Facebook Twitter

#ბს-384(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 17 მარტს სს „... ქარხანამ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სს „... ქარხანა“ დაარსდა და რეგისტრაციაში გატარდა 1996 წელს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა უძრავი ქონების საკუთრებაში სრულყოფილად რეგისტრაციის კანონისმიერი საფუძვლები. მიუხედავად ამისა, სამეწარმეო პირის სუბიექტად რეგისტრაციასთან ერთად „ქარხანას“ გადაეცა ძირითად საშუალებათა როგორც აქტიური, ასევე პასიური ნაწილი. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, 1994 წლის 10 დეკემბრის თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის #... გადაწყვეტილებით დამტკიცდა საზოგადოების წესდება, პრივატიზების გეგმა და საპრივატიზაციო ქონების შეფასების აქტი, სადაც შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალს შორის ცალკე საპრივატიზაციო ობიექტად მოცემულია „...ი“.

მოსარჩელის მითითებით, მიუხედავად სახელმწიფო ქონების განკერძოებისა, წლების განმავლობაში მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და „...ი“ საჯარო რეესტრში აღურიცხავი რჩებოდა. მხოლოდ მოგვიანებით, კერძოდ, 2008 წლის 2 აპრილს თბილისის საკრებულომ სს „... ქარხანა“ სცნო მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ, გაიცა საკუთრების მოწმობა და განხორციელდა სათანადო რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, თუმცა „...ი“ კვლავ აღურიცხავი დარჩა და იგი არ დარეგისტრირებულა.

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 30 ივლისს „სს ... ქარხნის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ...ს სადგურის მიმდებარედ, გაიყიდა მ. მ-ეზე, თუმცა მიწის ნაკვეთთან ერთად არ მომხდარა „...ის“ რეალიზაცია და იგი კვლავ დარჩა სს „... ქარხნის საკუთრებაში. რაც შეეხება მ. მ-ის საკუთრებაში გადასულ უძრავ ქონებას, მოსარჩელის მითითებით, 2010 წლის 8 აპრილიდან უძრავი ქონების, კერძოდ, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა სს „ს...ი“, თუმცა ბუნებრივია, გამყიდველს არ მოუხდენია „...ის“ რეალიზაცია, ვინაიდან იგი არასდროს არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.

მოსარჩელის განმარტებით, „...ი“ წარმოადგენს ცალკე უფლების ობიექტს, შესაბამისად, იგი, როგორც ხაზობრივი ნაგებობა, საჯარო რეესტრში ექვემდებარება ცალკე უფლების საფუძველზე რეგისტრაციას. სწორედ ამიტომ, სს „... ქარხანამ“ სასამართლოში აღძრა სარჩელი „...ის“ სერვიტუტის უფლებით რეგისტრაციის მოთხოვნით. საპასუხოდ მოპასუხე მხარემ შესაგებელში წარმოადგინა მტკიცებულება, რომ „...ზე“ უფლება რეგისტრირებული იყო შპს „ს...ის“ სახელზე (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.კ. #...).

ამდენად, მოსარჩელემ ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, 284 მ სიგრძის „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 20 იანვრის #... გადაწყვეტილების, ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, 61 მ სიგრძის „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 11 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯების გადახდის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „... ქარხნის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ქარხანამ“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით სს „... ქარხნის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასება, რომ საკადასტრო კოდი მხოლოდ ადასტურებს საჯარო რეესტრში კონკრეტულ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ფაქტს და იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე საკუთრების უფლება ვლინდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით, განაცხადის რეგისტრაციის #..., მომზადების თარიღი 02/07/2008 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.... შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მასზე, როგორც ცალკე უფლების ობიექტის სამართლებრივი რეჟიმი ვერ გავრცელდებოდა იმ სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, რაზეც მოსარჩელე აპელირებდა, რამდენადაც იგი, როგორც უძრავი ნივთი და მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო 2008 წლის მდგომარეობით საკადასტრო კოდზე #....

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ცალსახა იყო 2008 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა გამოვლენილი ნება #... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ. სს „... ქარხანამ“, როგორც გამყიდველმა, მ. მ-ეს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სს „... ქარხნის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთს და მასზე აღმართულ შენობა-ნაგებობას მთლიანად. ნასყიდობის საგანმა მოიცვა სწორედ ამ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონებიდან 37610 კვ.მ მიწის ნაკვეთი თავისი არსებითი შემადგენელი ნაწილებით, აქ სხვა დათქმა წარმოდგენილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან სამოქალაქო ბრუნვაში მისი დაშვება ხდებოდა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც ვლინდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს და მიიჩია, რომ ამ უკანასკნელმა მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებზე მითითებით, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი ადასტურებდა, რომ სს „... ქარხანას“ გასხვისების შემდეგ საკუთრებაში დარჩა 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სს „... ქარხნის“ საკუთრება მოცემული იყო ნახაზზე ცისფერ ფერში, ხოლო მ. მ-ის 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრ ფერში, მ. მ-ის 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე დატანილი იყო რკინიგზის ლიანდაგი. რაც შეეხებოდა მოსარჩელის მითითებას, რომ მ. მ-ემ შეიძინა შენობა-ნაგებობები მხოლოდ #1-დან #27-ის ჩათვლით და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო გეგმა არ ასახავდა რკინიგზის ლიანდაგებს, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, სააპელაციო პალატამაც მიიჩნია, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, როგორც 2008 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, მოიცავდა ასევე რკინიგზის ლიანდაგებს, ხოლო მხარეთა მიერ გამოხატული ნება ცალსახად ადასტურებდა, მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე გავრცელდა მყიდველის საკუთრების უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „... ქარხანამ“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ კერძო პირის მიერ შედგენილ აზომვით ნახაზზე ასევე დატანილია სადავო „...ი“ (რაც კასატორის, მოსაზრებით, ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან აღნიშნული ობიექტი იქ მართლაც არსებობდა), იგი არ გამხდარა განკარგვისა და გასხვისების საგანი, რამდენადაც ამ ობიექტთან დაკავშირებით, არც აზომვით ნახაზზე არ მინიჭებია მას ნომერი ან მნიშვნელობა და არც საჯარო რეესტრს არ გაუცია საკადასტრო გეგმა მასზე „...ის“ დატანით.

კასატორის განმარტებით, მოცემულ საქმეში, არარელევანტურია სასამართლოს მხრიდან იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2011 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში შპს „ს...ის“ მიერ განხორციელდა სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის აღდგენით-სარემონტო სამუშაოები და მოეწყო 3000 ტ ტევადობის მიწისქვეშა ბიტუმსაცავი. კასატორის აღნიშვნით, ამ დროისათვის თავად შპს „ს...ი“ საჯარო რეესტრში არ ყოფილა აღრიცხული ხსენებული ლიანდაგის მესაკუთრედ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ასევე ვერ შეაფასა ის გარემოება, რომ მიუხედავად ამ ფაქტისა, 2012 წლის რეგისტრაციისას ეს ფაქტი, როგორც უფლების დამდგენი მტკიცებულება, მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან გამოყენებულიც არ ყოფილა და არც ამ გარემოებაზე დაყრდნობით არ განხორციელებულა რეგისტრაცია.

კასატორის მითითებით, მოსარჩელესა და მ. მ-ეს შორის 2008 წლის 18 ივლისის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის არსებული საჯარო რეესტრის უკანასკნელი, 2008 წლის 25 მაისის ამონაწერით კასატორის საკუთრებაში არ ირიცხებოდა სადავოდ გამხდარი ჩიხი. შესაბამისად, მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობით მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა მ. მ-ის საკუთრების უფლება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაერეგისტრირებინა იმ უძრავ ქონებაზე, რომელზედაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის, თავად გამყიდველს არ ჰქონია დარეგისტრირებული საკუთრების უფლება.

კასატორი აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო „...ი“ განთავსებული იყო როგორც მოსარჩელის მიერ განკარგულ, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ობიექტის მიმართ არ ყოფილა დასრულებული სარეგისტრაციო წარმოება, იგი, როგორც მთლიანი, ერთიანი სამშენებლო ნაგებობა, ვერ იქნებოდა აღრიცხული და დარეგისტრირებული ვერც 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ვერც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შემადგენელ ნაწილად. მეტიც, ამ თვალსაზრისით, იგი ვერ იქნებოდა ვერც იპოთეკის ობიექტი, ვინაიდან იპოთეკის უფლება ვერ გავრცელდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, 284 მ სიგრძის „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 20 იანვრის #... გადაწყვეტილების, ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, 61 მ სიგრძის „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 11 სექტემბრის #... გადაწყვეტილების, ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ ხაზოვანი ნაგებობის, კერძოდ, „...ის“ შპს „ს...ის“ სახელზე საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 9 ოქტომბრის #... გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ვლინდება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის გზით. „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის #4741–Iს საქართველოს კანონით მე-17 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება ასევე ცალკე უფლება უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე. ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთის ისეთი არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ცალკე უფლების ობიექტია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ხაზობრივ ნაგებობას მიაკუთვნებს უძრავ ნივთს, რაც ნიშნავს იმას, რომ ხაზობრივი ნაგებობა ამავე კანონის და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, ექვემდებარება რეგისტრაციას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემული ნორმიდან გამომდინარე, საკადასტრო კოდი მხოლოდ ადასტურებს საჯარო რეესტრში კონკრეტულ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის ფაქტს და იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო რკინიგზის მისასვლელ ლიანდაგზე საკუთრების უფლება ვლინდებოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერით, განაცხადის რეგისტრაციის #..., მომზადების თარიღი 02/07/2008, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #....

შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მასზე, როგორც ცალკე უფლების ობიექტზე, სამართლებრივი რეჟიმი ვერ გავრცელდებოდა იმ სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, რაზეც მოსარჩელე აპელირებს, რამდენადაც იგი, როგორც უძრავი ნივთი და მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის მდგომარეობით საკადასტრო კოდზე #....

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქალაქო სასამართლოს განმარტების გაზიარებას და მიიჩნევს, რომ ცალსახაა 2008 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება #... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მიმართ. სს „... ქარხანამ“, როგორც გამყიდველმა, მ. მ-ეს მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი. ამ ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა სს „... ქარხნის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე აღმართული შენობა-ნაგებობა მთლიანად, ნასყიდობის საგანმა მოიცვა სწორედ ამ საკადასტრო კოდზე არსებული უძრავი ქონებიდან 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთი თავისი არსებითი შემადგენელი ნაწილებით, სხვა დათქმა კი წარმოდგენილი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, ვინაიდან სამოქალაქო ბრუნვაში მისი დაშვება ხდებოდა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც ვლინდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებზე მითითებით, ვინაიდან საკადასტრო აზომვითი ნახაზი ადასტურებს, რომ სს „... ქარხანას“ გასხვისების შემდეგ, საკუთრებაში დარჩა 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სს „... ქარხნის“ საკუთრება მოცემულია ნახაზზე ცისფერ ფერში, ხოლო მ. მ-ის 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრ ფერში. მ. მ-ის 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასევე დატანილია რკინიგზის ლიანდაგი. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ მ. მ-ემ შეიძინა შენობა-ნაგებობები მხოლოდ #1-დან #27-ის ჩათვლით და მის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო გეგმა არ ასახავდა რკინიგზის ლიანდაგებს, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, როგორც 2008 წლის 18 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, მოიცავდა ასევე რკინიგზის ლიანდაგებს, ხოლო მხარეთა მიერ გამოხატული ნება ცალსახად ადასტურებდა, მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე გავრცელდა მყიდველის საკუთრების უფლება.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით, ცალსახად დასტურდებოდა ზემოაღნიშნულ კოდზე არსებული უძრავი ქონებიდან 37 610 კვ.მ მიწის ნაკვეთის მასზე არსებული უძრავი ქონებით გასხვისება, სხვა დათქმა მხარეთა შორის არსებული შეთანხებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამ ფაქტობრივი მოცემულობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გამიჯვნის ნახაზზე მოცემულია რკინიგზის ლიანდაგი, როგორც მიწის ნაკვეთის შემადგენელი ნაწილი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ რკინიგზის ლიანდაგი არ გადაუცია მყიდველისათვის და რომ იგი წარმოადგენდა ცალკე უფლების ობიექტს.

საკასაციო პალატა, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ მასალებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე შეიძინა 2008 წლის 2 აპრილს, იმ დროს, როდესაც კანონმდებლობა ითვალისწინებდა ხაზობრივი ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად რეგისტრაციის წესს. კასატორმა კი მხოლოდ 2017 წლის 17 მარტს მიმართა სასამართლოს და განაცხადა პრეტენზია „...ზე“. მხარეებისათვის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ 2011 წლის აგვისტო-ოქტომბრის თვეებში შპს „ს...ის“ მიერ განხორციელდა სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები და მოეწყო 3000 ტ ტევადობის მიწისქვეშა ბიტუმსაცავი. აღდგენითი სამუშაობის დასრულების შემდეგ, ...ი მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, ...ის მშენებლობაზე ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად კი დაიხარჯა 168861 ლარი. ამ წლების განმავლობაში მესამე პირი მართლზომიერად ფლობდა კუთვნილ მიწის ნაკვეთს და სარგებლობდა მასზე განლაგებული ხაზობრივი ნაგებობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ. ნ-ს სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარზე 17.04.2019წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გ. ნ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება;

3. გ. ნ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს სს „... ქარხნის“ საკასაციო საჩივარზე 17.04.2019წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე