Facebook Twitter

#ბს-420(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. ზ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 12 ივნისს ა. ზ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას მარნეულის რაიონის სოფელ ...ში საკუთრებაში აქვს კომერციული ობიექტი - 100 კვ.მ ...ა სადაც დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. უძრავი ნივთის რეგისტრაცია განხორციელდა 2002 წელს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურში.

მოსარჩელის მითითებით, მისმა თანასოფლელმა - ზ. ს-მა, აღნიშნული ...ის დასაკუთრების მიზნით, 2003 წელს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, ზ. ს-მა განახორციელა უკანონო ქმედება, საჯარო რეესტრში წარადგინა მცდარი მონაცემების მქონე დოკუმენტი, კერძოდ, მის მიერ შეძენილ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც წარმოადგენს 60 კვ.მ ფართს და მდებარეობს სხვა ადგილას, შეადგინა საკადასტრო აზომვითი ნახაზი იმგვარად, რომ მოიცვა მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული კომერციული ფართის დიდი ნაწილი და განახორციელა მოსარჩელის საკუთრებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის შემდეგაც მან ქონება ჯერ ნათესავზე (დისშვილზე) გაასხვისა, შემდეგ კი მისი სახელით სარჩელით მიმართა სასამართლოს და კვლავ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოითხოვა. მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული რეგისტრაციები ეფუძნება მცდარ მონაცემებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

ამდენად, მოსარჩელემ მარნეულში, ...ში მდებარე 60 კვ.მ უძრავ ქონებაზე 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაციის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ამასთან, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექისი 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ ზ. ს-ი და რ. ა-ი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელის - ა. ზ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შეჩერდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე მარნეული, ... 60 კვ.მ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტარციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ზ. ს-მა და რ. ა-მა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ზ. ს-ის და რ. ა-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ადმინისტრაციული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი ინკვიზიციურობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის მიერ ფორმულირებულ სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო, ვინაიდან მას სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სადავო რეგისტრაციების საფუძველი სამართლებრივი დოკუმენტები. სასარჩელო მოთხოვნა მსგავსი ფორმულირებით არ იყო სამართლებრივი შედეგის მომტანი, სასამართლომ კი ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არ შესთავაზა და არ დაეხმარა მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, დაეხმაროს მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაში. კერძოდ, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, თუკი სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული სახით არ ასახავს მოსარჩელის ნებას, მის იურიდიულ ინტერესს, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ფორმულირებაში, თუმცა ხსენებული, სასამართლოს მითითების შემდგომ, უნდა განახორციელოს თავად მოსაჩელე მხარემ.

ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს მოახდინოს მოთხოვნის ტრანსფორმირება. იქვე, პალატამ აღნიშნა, რომ არსებითად მნიშვნელოვანი იყო შენარჩუნებულიყო დავის განხილვის ინსტანციურობა, რაც ამგვარი სასარჩელო მოთხოვნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ტრანსფორმირებას და მის საფუძველზე დავის გაგრძელებას გამორიცხავდა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სადავო საკითხის მართებული გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა დამატებითი კვლევა, მათ შორის, პალატის მოსაზრებით, არსებობს ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის ხელახალი განხილვისას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ზ. ს-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული უძრავი ქონება, ასევე ...ის სახელზე აღრიცხული ქონება, რომელიც მოგვიანებით საკუთრებაში გადაეცა ასრათ სულეიმანოვს, წარმოადგენს თუ არა ერთსა და იმავე ობიექტს. სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის შედეგად არის შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უძრავი ქონების იდენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დავის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რომელ პირს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ზ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანია არა ზ. ს-ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, არამედ მისთვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების არასწორი ადგილმდებარეობით როგორც პირველადი, ასევე, დაზუსტებული რეგისტრაციის ფაქტი. კასატორის განმარტებით, ა. ზ-მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძინა ...ისაგან. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა ...ას, რომელშიც ქონების შეძენამდე თავად მუშაობდა კასატორი. კასატორის მითითებით, მას აღნიშნული ქონება მიეყიდა როგორც მეპაიეს და ქონების საკუთრებაში გადაცემის შემდგომ, იგი კვლავაც უზრუნველყოფს ამ ობიექტის მუშაობას. რაც შეეხება ზ. ს-ს, მას ზემოხსენებული ...ის შენობა მფლობელობაში ან საკუთრებაში არასდროს არ ჰქონია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან და საპროცესო-სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვის მიზნით მართებულად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მარნეულში, ...ში მდებარე 60 კვ.მ უძრავ ქონებაზე 2002 წლის 23 ოქტომბრის პირველადი რეგისტრაციის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 24 აგვისტოს #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ადმინისტრაციული სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპი ინკვიზიციურობის თაობაზე. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის მიერ ფორმულირებული სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ვინაიდან მას სადავოდ არ აქვს გამხდარი სადავო რეგისტრაციების საფუძველი სამართლებრივი დოკუმენტები. სასარჩელო მოთხოვნა მსგავსი ფორმულირებით არ არის სამართლებრივი შედეგის მომტანი, სასამართლომ კი ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, არ შესთავაზა და არ დაეხმარა მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.

საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მისი საფუძველი დოკუმენტების შესწავლის გზით, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ასეთი დოკუმენტები წარმოადგენს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და მოსარჩელე მას სადავოდ არ ხდის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს რეგისტრაციის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე, ვინაიდან სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. იმ პირობებში, როდესაც რეგისტრაციის საფუძველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავოდ არ არის გამხდარი, იგი მიიჩნევა კანონშესაბამის აქტად, მის საფუძველზე გამოცემული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება ასევე ითვლება კანონშესაბამის სამართლებრივ აქტად, გარდა იმ შემთხვევისა თუკი უფლების რეგისტრაციის დროს ადგილი აქვს პროცედურულ დარღვევებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სადავო რეგისტრაციების ბათილად ცნობას მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ არა პროცედურული დარღვევების საფუძველზე, არამედ შინაარსობრივად, არსებითი განხილვის შედეგად.

საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს თითოეულ სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველი დოკუმენტი. კერძოდ, მარნეულში, ...ში მდებარე 60 კვ.მ უძრავ ქონებაზე 2002 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული პირველადი რეგისტრაციით ზ. ს-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ხსნებეულ ქონებაზე. უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მიეთითა: 23.08.2002წ. აუქციონის შედეგები, ოქმი #3, მიღება-ჩაბარების აქტი. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აუქციონის შედეგებზე გამოცემული სამართლებრივი დოკუმენტები წარმოშობს პირის საკუთრების უფლებას, შესაბამისად, ხსენებული აქტები წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. აუქციონის შედეგებზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება სასამართლოს მიერ დასაშვებია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც იგი მხარეს სადავოდ აქვს გამხდარი. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ითხოვს იმ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველს წარმოადგენს აუქციონის შედეგები, თუმცა ამ უკანასკნელს მხარე არ ასაჩივრებს, რაც შედეგობრივად მოსარჩელის ინტერესთან თანხვედრაში არ მოდის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, ასევე სადავოდ ხდის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2017 წლის 22 თებერვლის #... რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლითაც სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა რ. ა-ის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 17.02.2017წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. განსახილველ შემთხვევაშიც, მოსარჩელე ისე ითხოვს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომ ის სამართლებრივი დოკუმენტი - მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო უფლების რეგისტრაციას, სადავოდ არ აქვს გამხდარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281 მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას, დაეხმაროს მხარეს სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებაში. კერძოდ, სასამართლო არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში. ამდენად, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, თუკი სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებული სახით არ ასახავს მოსარჩელის ნებას, მის იურიდიულ ინტერესს, სასამართლო უნდა დაეხმაროს მას მოთხოვნის ფორმულირებაში, თუმცა ხსენებული, სასამართლოს მითითების შემდგომ, უნდა განახორციელოს თავად მოსაჩელე მხარემ.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უნდა შესთავაზოს მოსარჩელეს მოახდინოს მოთხოვნის ტრანსფორმირება. ამასთან, საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის განხილვის ინსტანციურობის შენარჩუნებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო საკითხის მართებული გადაწყვეტის მიზნით, მნიშვნელოვანია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა დამატებითი კვლევა, მათ შორის, პალატის მოსაზრებით, არსებობს ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 23 ოქტომბრის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათით დასტურდება ზ. ს-ის საკუთრების უფლება მარნეულში, ...ში მდებარე 60 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ნაკვეთის ფუნქციის გრაფაში მითითებულია, რომ აღმამედლოს ყოფილი სახ. მეურნეობის ...ის შენობა დაკავებულ მიწასთან ერთად შეადგენს 60 კვ.მ-ს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24.08.2016წ. გადაწყვეტილებით ზ. ს-ის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე და მიენიჭა საკადასტრო კოდი: #.... ამასთან, საჯარო რეესტრის 2002 წლის 25 ნოემბრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულში სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღრიცხულია ...ის სახელზე წარმოდგენილი ფ. კ-ის სახით. მარნეულის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2002 წლის 25 ნოემბრის #242 ცნობა-დახასიათების თანახმად, ...ის ქონება შეისყიდა ა. ზ-მა ხუთას ოცდაორ ლარად.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 29 მაისს გაცემული ცნობა-დახასიათების თანახმად, მარნეულში, სოფელ ...ში მდებარე 100 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, არასაცხოვრებელი ფართით 77.44 კვ.მ ...აზე, 2002 წლის 25 ნოემბრიდან აღრიცხულია ა. ზ-ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 მაისის წერილით ასრათ სულეიმანოვს მისივე განცხადების პასუხად ეცნობა, რომ განცხადებაზე თანდართულ ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი ზედდებაშია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლებარეგისტრირებულ უძრავ ნივთთან ს.კ. #.... ამდენად, ა. ზ-ი აცხადებს პრეტენზიას იმ ნაკვეთზე, რომელზეც დარეგისტრირებული იქნა ზ. ს-ის საკუთრების უფლება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ დავის ხელახალი განხილვისას არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ზ. ს-ის უფლების დამდგენ დოკუმენტებში მითითებული უძრავი ქონება, ასევე ...ის სახელზე აღრიცხული ქონება, რომელიც მოგვიანებით საკუთრებაში გადაეცა ასრათ სულეიმანოვს, წარმოადგენს თუ არა ერთსა და იმავე ობიექტს. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევის შედეგად არის შესაძლებელი დავის სწორად გადაწყვეტა. უძრავი ქონების იდენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დავის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, თუ რომელ პირს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ო. მ-ს ა. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 18.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ო. მ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს ა. ზ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განჩინება;

3. ო. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ა. ზ-ის საკასაციო საჩივარზე 18.04.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე