თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ქ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
I აღწერილობითი ნაწილი:1. მ. ქ-იმ 2019 წლის 4 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა იმავე სააგენტოს 2019 წლის 5 თებერვლის №1000649708 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოსარჩელის სახელზე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 თებერვლის №1000649708 გადაწყვეტილება და იმავე სააგენტოს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ. ქ-ი (დაბადებული ... წლის ... მაისს) არის ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე (ს.ფ. 18; 67-68; 80-83);
3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მარტის №1000599125 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2018 წლის 15 მარტის №1000599125 განცხადება და მ. ქ-ს მიეცა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2018 წლის 26 მარტიდან 2019 წლის 13 მარტამდე (ს.ფ. 17);
3.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ბელიევეს“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის მ. ქ-ი (ს.ფ. 19-20);
3.4. შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მ. ქ-ი დასაქმებულია შპს „...ში“...ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს (ს.ფ. 74-77);
3.5. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს 2019 წლის 8 იანვრის №1511/5/5386 ცნობის თანახმად, მ. ქ-ი არ არის ნასამართლევი (ს.ფ. 79);
3.6. 2019 წლის 16 იანვარს მ. ქ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით (ს.ფ. 81-83);
3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2019 წლის 17 იანვრის №1000649708/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა, ეცნობებინა, არსებობდა თუ არა მ. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები (ს.ფ. 63);
3.8. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 4 თებერვლის №SSG 8 19 00021639 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 62);
3.9. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 თებერვლის №1000649708 გადაწყვეტილებით მ. ქ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 36).
4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის თაობაზე. მითითებული ქმედება მიზნად ისახავს, გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული, პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
5. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტის გამოცემის საფუძველს სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი წარმოადგენს. შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სხვა რომელიმე წინაპირობის არსებობის საკითხი ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია და სათანადოდ არ დაუსაბუთებია, რითაც დაარღვია დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, არ დაიცვა თანაზომიერების პრინციპი.
6. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის დასაქმებისა და მის ანგარიშზე თანხის ბრუნვის ფაქტებზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და მიიჩნია, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტი და მოპასუხეს დაავალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და მტკიცებულებათა შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილი პროცედურული წესის შესაბამისად, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა ისინი.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე და მოსარჩელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლის გადამოწმების მიზნით, გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან. სააპელაციო პალატის განმარტებით, ინფორმაცია, საიდუმლოების შემცველობის გამო, წარდგენილ იქნა მხოლოდ სასამართლოსათვის და არ დაერთო საქმეს. ამასთანავე, საიდუმლო ინფორმაციის შესწავლა და შემოწმება განხორციელდა კანონით დადგენილი წესით, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თუმცა მასში მითითებულმა ფაქტებმა ასახვა ვერ ჰპოვა სასამართლო გადაწყვეტილებაში.
12. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის დროსაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პრიორიტეტულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხები, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მოპოვებისათვის საჭირო დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს სააგენტოში, თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილს. აღნიშნული გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებდა სადავო აქტის საქმის გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის გარეშე გამოცემას. შესაბამისად, პალატამ მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტა.
13. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება მის სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ტექნიკური სახის უსწორობა. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას აზრს არ უცვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული, საქმეზე დაყენებული შედეგის ამსახველი სიტყვები (ნაცვლად მითითებისა: „სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს“, მითითებულია „სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს“). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსით დგინდება, რომ საქალაქო სასამართლომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემულად მიიჩნია, შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ.
15. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების მიზნით, იკვლევს და გამოითხოვს მტკიცებულებებს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წამოადგენს. ამასთანავე, სააგენტოს არ გააჩნია უფლებამოსილება, გაეცნოს და რევიზია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან გამოთხოვილ ინფორმაციას. საკასაციო საჩივრის თანახმად, როდესაც არსებობს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა კონკრეტული პირის საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის თაობაზე, სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილება რედუცირებს ნულისკენ, რამეთუ განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია, მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებს ასეთ დასკვნას.
16. კასატორი აღნიშნავს, რომ შეასრულა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა და შესაბამისი ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ საჩივარი განხილულ იქნებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:18. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახე არის შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად, აგრეთვე თავისუფალი პროფესიის ადამიანზე.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, ვინაიდან ბინადრობის ნებართვის გაცემით უცხოელი მოიპოვებს საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის შესაძლებლობას, ხოლო სახელმწიფო კისრულობს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას საქართველოს ტერიტორიაზე, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ან/და იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
22. კანონმდებელი იმავე მუხლის მეორე პუნქტში აკონკრეტებს კრიტერიუმების ჩამონათვალს, თუ რომელ შემთხვევებს მოიცავს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების (წესრიგის) დაცვის ინტერესები, ესენია: ა) პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს უნდა უქმნიდეს საქართველოს სხვა სახელმწიფოებთან ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას; ბ) უნდა არსებობდეს ინფორმაცია, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით მიუთითებს პირის კავშირზე: ბ.ა) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის/ორგანიზაციის შეიარაღებულ ძალებთან; ბ.ბ) სხვა სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან; ბ.გ) ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან; ბ.დ) ნარკოტიკების, შეიარაღების, მასობრივი განადგურების იარაღის ან მათი კომპონენტების უკანონო ბრუნვასთან, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან/და სხვა სახის დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან (მათ შორის, ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან).
23. აღსანიშნავია, რომ დასახელებული საფუძვლებით ნებართვის გაცემაზე უარის თქმა პირდაპირ პასუხობს კანონის მიზნებს. კანონმდებელმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველივე მუხლში ხაზი გაუსვა რა კანონის მიღების მიზნებს, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ინტერესების უზრუნველყოფაზე. კერძოდ, ხსენებული კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, საქართველოში მყოფ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის შექმნას სამართლებრივი გარანტიები. იმავე კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოში უცხოელის უფლებების განხორციელება და მოვალეობების შესრულება არ უნდა ლახავდეს საქართველოს ინტერესებს, არ უნდა ზღუდავდეს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ სხვა პირთა უფლებებს და არ უნდა უგულებელყოფდეს მათ კანონიერ ინტერესებს. ამრიგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხოელისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ხარჯზე. თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს საქმის გარემოებები, ერთმანეთს შეუპირისპიროს საჯარო და კერძო ინტერესები და თანაზომიერების პრინციპის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება ბინადრობის ნებართვის გაცემის თუ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული საკითხის გამოკვლევა და გადაწყვეტა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
25. სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. ამავე კანონის პირველი მუხლის თანახმად კი, კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქმიანობის სპეციალური სახე, რომლის მიზანია უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
26. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2019 წლის 16 იანვარს მ. ქ-იმ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ზემოაღნიშნული ნორმებისა და მოთხოვნების დაცვით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან ინფორმაცია გამოითხოვა. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 4 თებერვლის №SSG 8 19 00021639 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მ. ქ-ისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია (ს.ფ. 62). აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 5 თებერვლის №1000649708 გადაწყვეტილებით მ. ქ-ის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე (ს.ფ. 36).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2019 წლის 4 თებერვლის №SSG 8 19 00021639 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, საკასაციო სასამართლომ, ქვედა ინსტანციის სასამართლოთა ანალოგიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას.
28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ხსენებული ინფორმაცია მხარეებს გააცნოს და იგი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახოს. ამასთან, საკასაციო პალატა, მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად, ხაზგასმით აღნიშნავს და ადასტურებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებში, სააგენტო უფლებამოსილი იყო, მიეღო მოსარჩელისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების დაცვით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, საქმის მასალები იძლევა დავის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას და არ არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ასევე უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ამდენად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
30. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, იგი შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
31. განსახილველ შემთხვევაში, მ. ქ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, მასვე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 ლარის ანაზღაურება.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ. ქ-ის (პასპორტის №...) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სააგენტოს მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე