Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-491(კ-19) 1 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე; ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. ტ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. ამავე სამართალწარმოების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაერთო თ. ა-ე.

მოსარჩელემ მოითხოვა ქ. თბილისში, ...ში, ...ის ქუჩის N...-ის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე თ. ა-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N486 ოქმში ასახული გადაწყვეტილებისა და მასზე გაცემული თბილისის საკრებულოს 2016 წლის 23 ივნისის N... საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა.

მოსარჩელემ ადმინისტრაციულ სარჩელში მიუთითა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა მესამე პირის - თ. ა-ის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, მათ შორის იმ ნაწილზე, რომელსაც ზ. ტ-ი 2005 წლიდან ფლობს და სარგებლობს. ამასთან მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ქონება იყიდა თავისმა მამამ თ. ა-ის ძმისგან 1000 (ათას) აშშ დოლარად, რაც დასტურდებოდა ხელწერილით. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N486 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 7 მარტის N486 სხდომის ოქმში ასახული, თ. ა-ის განცხადებაზე გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემული N... საკუთრების მოწმობა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიმდინარეობისას, მოსარჩელემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით, რაც სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით შეჩერდა თბილსის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს გაცემული N2/40273-16 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (მოსარჩელის მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით) დაწყებული სააღსრულებო წარმოება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 23 ივნისს გაცემული N... საკუთრების უფლების მოწმობის მოქმედება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და მიუთითა მათზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებას წარმოშობს პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში.

საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის - ავტოფარეხის ნაწილზე, როგორც მამის დანატოვარ ქონებაზე თ. ა-ემ უარი თქვა ძმის - ა. ა-ის სასარგებლოდ, ხოლო ამ უკანასკნელმა ავტოფარეხზე მფლობელობა გ. ტ-ის სასარგებლოდ 2005 წლის მარტში დათმო 1000 (ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ. ამასთან, ამავე პერიოდიდან ზ. ტ-ის მიერ ავტოფარეხის ფლობის ფაქტზე მითითებულია თ. ა-ის მიერ ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე წარდგენილ სარჩელშიც.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს ზ. ტ-ის მიერ ავტოფარეხის მფლობელობის ფაქტზე და მისგან გამომდინარე, მოსარჩელის უფლებაზე, რაც გამორიცხავდა თ. ა-ის განცხადების დაკმაყოფილების შესაძლებლობას ზ. ტ-ის მიერ დაკავებული ავტოფარეხის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად დასაბუთებულად მიიჩნია განსახილველი საქმის გადაწყვეტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით. „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, „გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული“, ხოლო „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, „გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.“

კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის კანონდარღვევით გამოტანილი, რადგან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილზე დაყრდნობით განსახილველი საქმის გადაწყვეტა გაუმართლებელია.

კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას გარემოებების გამოკვლევის დროს, ერთი მხრივ, დადგინდა სადავო უძრავი ქონების თ. ა-ის მიერ ფლობა/სარგებლობის ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, დათვალიერების ოქმში ასახულ იქნა ადგილზე არსებული სიტუაცია, რომლის დროსაც არ გამოვლენილა საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის სხვა პირის მიერ ფლობა/სარგებლობის ფაქტი.

კასატორის შეფასებით პირებს შორის არსებული კერძო სამართლებრივი დავა (ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა) არ უნდა გახდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორის მითითებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის აღმჭურველი ხასიათის, რის გამოც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი ბათილად ცნობისგან დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს.

კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, რადგან საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განჩინებით, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს მათი განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავა გადაწყვიტა სწორად.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს და განმარტეს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები. ამასთან, მათი მხრიდან მითითებულ იქნა ზემოხსენებული ნორმატიული აქტების გამოყენების მოტივები. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა იმ მოთხოვნის იურიდიული საფუძველი, რომელიც უკავშირდება სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას და ასევე სწორად გამოიყენა და განმარტა შესაბამისი ნორმები.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ პუნქტიდან გამომდინარე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობას წარმოადგენს აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“ იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.“ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობის მფლობელის/მოსარგებლის ვინაობის განსაზღვრა წარმოადგენდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული იყო სრულყოფილად გამოეკვლია აღნიშნული გარემოება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დასტურდება თ. ა-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის - ავტოფარეხის ნაწილის ფაქტობრივი მფლობელობის/სარგებლობის ფაქტი და საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ საკუთრების უფლებააღიარებული პირი სარგებლობდა და ფლობდა მხოლოდ ერთ და არა რამდენიმე შენობა-ნაგებობას; ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციის საპირისპიროდ, თ. ა-ე, მის მიერ წარდგენილ სამოქალაქო სარჩელში არაერთგან აღნიშნავს, რომ ზ. ტ-ი 2005 წლის მარტიდან სარგებლობს ავტოფარეხით. ამ უკანასკნელის მხრიდან მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობზე ასევე მიუთითებენ სხვა პირებიც. ამას გარდა, საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები, სადაც აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთის - ავტოფარეხის ნაწილზე, როგორც მამის დანატოვარ ქონებაზე თ. ა-ემ უარი თქვა ძმის - ა. ა-ის სასარგებლოდ, ხოლო ამ უკანასკნელმა ავტოფარეხზე მფლობელობა დათმო 2005 წლის მარტში 1000 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ. თანხის გადახდა კი მიანიშნებს მოსარჩელის მხრიდან მიწის ნაკვეთის ნაწილისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის მიმართ იურიდიული და ფაქტობრივი ინტერესის არსებობაზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მითითება, რომ დათვალიერების ოქმით არ გამოვლინდა ზ. ტ-ის მიერ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის ფლობის/სარგებლობის ფაქტი, არასაკმარისია უფლებრივი საკითხის განსაზღვრის თვალსაზრისით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას იმის თაობაზე, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. განსახორციელებელი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უნდა გამოიკვლიოს ფლობდა/სარგებლობდა თუ არა მოსარჩელე სადავო შენობა-ნაგებობას (ავტოფარეხს) და იმ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებულია ავტოფარეხი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო სამართალურთიერთობა მიეკუთვნება კერძო სამართლებრივ დავას და საჯარო სამართლებრივი ხასიათი დავას სასამართლომ შესძინა ფორმალურად. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს წინამდებარე დავის საგანს. მოსარჩელე სარჩელის საფუძველზე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების შემოწმებას და თვლის, რომ იგი გამოცემულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლოს კონტროლის საგანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ადმინისტრაციულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე მიეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას.

საკასაციო სასამართლო, არ უარყოფს კასატორის მითითებას აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, მათ შორის ბათილობის პირობებში, განსაკუთრებული სამართლებრივი გარანტიების მოქმედების თაობაზე; თუმცა მეორე მხრივ, კასატორის ყურადღებას მიაქცევს ნორმატიულ დანაწესზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.4. მუხლი), რომელიც მესამე პირის კანონიერი უფლების ან/და ინტერესის არსებობის, ასევე აქტის ადრესატის არაკეთილსინდისიერების პირობებში, გამორიცხავს ბათილი აქტის მიმართ საკანონმდებლო გარანტიების შენარჩუნების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო თვლის, რამდენადაც ქვედა ინსტანციის სასამართლოების მხრიდან ორივე ეს ასპექტი გამოკვლეულია, კასატორის არგუმენტი, აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის დაცვის განსაკუთრებული გარანტიების მოქმედების თაობაზე, განსახილველ შემთხვევაში, არის უსაფუძვლო.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმიდან გამომდინარე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ სამართლებრივ დასკვნებს. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ქადაგიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე