№ბ-1337-9(გან-20) 29 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ქეთევან ცინცაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის №296(კ-20) განჩინების განმარტების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2018 წლის 04 ივლისს ზ. ს-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელემ ზ. ს-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივნისის №147/05 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის, ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილების პირველი თანრიგის სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და ზ. ს-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა, 2016 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 6 ივნისის №147/05 ბრძანება; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ. ს-ის საქართველოს ეროვნული ბანკის ...ის დეპარტამენტის ...ის განყოფილების პირველი თანრიგის სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა ზ. ს-ისათვის მიუღებელი იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს, 2016 წლის 11 ნოემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება.
2020 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისათვის დასაზუსტებელია იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხი. განმცხადებლის განმარტებით, გაურკვეველია გულისხმობს თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ზ. ს-ისათვის პრემიის ანაზღაურებასაც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის №296 (კ-20) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტება დაიშვება მხოლოდ გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილება აქვს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ზ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის განჩინებით კი დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 24 დეკემბრის განჩინება. ამდენად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქმე არსებითად არ გადაუწყვეტია და იგი არ არის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამორიცხავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი განმარტების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის №296(კ-20) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივლისის №296(კ-20) განჩინების განმარტების თაობაზე განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე