#ბს-458(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 9 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ შპს „...ისათვის“, მხარეთა შორის 03.07.2014წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 45 016 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ #1 შენობა-ნაგებობაზე, საერთო ფართით 341.88 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართით - 372 კვ.მ, ს/კ #.... ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტით მყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებაზე პლასტმასის მწარმოებელი საწარმოს შექმნასა და წარმოების დაწყებაზე, განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლისა. 3.1.2. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა 3.1.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით არანაკლებ 104 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება, ხოლო ინვესტიციის არანაკლებ 25% უნდა განხორციელებულიყო განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში. 6.4. მუხლის თანახმად, 3.1.2. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მყიდველს ეკისრებოდა პირგასამტეხლო დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3.1.5. პუნქტის თანახმად, მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა 3.1.2. მუხლით გათვალისწინებული გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 30 დღისა, გამყიდველისთვის წარედგინა აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც ასახავდა ხელშეკრულების 3.1.1. და 3.1.2. მუხლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. 6.6. მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეული ვალდებულების დარღვევისთვის მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, 3.1.5. მუხლის დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სარჩელის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აპრილის #4/21441 წერილით შპს „...ს“ დამატებით ეცნობა 2014 წლის 3 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ და ხელშეკრულების 3.1.7 მუხლის შესაბამისად, ეთხოვა სააგენტოში დეტალური ინფორმაციის წარდგენა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რისთვისაც განესაზღვრა 10-დღიანი ვადა წერილის ჩაბარებიდან. ასევე, მხარემ გაფრთხილებები მიიღო 14.05.2015წ. #..., 10.06.2015წ. #... წერილებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ის“ მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 დეკემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი შპს „...ის“ მიმართ, მხარეთა შორის 2014 წლის 3 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 3016 ლარის გადახდა დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...ს“ 03.07.2014წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 4200 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 416-ე მუხლსა და 417-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შპს „...ის“ მიერ დარღვეულია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვალდებულება, რომელთაგან თითოეულის დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრება. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თითოეული ვალდებულების შესრულებას თავისი მიზანი და მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, მოცემულ პირობებში, შეუძლებელია რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობისთვის არ იყოს გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ #1-1/1537 ბრძანების მიხედვით, სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ფორმა, ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ხელშეკრულებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 3016 ლარის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „...ს“, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, კერძოდ, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა, აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „...ს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 03.07.2014წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდა 4200 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოთხოვნის მხოლოდ ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი.
დადგენილია, რომ 2014 წლის 3 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ში მდებარე 16 783 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული #1 შენობა-ნაგებობა, საერთო ფართით - 341.88 კვ.მ, სხვა ფართი: განაშენიანების ფართით - 372 კვ.მ, ს/კ .... საპრივატიზებო თანხად განისაზღვრა 1 ლარი. ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ზომები ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევებში.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ შპს „...ის“ მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არც ერთ ეტაპზე. მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არც დაუწყია. ამდენად, სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 5 ოქტომბრის #1/1-4041 ბრძანებით ცალმხრივად შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული 2014 წლის 3 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით კი, მნიშვნელოვანია დადგინდეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევა, დარღვევით გამოწვეული ზიანის ხასიათი, ვალდებულების დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით წინასწარ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი შესაბამისობა გონივრულ ზღვართან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო უნდა იყოს გონივრული და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს, უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა - 4200 ლარი წარმოადგენს გონივრულ ოდენობას პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებისათვის. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებასაც, რომ მოსარჩელე არ უთითებს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ისეთ ზიანზე, რაც პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად განსაზღვრავდა განსხვავებულ მონაცემს. შესაბამისად, მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში 4 200 ლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე