Facebook Twitter

#ბს-132(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2018 წლის 10 აპრილს ნ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების, „ნ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 აპრილის #101 ბრძანების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #ა18023310 სააღსრულებო საქმისა და ამ საქმის საფუძველზე გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს მისთვის უცნობმა სამშენებლო კომპანიამ, სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მიზნით, მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სამშენებლო მოედანზე მისასვლელი გზის მოწყობასთან დაკავშირებით. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ...ის მე-2 მ/რ-ის პირველი კვარტალის, მე-8 კორპუსის მიმდებარედ ამოყვანილი იყო სამშენებლო ბლოკის კედლები, კერძოდ, ბლოკის 5-რიგიანი მწკრივი, რომლის თავსა და ბოლოში ჩამაგრებული იყო ლითონის მილი და არმატურა. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს დამოუკიდებლად მდგომი კედლის ფრაგმენტს, რომელიც მიწის ზედაპირიდან ამოსულია 80 სმ-ის სიმაღლეზე და არ ემიჯნება რაიმე დამოუკიდებლად მდგარ შენობას, არ წარმოადგენს მის ძირითად ნაწილს და არ მოიცავს ახლოს მდებარე რომელიმე შენობა-ნაგებობის საძირკველს, სახურავის ან პერიმეტრული ნაწილის ფრაგმენტს. დამოუკიდებლად იგი არ არის შენობა, არ გააჩნია ფასადი, არ წამოადგენს მრავალბინიანი შენობის ნაწილს და არ გააჩნია საინფორმაციო დაფა.

სპეციალისტებმა ვერ დაადგინეს შენობის მფლობელი, მოსარგებლე ან მწარმოებელი პირი. მოსარჩელემ ადგილზე მისულ სპეციალისტებს განუმარტა, რომ მის მიერ არ იყო განხორციელებული მშენებლობა, იგი უკვე წამოწყებული იყო იმ დროისთვის, როდესაც ნ. კ-მა 2000 წელს ხსენებულ მისამართზე შეიძინა ბინა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თავად არ არის ამ მშენებლობის არც მესაკუთრე, არც მფლობელი და არც მწარმოებელი. მიუხედავად აღნიშნულისა, სპეციალისტის მიერ ნ. კ-ის მიმართ შედგა #002646 მითითება, რომელიც მას არ ჩაბარებია, არც რაიმე შეტყობინება საქმის განხილვისა თუ მის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე არ მიუღია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიმდინარე წლის 15 მარტს მან ვერ ისარგებლა თავისი კუთვნილი საბანკო დებეტბარათით და დაადგინა, რომ საბანკო ანგარიშებს ედო ყადაღა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ხოლო აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმართვის შემდეგ შეიტყო, რომ მის უძრავ ქონებას ედო ყადაღა. აღნიშნულის მიზეზი კი, გახდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილება, რაც შემდგომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ გაშვებული იყო გასაჩივრების 15-დღიანი ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის განჩინებით ნ. კ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების (აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში 2017 წლის 8 ნოემბერს გაცემული #4-5 სააღსრულებო ფურცლისა და აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ჯარიმის დაკისრების ნაწილში 2018 წლის 16 თებერვალს გაცემული #4-5 სააღსრულებო ფურცლის) მოქმედება (აღსრულება).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „ნ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 აპრილის #101 ბრძანება; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, კანონით დადგენილი წესით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ნ. კ-ის 2018 წლის 1 მარტის #19/01180601420-01 ადმინისტრაციული საჩივრის არსებითი განხილვა დაევალა; დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში („სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს #ა18023310 სააღსრულებო საქმისა და ამ საქმის საფუძველზე გაცემული გადაწყვეტილების შესრულების შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობა) ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არსებობდა ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარების მცდელობა, რაც გამოიხატა სამსახურის მიერ სადავო დადგენილების ფოსტით გაგზავნასა და ადრესატისათვის ობიექტზე ჩაბარების მცდელობაში. კასატორის მითითებით, იმის გათვალისწინებით, რომ ვერ მოხერხდა ადრესატისათვის დადგენილების პირადად ჩაბარება, უკვე არსებობდა თვალსაჩინო ადგილზე განთავსების გზით მისი ჩაბარების ფაქტობრივი წინაპირობა. ის გარემოება, რომ სადავო დადგენილება მხარეს გაეგზავნა ფოსტით, უკვე ადასტურებს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მცდელობას, ჩაებარებინა იგი ადრესატისთვის. განმეორებით გაგზავნის ვალდებულება კი, სამსახურს არ აკისრია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 1 თებერვლის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 სადავო დადგენილებით ნ. კ-ი ქ. თბილისში, ...ის მე-2 მ/რაიონის 1-ლი კვარტალის, #8 კორპუსისა და ს/კ #...-ის მიმდებარედ შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის დაჯარიმდა 10 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. განსახილველ შემთხვევაში, ასევე სადავოა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 3 აპრილის #101 ბრძანება, რომლითაც ნ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი განუხილველი დარჩა მოცემული დადგენილების გასაჩივრების 15-დღიანი ვადის დარღვევის საფუძვლით.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.22 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.

დადგენილია, რომ 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილება ნ. კ-ს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის საფუძველზე, ოფიციალური გაცნობის წესით არ ჩაბარებია. საქმეზე წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის ზემოაღნიშნული დადგენილება ნ. კ-ს გაეგზავნა ფოსტით 2017 წლის 25 ოქტომბერს და რადგანაც არ ჩაბარდა საფოსტო გზავნილი უკან დაუბრუნდა ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 12 დეკემბრის ადმინისტრაციული წარმოების მასალების ჩაბარების შესახებ ოქმით ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების პირდაპირი წესით ჩაბარება ნ. კ-ზე ვერ მოხერხდა, რის გამოც დადგენილება განთავსდა ობიექტზე.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.19 მუხლი ითვალისწინებს განსაზღვრული კორესპონდენციის ჩაბარების სპეციალური წესის გამოყენებას, კერძოდ, თუ დადგენილებაში მითითებული მხარისათვის მითითების, შემოწმების აქტის, უწყების ან დადგენილების გაცნობა (პირადად ჩაბარებით) ვერ ხერხდება, გაცნობად ჩაითვლება მისი განთავსება მითითებაში, შემოწმების აქტში, უწყებაში ან დადგენილებაში აღნიშნული ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე. თუმცა საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილების განთავსება ობიექტის ფასადზე არის უკიდურესი ღონისძიება და აღნიშნული გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას სხვა ფორმის გამოყენებით მოახდინოს მისი დაინტერესებული პირისათვის ჩაბარება. მოცემული წესი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანოს მცდელობის მიუხედავად ადრესატისათვის გზავნილის პირადად ჩაბარება ვერ ხერხდება. ამასთანავე, ორგანოს მცდელობას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ორგანომ ჩაბარების ყველა სხვა შესაძლო გზა უნდა ამოწუროს და მხოლოდ ამის შემდეგ არის დაშვებული თვალსაჩინო ადგილზე აქტის განთავსების გზით, მისი ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევა.

მოცემულ შემთხვევასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ კონკრეტული დროის მონაკვეთში ადრესატის მისამართზე არყოფნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმ გარემოებად, რომ დოკუმენტის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ნ. კ-მა უარი განაცხადა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 16 ოქტომბრის #002646 დადგენილების უშუალოდ ჩაბარებაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ამოეწურა ყველა რესურსი დაინტერესებული პირისათვის დოკუმენტის ჩაბარების თაობაზე და მხოლოდ ამის შემდგომ განეთავსებინა ის ობიექტის ფასადზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე