ. 312). ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2015წ. N4 სხდომის ოქმის მიხედვით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის 9 წევრიდან სხდომას ესწრებოდა 8 წევრი, მათ შორის, გ. ქ-ი, ი. გ-ი და მ. უ-ი. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომის წევრებს გააცნო სხდომაზე გასატანი საკითხები. საკრებულოს წევრებმა მ. უ-მა და ი. გ-მა განაცხადეს, რომ არ მიიღებდნენ კენჭისყრაში მონაწილეობას, არ დაესწრებოდნენ საკრებულოს სხდომას და დატოვეს სხდომათა დარბაზი. საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს სთხოვა გაევლოთ ხელახალი რეგისტრაცია, ვინაიდან საკრებულოს სხდომის უწყისზე დაფიქსირებული იყო ყველა დეპუტატის ხელმოწერა, მაგრამ საკრებულოს ორმა დეპუტატმა - ი. გ-მა და მ. უ-მა პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა, ხოლო დეპუტატი - გ. ქ-ი სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადდა. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 02.03.2015წ. სხდომაზე, დასწრების ახალი უწყისის თანახმად, გამოცხადდა და უწყისს ხელი მოაწერა საკრებულოს ექვსმა წევრმა, უწყისზე არ ფიქსირდება გ. ქ-ის, მ. უ-ის და ი. გ-ის ხელმოწერა. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ასახულია ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (ე. ბ-ი, ზ. ოქ-ე, მ. ქ-ი, ა. კ-ი და ა. ტ-ი) მიერ 06.04.2015წ. შედგენილ აქტში.
სასამართლომ მიუთითა აგრეთვე, რომ გ. ქ-ი არ ესწრებოდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებს 2015 წლის 3 აპრილიდან 2015 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 07.09.2015წ. №11 სხდომის ოქმისა და ამავე სხდომაზე დასწრების აღრიცხვის თანახმად, სხდომას ესწრებოდა საკრებულოს 9 წევრი, მათ შორის, გ. ქ-ი. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 07.09.2015წ. №11 სხდომის ოქმისა და ამავე სხდომაზე დასწრების უწყისის თანახმად, სხდომას ესწრებოდა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ცხრავე წევრი, მათ შორის, გ. ქ-ი. 03.11.2015წ. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა (ნომრიდან ...) ...ის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს გ. ქ-ს (ნომერზე ...) სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით აცნობა, რომ 14.09.2015წ. 12:00 სთ. საკრებულოს აპარატის ოთახში ტარდებოდა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განიხილებოდა გ. ქ-ის, როგორც საკრებულოს წევრის მიერ 6 თვის განმავლობაში საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის საკითხი, რაზეც მოსაზრებების წარდგენა შეეძლო. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 14.09.2015წ. N12 რიგგარეშე სხდომის ოქმის თანახმად, სხდომას ესწრებოდნენ კომისიის თავმჯდომარე ა. ტ-ი, კომისიის წევრები - ე. ბ-ი და ზ. ო-ე. სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს წევრი გ. ქ-ი. სხდომაზე განსახილველ დღის წესრიგს შეადგენდა: ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს გააცნო საკითხი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის შესახებ. კერძოდ, აღინიშნა, რომ საკრებულოს წევრი გ. ქ-ი საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა ზედიზედ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. კომისიები, რომლის წევრიც გ. ქ-ია და ფრაქციის ოქმები ფიზიკურად არ არსებობს. ამასთან, საკრებულოს აპარატის მიერ წარდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ საკითხები რომლებიც განსახილველად გადაცემული ჰქონდა საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, იმის გამო, რომ არ ტარდებოდა კომისიის სხდომები, განხილულია სხვა კომისიის მიერ. სასამართლომ მიუთითა საკრებულოს სხდომის ოქმზე, სადაც მითითებულია, რომ გ. ქ-მა მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებულ იქნა საპატიო მიზეზების წარდგენის შესახებ, არ წარადგინა ინფორმაცია და არც კომისიის სხდომაზე გამოცხადდა. კომისიამ ღია კენჭისყრაზე ხმათა უმრავლესობით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ. ქ-ი 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, არ მონაწილეობდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დასკვნის დამტკიცებისა და ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარდგენის შესახებ. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 14.09.2015წ. დასკვნის თანახმად, კომისიამ განიხილა საკითხი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში გ. ქ-ის არმონაწილეობის შესახებ და დადგინდა, რომ იგი ზედიზედ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში და არ წარადგინა გაცდენის საპატიო მიზეზი, რის გამოც არსებობს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 21.09.2015წ. N12 სხდომის ოქმის თანახმად, ბიურომ ერთხმად გადაწყვიტა „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის შეტანა საკრებულოს 05.10.2015წ. სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად, მომხსენებლად განისაზღვრა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ა. ტ-ი. ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა საკრებულოს წევრი გ. ქ-ი. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N12 სხდომის ოქმის თანახმად, დღის წესრიგში განისაზღვრა „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა, რომელთან დაკავშირებით, ჩატარდა ფარული კენჭისყრა, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო საკრებულოს 9 წევრმა. კენჭისყრის შედეგად მომხრე აღმოჩნდა 6 წევრი, წინააღმდეგი - 3. კენჭისყრის შედეგის გათვალისწინებით მიღებულ იქნა განკარგულება ,,...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულებით საკრებულოს წევრს გ. ქ-ს შეუწყდა უფლებამოსილება ვადამდე 2015 წლის 6 ოქტომბრიდან.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მიერ შედგენილ ჯ. ბ-თან გასაუბრების შესახებ 07.09.2015წ. ოქმზე, რომლის მიხედვით, ჯ. ბ-მა განაცხადა, რომ მუშაობს სოფელ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, 07.09.2015წ. სამსახურში ყოფნისას მას და მისი გუნდის წარმომადგენლებს სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ ...ის წარმომადგენლებთან. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა აგრეთვე ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ...ის სამმართველოს მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის მიერ შედგენილ ზეპირი გასაუბრების შესახებ 07.09.2015წ. ოქმზე, რომლის მიხედვით, ...ის მუნიციპალიტეტის ...ის ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელმა ი. ჯ-მა განაცხადა, რომ 07.09.2015წ. სამსახურში ყოფნისას საკითხის ერთად განხილვის შესახებ კანონიერ მოთხოვნაზე უარი განაცხადა ...ის წარმომადგენელმა, რაშიც ჩაერია მ. უ-ი და მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანვე აღნიშნა, რომ დაახლოებით სამი თვით ადრე მ. უ-მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. 17.04.2015წ. შპს „...ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, გ. ქ-ი სტაციონარში მოათავსეს 15.04.2015წ., ხოლო გაწერეს - 17.04.2015წ., დიაგნოზის სახით მიეთითა: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია, კორონაროგრაფია, კორონალური სტენტირება. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 31.08.2015წ. გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანხმად, გ. ქ-ი სტაციონარში მოათავსეს 25.08.2015წ., გაწერეს იმავე დღეს, დიაგნოზის სახით მიეთითა: გიდ. არასტაბილური სტენოკარდია, კორონაროგრაფია, კორონაროგრაფია-სტენტირება, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა, დაენიშნა მკურნალობა და გაეწია რეკომენდაცია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამავე მუხლით გათვალისწინებულია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის წესი და პროცედურა. მითითებული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლებისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ თავისუფალი მანდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან, მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულებით საკრებულოს წევრს გ. ქ-ს, 2015 წლის 6 ოქტომბრიდან, ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება იმ მიზეზით, რომ საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობდა ზედიზედ 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრამდე. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია არა საკრებულოს მუშაობაში ნებისმიერი მიზეზით მონაწილეობის მიუღებლობა, არამედ უნდა დასტურდებოდეს არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე საკრებულოს სხდომაზე მონაწილეობას არ იღებდა 2014 წლის ნოემბრიდან, ამიტომ უნდა დადგინდეს ამ პერიოდიდან ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობის მიზეზები. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ ...ის მუნიციპალიტეტის მორიგი სხდომა ჩატარდა 06.04.2015წ.. გ. ქ-ს 2015 წლის აპრილში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც დასტურდება შპს „...იდან“ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, პირის ავადმყოფობა, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობას ან მნიშვნელოვნად ართულებს მას, უპირობად უნდა იქნას მიჩნეული საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლების საპატიო მიზეზად. ამასთან, სადავო ურთიერთობის სფეროში მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის არასაპატიო მიზეზის დადასტურების წესი, რის გამოც საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კანონიერების, პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კანონიერების პრინციპის დაცვის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღებისას მისი დასაბუთების აუცილებლობის თაობაზე (სზაკ-ის 5.2, 53.5 მუხ.) და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხული საკრებულოს წევრების მიერ, მათ შორის, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ა. ტ-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა დროს და განსხვავებული წყაროებით ისინი ინფორმირებულნი იყვნენ გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისიისათვის ცნობილი იყო გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კომისიამ საკითხი განიხილა საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტის გადამოწმების გარეშე, რაც სასამართლოს მოსაზრებით ეწინააღმდეგება კანონიერებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის შედეგად გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 06.04.2015წ. გამართულ საკრებულოს სხდომაზე გ. ქ-ის მიერ მონაწილეობის მიუღებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო აქტის სასკ-ის 32.4 მუხლით ბათილად ცნობის საფუძვლები, ვინაიდან აღნიშნულ ნორმას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. განსახილველ შემთხვევაში საქმეში დაცული მტკიცებულებების და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად სავსებით შესაძლებელია სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა, რადგან დასტურდება სადავო პერიოდში გ. ქ-ის საკრებულოს სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით სზაკ-ის 6011 მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ გ. ქ-ი 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, მას გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი საკრებულოსთვის ოფიციალურად არ უცნობებია. გასაჩივრებული განკარგულების გამოცემამდე გ. ქ-ს ეცნობა, რომ საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაზე განიხილებოდა მისი სამსახურიდან განთავისუფლების საკითხი, რითიც მას მიეცა შესაძლებლობა წარმოედგინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტები. გ. ქ-ი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, რის შემდეგაც სხდომაზე განხილული იქნა 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მისი სამსახურში გამოუცხადებლობის საკითხი. მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მხედველობაში იქნა მიღებული აგრეთვე მასზე დაკისრებული სამუშაოს შეუსრულებლობის გამო საკრებულოსთვის მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატა სხვა პირებისთვის მისი მოვალეობის დაკისრებასა და გ. ქ-ის სამსახურში გამოუცხადებლობის მთელი პერიოდის მანძილზე მისთვის ხელფასის დარიცხვაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიღებული იქნა განკარგულება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება გ. ქ-ის სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზების გამოკვლევის გარეშე გასაჩივრებული აქტის მიღების თაობაზე, ვინაიდან საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება საკრებულოს არ გააჩნდა, ამგვარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლოს მიერ საკითხის განხილვისას გ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია არ ადასტურებს სამსახურში გამოცხადების შეუძლებლობას, ვინაიდან სამედიცინო ცნობებში მითითებული არ არის სამსახურში გამოცხადების აკრძალვის ან სხვა მსგავსი რეკომენდაციის შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლის შესწავლის შედეგად თვლის, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 164.1 მუხლის თანახმად ახალგორის, ...ის, ...ის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგად შექმნილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, მათ შორის, გამგეობები და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოები, უფლებამოსილებას ახორციელებენ აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ქ-ი 2006 წლიდან იყო ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ამავდროულად, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გასაჩივრებული 05.10.2015წ. №40 განკარგულებით. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არ მონაწილეობა იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 13.4 მუხლის „ე“ ქვეპუნტი ითვალისწინებს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობას უკეთუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით, 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს საქმიანობაში. გასაჩივრებული აქტის თანახმად გ. ქ-ი 04.11.2014წ. – 03.09.2015წ. პერიოდში არასაპატიო მიზეზით არ მონაწილეობდა საკრებულოს საქმიანობაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ქ-ის მიერ საქმეზე სასამართლოწარმოების დროს წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 17.04.2015წ. შპს „...ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ 31.08.2015წ. გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ადასტურებდა გ. ქ-ის საპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობას. გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის დასტურად სასამართლომ მიუთითა აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველოს დოკუმენტზე, რომლითაც ი. ჯ-ს და ჯ. ბ-ს მიეცათ გაფრთხილება შემდგომში მ. უ-ისათვის შეურაცხყოფის მიყენების დაუშვებლობის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიისათვის სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი იყო გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რის გამოც საკრებულო არ იყო უფლებამოსილი გ. ქ-ის სამსახურში გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიეჩნია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა გ. ქ-ის საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დავის გადაწყვეტისათვის არარელევანტურ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების საფუძველს ქმნის.
დავას არ იწვევს გასაჩივრებული აქტის ფორმალური კანონიერება, კერძოდ, მისი მიღება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საკრებულოს წევრის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24.1 მუხ. „ბ.გ.“ ქვ.პ.). ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებებას იღებს ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულო (...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 3.3 მუხლის „ე“ ქვპ.). დაცულია აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების სახე და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდა ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვით. 43.5 მუხლის შესაბამისად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის/თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ (ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 12.3 მუხ.). საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე („...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 13.5 მუხ.). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 164-ე მუხლის 51 ნაწილის თანახმად, ახალგორის, ...ის, ...ის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა შემადგენლობის 1/3-ისა (ანალოგიური შინაარსის დებულებას შეიცავს „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 93.3 მუხ.). 05.10.2015წ. საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობიდან - საკრებულოს 9 წევრიდან ხმათა უმრავლესობით (ექვსი ხმა სამის წინააღმდეგ) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
სადავოა გასაჩივრებული აქტის - „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05.10.2015წ. N40 განკარგულების მატერიალური კანონიერება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. ქ-ის სამსახურეობრივი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით არასწორად შეფასდა გასაჩივრებული აქტით.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები (2.1 მუხ.). მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილებას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, კოლეგიურობის, დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინების, აგრეთვე მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით („...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ მე-4, 12.4 მუხ.). საკრებულოს წევრი არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში არჩეული პირი, რომლის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობიდან და მთავრდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-40 მუხ., დებულების მე-12 მუხ. 1-ლი და მე-2 ნაწ.). მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის სტატუსი არის მისი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესს და გარანტიებს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი გაწვევა დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავისი მოვალეობების შესრულებისას შეზღუდული არ არის ამომრჩევლისა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების დანაწესებით და დავალებებით. ამასთანავე, თავისუფალი მანდატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ამომრჩეველთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან (დებულების 12.4. მუხ.). მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტამდე (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 40.6 მუხ.). საკრებულოს წევრისათვის თავისუფალი მანდატის მინიჭება არ გულისხმობს მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შეუძლებლობას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში მონაწილეობის მიუღებლობა (ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43-ე მუხ. „ე“ ქვ.პ.). ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება“ განსაზღვრავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რამდენიმე საფუძველს, საკრებულოს წევრის არასაპატიო მიზეზით, 6 თვის განმავლობაში, საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობა ქმნის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველს (დებულების 13.4 მუხ. „ე“ ქვპ.). ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გ. ქ-ის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად მიეთითა 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში - 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობა, საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება საკრებულოს ან კომისიას გ. ქ-ის მიერ არ წარედგინა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ადგენს საკრებულოს წევრის მოვალეობებს, მათ შორის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღების ვალდებულებას (45.4 მუხ. „გ“ ქვპ.). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26.1 მუხლი, ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 7.4 მუხლი ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის თვეში ერთხელ მოწვევის ვალდებულებას. საქმის მასალებით არ დგინდება 9 თვის განმავლობაში (2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით) გ. ქ-ის სხდომებზე დასწრება, მის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. საფუძველს არის მოკლებული სარჩელში მითითება 2014 წლის ნოემბრის სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების და აღნიშნულის გამო შემდგომი პერიოდის სხდომებზე არ დასწრების შესახებ, საქმეში დაცული საკრებულოს სხდომის ოქმის თანახმად, 03.11.2014წ. სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა გ. ქ-ი, ყველა საკითხი ერთხმად იქნა მიღებული, პროტესტი, სხდომის მიტოვება, სხდომის ოქმის მიხედვით არ არის დაფიქსირებული. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობა არის არა უფლება, არამედ ვალდებულება. აღნიშნულის მიუხედავად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ქ-ი არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს, კერძოდ, ის არ დასწრებია საკრებულოს 19.11.2014წ., 01.12.2014წ., 19.12.2014წ., 22.12.2014წ., 05.01.2015წ., 23.01.2015წ., 02.02.2015წ., 02.03.2015წ., 06.04.2015წ., 04.05.2015წ., 15.05.2015წ., 01.06.2015წ., 03.07.2015წ., 06.07.2015წ., 03.08.2015წ. სხდომებს, ის არც საკრებულოს ბიუროს სხდომებს დასწრებია, ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ აღნიშნულ პერიოდამდე გ. ქ-ის საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობას ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა, კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ის სადავო პერიოდამდეც ხშირად აცდენდა სხდომებს, კერძოდ, ის არ დასწრებია საკრებულოს 12.03.2014წ., 07.04.2014წ., 15.04.2014წ., 05.05.2014წ., 07.07.2014წ., 04.08.2014წ., 18.08.2014წ., 06.10.2014წ., 20.10.2014წ. სხდომებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების შეუძლებლობა უნდა შეფასდეს გონივრული განსჯის შედეგად. შეფასებას საჭიროებს ვალდებულების შესრულების ობიექტურად შეუძლებლობის საკითხი. დასაშვებია, რომ დაკისრებული ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ობიექტურად არსებობდეს, უკეთუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია პირისგან დამოუკიდებელი მიზეზით, ისეთი სხვა გარემოფაქტორების ზემოქმედებით, რომლის შედეგად პირს არ შეეძლო თავიდან აეცილებინა ვალდებულების შეუსრულებლობა. ამგვარ ვითარებას განეკუთვნება მაგალითად ფორს-მაჟორული გარემოებები, პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც პირს ართმევს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების შესაძლებლობას ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოება. დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სუბიექტური ფაქტორებით, კერძოდ, პირის იმგვარი ქმედებით, რამაც შეუძლებელი გახადა მოვალეობის შესრულება. შესრულების შეუძლებლობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რომ შესრულება შეუძლებელი იყოს აგრეთვე სხვა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირებისათვის. ვალდებულებათა შეუსრულებლობის დროს ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, ვისაც ვალდებულების შესრულება ეკისრებოდა. განსახილველ შემთხვევაში გ. ქ-ის მიერ საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესრულების შეუძლებობის ობიექტურ გარემოებად სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული იქნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ვალდებულების შესრულების ობიექტური შეუძლებლობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ არის დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ საქმის ხელახალი განხილვისას მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების გზით შეფასება უნდა მისცეს გ. ქ-ის საქმიანობის განუხორციელებლობის სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორს.
სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა კომისიის თავმჯდომარისგან მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომისიის წევრებისთვის სხვადასხვა წყაროებიდან ცნობილი იყო გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ კომისიისათვის ცნობილი იყო გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მის მიერ არ გადამოწმებულა საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი, არ არის დასაბუთებული. გ. ქ-ს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, შრომისუუნარობის შესახებ არც საკრებულოსთვის და არც კომისიისათვის ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარუდგენია. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატამ უნდა შეაფასოს აღნიშნული ინფორმაციის მიღების წყარო და ინფორმაციის მიღების ფორმა, არაოფიციალური წყაროდან ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ზეპირი ფორმით მიღების შემთხვევაში უნდა შეფასდეს ამგვარი ინფორმაციის საკმარისობა მოვალეობათა შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევისთვის. შეფასებას საჭიროებს აგრეთვე კომისიის მიერ გ. ქ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი შესაძლებლობა, ვინაიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებთა რიგს მიაკუთვნებს (მე-2 მუხ. „ბ“ ქვ.პ.). შეფასებას საჭიროებს გ. ქ-ის მიერ სასამართლო განხილვის დროს წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობათა შინაარსი, სააპელაციო პალატამ უნდა დაადგინოს აღნიშნული ცნობების მეშვეობით სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობა, აგრეთვე ავადმყოფობის/სტაციონარში მოთავსების პერიოდი, შრომისუუნარობის ხანგრძლივობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.2007წ. №281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესი“ ადგენს დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტის გაცემის ვალდებულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს გ. ქ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და განმარტებები შრომისუუნარობის შესახებ. გარკვევას საჭიროებს აგრეთვე შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენის საკითხი.
სზაკ-ის 53.5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს, ხოლო 96.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაცული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძვლეზე. სზაკ-ის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასითის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრიცნიპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირი მოკლებულია, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მოყვანილ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შრომისუუნარობის დადასტურების საფუძველია დადგენილი წესით გაცემული საავადმყოფო ფურცელი. დროებითი შრომისუუნარობის დადგენა სცილდება ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს, შრომისუუნარობის, მისი მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა ხდება შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საავადმყოფო ფურცელი ან ცნობა) საფუძველზე, რომლის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხდება სამედიცინო დაწესებულებების სერთიფიცირებული ექიმების მიერ, საავადმყოფო ფურცელი გაიცემა ფიზიკურ პირებზე, საავადმყოფო ფურცლის გაცემის უფლება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომლებიც ეწევიან ავადმყოფების სტაციონარულ ან/და ამბულატორიულ მომსახურებას. საავადმყოფო ფურცლის გაცემა ხდება შრომისუუნარობის დადგენის დღიდან შრომის უნარის აღდგენამდე, ის გაიცემა 10 კალენდარულ დღემდე, შემდგომში მისი გაგრძელება ხდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.2007წ. N281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-2, მე-4 მუხ.). მხოლოდ პაციენტს აქვს უფლება გადაწყვიტოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემის საკითხი („პაციენტის შესახებ“ კანონის 21-ე მუხ.). საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 03.09.2015წ. N10 სხდომის ოქმით ირკვევა, რომ გ. ქ-ის საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზის გამოსარკვევად განისაზღვრა ვადა, კომისიის სხდომის ჩატარება დაიგეგმა 14.09.2015წ., 12:00 საათზე, გ. ქ-ს ეთხოვა სხდომაზე გამოცხადება და საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის მიზეზების სხდომაზე წარმოდგენა (ტ.2, ს.ფ. 24). საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ 03.09.2015წ. საკრებულოს აპარატის უფროსი დაუკავშირდა გ. ქ-ს, რომელსაც ეცნობა კომისიის სხდომის ჩატარების თარიღი და დრო, მიეცა წინადადება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარედგინა მოსაზრებები (ტ.2, ს.ფ. 28). გაფრთხილების მიუხედავად გ. ქ-მა არ წარადგინა საპატიო მიზეზით საკრებულოს საქმიანობაში არმონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულება და არც კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა, მას არც რაიმე განმარტება წარუდგენია კომისიისთვის.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმმად, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი/თანამდებობის პირი ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალიწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს. თუ დადასტურდა, რომ გაცდენის მიზეზი არასაპატიოა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ამზადებს დასკვნას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის/თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, ეს გადაწყვეტილება ძალაშია შესაბამისი ვადის (6 თვის) გასვლის ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიასმ 14.09.015წ. დასკვნით დადგენილად მიიჩნია, რომ ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ. ქ-ი ზედიზედ 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, კერძოდ, 2014 წლის 4 ნოემბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით არ მონაწილეობდა ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუშაობაში, მის მიერ არ ყოფილა წარდგენილი საკრებულოს მუშაობაში არმონაწილეობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უარყო სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თნახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასკ-ის 17.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, საკრებულოს საქმიანობაში არმონაწილეობის საპატიო მიზეზის, შრომისუუნარობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. საქმეში არ არის დაცული აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოსარჩელეს არ წარუდგენია კომისიისათვის ან საკრებულოსათვის საკრებულოს საქმიანობაში არმონაწილეობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, სასამართლოსათვის წარდგენილი ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ადასტურებს სადავო პერიოდში 3 დღის განმავლობაში სტაციონარში ყოფნას და ვერ უარყოფს დასკვნას 9 თვის განმავლობაში გ. ქ-ის საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების შესახებ.
გ. ქ-ისათვის ცნობილი იყო (უნდა ყოფილიყო ცნობილი) ვალდებულების შეუსრულებლობის მოსალოდნელი შედეგი, - ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტა, ექვსი თვის განმავლობაში სარებულოს საქმიანობაში მონაწილეობის მიუღებლობის საფუძვლით. კომისიის შეთავაზების მიუხედავად გ. ქ-ს წარედგინა მისი მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, გ. ქ-მა კომისიას არ წარუდგინა არანაირი მტკიცებულება, უფრო მეტიც, იგი არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე. ზოგადი წესის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი თითოეული მხარე ამტკიცებს იმას, რაზეც მიუთითებს. ის გარემოება, რომ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობის არმიღების საპატიო მიზეზი არ არის მოწესრიგებული საკრებულოს შიდა რეგულაციით, არ ადასტურებს შრომისუუნარობის მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციაზე გადატანის ვალდებულებას. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ჰქონდეს თანამშრომლის მხრიდან კეთილსინდისიერი მიდგომის, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობის, შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მისთვის მიწოდების მოლოდინი. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება შრომისუუნარობა მხოლოდ 3 დღის განმავლობაში, დანარჩენი პერიოდის განმავლობაში საკრებულოს საქმიანობაში საპატიო მიზეზით მონაწილეობის მიუღებლობა არ დასტურდება. საკრებულოს მიერ სადავო აქტის მიღების მომენტისათვის მოსარჩელეს არ წარუდგენია საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. ქ-ი საკრებულოს სხდომებში მონაწილეობას არ იღებდა 2014 წლის ნოემბრიდან. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 06.04.2015წ. საკრებულოს მორიგ სხდომაზე გ. ქ-ი არ მონაწილეობდა საპატიო მიზეზით, ვინაიდან 2015 წლის აპრილში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. აღნიშნულის დასადასტურებლად სააპელაციო პალატა უთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „...ის“ გაცემულ ცნობაზე. 17.04.2015წ. ცნობის თანახმად, გ. ქ-ი სტაციონარში მოთავსდა 15.05.2015წ. და სტაციონარიდან გაეწერა ორ დღეში - 17.04.2015წ.. შპს „...ის“ ექიმის 17.04.2015წ. ცნობის (ფორმა NIV-100/ა) თანახმად, გ. ქ-ი სტაციონარში მოთავსდა 15.04.2015წ., ხოლო გაეწერა 17.04.2015წ., ცნობის თანახმად, პაციენტს მიცემული აქვს მედიკამენტური თერაპიის რეკომენდაცია, ცნობის მიხედვით პაციენტს მიცემული აქვს სამკურნალო და არა შრომითი რეკომენდაცია. ცნობაში აღნიშნული პაციენტის ჩივილი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ პერიოდულად ტკივილის და დისკომფორტის შეგრძნება, არ ადასტურებს 17.04.2015წ. ცნობის გაცემამდე შრომისუუნარობას, მით უფრო, რომ ცნობის გაცემამდე ორი კვირა არ მოიცავს საკრებულოს სხდომის თარიღს. ამდენად, შპს „...ის“ ცნობით არ დასტურდება 06.04.2015წ. სხდომის საპატიო მიზეზით გაცდენა. რაც შეეხება 31.08.2015წ. ცნობას, დასტურდება, რომ გ. ქ-ის სტაციონარში მოთავსების პერიოდი 1 დღეს შეადგენდა (25.08.2015წ. - 26.08.2015წ.), ცნობის მიხედვით პაციენტის სტაციონარიდან გაწერისას მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, ჩატარებული მკურნალობის შედეგად მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტს ჩივილები არ აქვს. ორივე შემთხვევაში პაციენტს გაეწია მხოლოდ სამკურნალო რეკომენდაციები, ცნობებიდან არ დასტურდება ცნობების გაცემამადე ან ცნობის გაცემის შემდეგ შრომისუნარიანობის შეზღუდვა, საკრებულოს მუშაობის პროცესში მონაწილეობის შეუძლებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ქ-ს ცნობები არც საკრებულოსთვის და არც კომისიისათვის არ წარუდგენია, ამდენად, სააპელაციო პალატის განჩინებაში სზაკ-ის მე-5, 53-ე, 96-ე მუხლებზე მითითება არ ადასტურებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით საქმიანობის განხორციელებას, გადაწყვეტილების საქმის გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე გამოცემას.
გ. ქ-ს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე ეკავა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს კომისიის თავმჯდომარეობის/წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 32-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი. კომისიები იქმნებიან მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, კონტროლის მიზნით (28-ე მუხ.), კომისიის თავმჯდომარე მოქმედებს კომისიის სახელით, ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე (37.2 მუხ.). მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ, ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა (41.1 მუხ.). მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები (ბიუჯეტის პროექტის მომზადება, განხილვა, დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, შესრულების ანგარიშის მოსმენა, შეფასება, სახსრების განკარგვა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებების უმნიშვნელოვანესი ნაწილია (16.2 მუხ.). საქმის მასალებში არ მოიპოვება და ვერც მოსარჩელემ წარმოადგინა 9 თვის განმავლობაში მისი მონაწილეობით კომისიის მიერ რაიმე საკითხის განხილვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მაშინ, როდესაც კომისიის თავმჯდომარე ანაზღაურებად თანამდებობათა რიცხვს განეკუთვნება, რის გამოც მოსარჩელე ყოველთვიურად იღებდა ანაზღაურებას. საქმეში არ მოიპოვება კომისიის და ფრაქციის ოქმები, ამასთანავე, საკრებულოს აპარატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ საკითხები, რომლებიც განსახილველად ჰქონდა გადაცემული საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიას 2014 წლის 2 ოქტომბრიდან 2015 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით, იმის გამო, რომ არ ტარდებოდა კომისიის სხდომები, განხილულია სხვა კომისიის მიერ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გ. ქ-ის საკრებულოში გამოუცხადებლობის შეფასებას ექვსთვიან პერიოდში, ვინაიდან უფლებამოსილების შეწყვეტის კანონიერების შემოწმებისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიურად ორი პირობის ერთდროულად არსებობა: 6 თვის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა და შეუსრულებლობის არასაპატიო მიზეზის არსებობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 02.03.2015წ. სხდომაზე დასწრების უწყისის თანახმად, გ. ქ-ი გამოცხადდა საკრებულოში, ხელი მოაწერა დასწრების უწყისს, თუმცა სხდომაზე გ. ქ-ი არ გამოცხადდა, რაც დადასტურებულია საკრებულოს სხდომის ოქმებით. 02.03.2015წ. საკრებულოს სხდომაზე დასწრების ორი უწყისის შედგენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ გ. ქ-მა ხელის მოწერის შემდგომ დატოვა საკრებულოს შენობა და იგი არ დასწრებია სხდომას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციის გავლის დროს აღმოჩნდა, რომ სხდომას არ ესწრებოდა უწყისზე ხელის მომწერი პირი - გ. ქ-ი, შეიქმნა ახალი უწყისის შედგენის აუცილებლობა და უწყისზე იმ პირთა ხელის მოწერა დაფიქსირდა, რომლებიც უშუალოდ ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხდომაში მონაწილეობად ვერ ჩაითვლება სხდომაზე დასწრების უწყისზე ხელმოწერა, სხდომაზე მონაწილეობის მიღებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს მუშა პროცესში - დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება, კენჭისყრაში მონაწილეობა, კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავის შეკავება, ან თუნდაც სხდომაზე განცხადების გაკეთება რაიმე გარემოების გამო სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შესახებ. დეპუტატების ი. გ-ისა და მ. უ-ისგან განსხვავებით, გ. ქ-ს არ განუცხადებია პროტესტის ნიშნად 02.03.2015წ. სხდომაზე არდასწრების შესახებ, ანუ არ დასტურდება საკრებულოს სხდომაზე არდასწრება პროტესტის ნიშნად. 02.03.2015წ. სხდომაზე არდასწრებასთან დაკავშირებით მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის გავლის შედეგ ჩავიდა აფთიაქში წამლის საყიდლად, უკან დაბრუნებულს კი საკრებულოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს გამგებლის მოადგილე მ. ბ-მა, ...ის დირექტორმა ს. ბ-მა, გამგეობის სპეციალისტებმა ნ. ო-ემ და ვ. ქ-მა, რომლებმაც პოლიტიკური მოსაზრებებით მიაყენეს მოსარჩელეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და არ შეუშვეს საკრებულოს შენობაში. ხსენებული პირები დაკითხული იქნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით, მოწმეთა მიერ უარყოფილ იქნა მოსარჩელის მიერ გაჟღერებული გარემოება, მათ უარყვეს რაიმე სახის შელაპარაკება. სხვა რაიმე მტკიცებულებებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება არ დასტურდება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დეპუტატებმა მ. უ-მა და ი. გ-მა დატოვეს 02.03.2014წ. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად, თუმცა 05.04.2016წ. სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, მ. უ-ისათვის არ იყო ცნობილი სხდომაზე გ. ქ-ის არშეშვების ფაქტი, შესაბამისად, პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვება არ უკავშირდება გ. ქ-ის სხდომაზე არდაშვების მოტივს. სხდომიდან გამოსული მ. უ-ი აღნიშნულ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია და მოსარჩელის სხდომაზე არშეშვების შესახებ მოგვიანებით გ. ქ-ისგან გაიგო. იგივე დაადასტურა ი. გ-მა. საქალაქო სასამართლოში საქმეზე დაკითხულმა სხვა მოწმეებმა განმარტეს, რომ გ. ქ-მა სხდომამდე წასვლა მოიმიზეზა სხვა საქმეზე წასვლის საჭიროების გამო. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მოსაზრებები 02.03.2015წ. სხდომაზე მისი არდაშვების, ამის გამო დეპუტატების პროტესტის ნიშნად სხდომის მიტოვების ფაქტი. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოებების, მოწმეთა ჩვენებების შეფასების გარეშე გადაწყვიტა დავა. გ. ქ-ს 02.03.2015წ. სხდომაზე არდაშვების თაობაზე არც იმავე დღეს და არც შემდგომ პერიოდში რაიმე განცხადება, პროტესტი აღნიშნულთან დაკავშირებით არ განუცხადებია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული განცხადება არ გაიზიარა და მიუთითა, რომ კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება მოსარჩელისათვის საკრებულოს შენობაში შეშვების აკრძალვის ფაქტი. სააპლაციო პალატამ დაპირისპირების დამადასტურებელ გარემოებად მიიჩნია სხვა დეპუტატისათვის შეურაცხყოფის მიყენება. „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 14.3 მუხლით დადგენილია საკრებულოს წევრის ვალდებულება დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობათა შესრულების ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. საქმის მასალებით არ დასტურდება გ. ქ-ის მიმართვა სამართალდამცავი ორგანოებისადმი ან საკრებულოს თავმჯდომარისადმი, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების პირობების შექმნის უზრუნველყოფის მოთხოვნით. ამასთანავე, საქმის მასალები, რომლებიც შეეხება საკრებულოს სხვა წევრის (მ. უ-ის) მიმართ 07.09.2015წ. სხდომაზე განხორციელებულ ქმედებას, არ ადასტურებს გ. ქ-ის სამსახურეობრივ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობას. გარდა ამისა, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე წარმოება დაიწყო 03.09.2015წ., შესაბამისად, 07.09.2015წ. ინციდენტი საქმის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, აგრეთვე ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით“ დადგენილი საკრებულოს წევრის ვალდებულებები, გარდა უშუალოდ საკრებულოს შენობაში საქმიანობისა, მოიცავს აგრეთვე მოსახლეობასთან შეხვედრის ვალდებულებას. დადგენილების თანახმად საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ თვეში ერთხელ მაინც, მოაწყოს შეხვედრები თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრა შეიძლება გაიმართოს წინასწარ შედგენილი დღის წესრიგით ან მის გარეშე. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საკრებულოს დარბაზი, სხვა შენობა ან შეხვედრა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ. საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათები, აგრეთვე დღის წესრიგი ქვეყნდება საკრებულოს აპარატის მიერ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი, მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმს ხელს აწერს საკრებულოს წევრი, ოქმი საკრებულოს თავმჯდომარის ვიზირების შემდეგ ინახება საკრებულოს აპარატში („...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების“ 130-ე მუხ.). საქმეში არ მოიპოვება გ. ქ-ის მიერ სადავო პერიოდში ამომრჩეველთა პრობლემური საკითხების გადაწყვეტის მიზნით წინადადებების დასმის, სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების დამდგენი მტკიცებულებები. დავის გადაწყვეტა საჭიროებს სადავო პერიოდში ამგვარი შეხვედრების ორგანიზების და ჩატარების საკითხის გარკვევას. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 28.07.2010წ. №3 დადგენილებით დამტკიცებული „...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით“ დადგენილია საკრებულოს წევრისათვის დაკისრებული მოვალეობების პირადად შესრულების ვალდებულება, დაუშვებელია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების სხვა პირისათვის გადაცემა, საკრებულოს წევრი თავის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს უშუალოდ (12.5 მუხ.). ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიცირება; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა; ე) ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმები. მოცემული სახის საქმიანობები ერთობლიობაში და ცალ-ცალკე წარმოადგენს საკრებულოს წევრის მუშაობის საქმიანობის სახეს. ხსენებული ნორმიდან გ. ქ-ის მიერ რომელიმეს განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქმის მასალებში არ მოიპოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახალი განხილვისთვის.
სასკ-ის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სსკ-ის 55.3 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯის ორივე მხარის გათავისუფლების შემთხვევაში ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს - აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს არ ეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ...ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2018წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე