#ბს-476(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 17 მარტს მ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის #000508 დადგენილებისა და „მოქალაქე მ. ნ-ის წარმომადგენლის - მ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 25 თებერვლის #356 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის #000508 დადგენილების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლა.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მის მიმართ 2015 წლის 3 სექტემბერს შეადგინა #000508 მითითება, ხოლო 2015 წლის 16 ოქტომბერს #000508 შემოწმების აქტი. მოსარჩელის განმარტებით, საქმის განხილვის დროს მის მიერ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რომ უკანონოდ არ განუხორციელებია მიშენება-გადაკეთება მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე. სარჩელის მიხედვით, მ. ნ-ის მიერ ასევე წარდგენილ იქნა მტკიცებულება, რომ მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენამდეც და მას შემდეგაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქმეში მესამე პირად ჩართული შპს „...ს“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, თუმცა მიუხედავად ამისა, მოსარჩელე დაჯარიმდა 8000 ლარით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #42/რიწის ქუჩა #1-ში სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელებისათვის და მასვე დაევალა სადავო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის - „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის #000508 დადგენილების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი „მ. ნ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის #356 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დაევალა; დანარჩენ ნაწილში მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულია „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 16 დეკემბრის #000508 დადგენილება, რომლის თანახმადაც, მ. ნ-ი ქ. თბილისში, ...ის ქ. #42/რიწის ქუჩა #1-ის მიმდებარედ უნებართვოდ განხორციელებული მიშენებისათვის დაჯარიმდა 8 000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ასევე გასაჩივრებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის #356 ბრძანება, რომლითაც გასაჩივრების ვადის დარღვევის საფუძვლით მ. ნ-ის ადმინისტრაციული საჩივარი დარჩა განუხილველი.
მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ გასაჩივრებული დადგენილება მ. ნ-ის წარმომადგენელს - მ. ტ-ეს პირადად ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილია 2016 წლის 18 იანვარს, რის გამოც გასულია სადავო დადგენილების გასაჩივრების 15-დღიანი ვადა, შესაბამისად, დარღვეულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.22 მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 15 დღის განმავლობაში.
არსებულ პირობებში საკითხი შეეხება გასაჩივრების ვადის აღდგენის დაშვების შესაძლებლობას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ გაშვებული ვადა უნდა აღდგეს, თუ დაინტერესებულმა მხარემ კანონით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამავე მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს მითითებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის გამოყენების დაშვების თაობაზე, რომელიც ასევე ადგენს საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას და საპატიოდ მიიჩნევს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ გარემოებებს, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს პაციენტ მ. ტ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში წარმოდგენილ შპს სამედიცინო ცენტრი „მ...ის“ მიერ 2016 წლის 28 იანვარს გაცემულ ცნობაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტის ექიმთან მიმართვის თარიღია 2016 წლის 13 იანვარი, დიაგნოზი - ზემო სასუნთქი გზების ინფექციური გართულება, შუა ყურის მწვავე ანთებით. მოცემული ცნობით ავადმყოფის მიმდინარეობა შეფასებულია - მწვავედ, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქმნის მაღალი ალბათობით მტკიცების საფუძველს, რომ დაავადება აღნიშნულ სიმწვავეს ვერ მიაღწევდა ერთ დღეში და უფრო პრინციპულია, რომ მხარეს 2016 წლის 13 იანვრის ჩათვლით გააჩნდა საჩივრის წარდგენის ვადა და იმ პირობებში, როდესაც კანონი ახდენს აღნიშნული ვადის აღდგენის დაშვებას, მითითება იმაზე, რომ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა ვადა არ მიეყვანა გასაჩივრების ბოლო დღემდე, არ პასუხობს კანონის მიზნებს და უხეშად ლახავს პირის უფლებებს - სრულად ისარგებლოს კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადით. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაცემული ცნობა ქმნის იმ გარემოების მტკიცების საფუძველს, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, რაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 25 თებერვლის #356 ბრძანების ბათილობისა და მითითებული ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქალაქე მ. ნ-ის წარმომადგენლის - მ. ტ-ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე