გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 457-აპ 15 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ისაევი,
ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ ე. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 მაისის განაჩენზე.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივნისის განაჩენით, ე. ტ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “ე" ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ამავე კოდექსის 60-61-ე მუხლების საფუძველზე ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 25 იანვრიდან. მსჯავრდებულს ს.ს. “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" თელეთი-მარტყოფის ფილიალის სასარგებლოდ დაეკისრა 4 180 ლარის გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2003 წლის 5 სექტემბერს ე. ტ-მ, დაუდგენელ პირებთან, წინასწარი შეთანხმებით განიზრახა კუმისის ტბის ტერიტორიაზე არსებულ აგარაკებზე გამავალი ს.ს. “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის" თელეთი-მარტყოფის ფილიალის მაღალი ძაბვის ალუმინის სადენების გატაცება შემდგომი რეალიზაციის მიზნით, რისთვისაც დაახლოებით 24 საათზე, დაუდგენელ პირებთან ერთად ჩამოჭრა ისინი და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 3300 გრძივი მეტრის, 35მმ კვეთის მაღალი ძაბვის ალუმინის სადენს, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა 4 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ე. ტ-მ ნაქურდალი მიიტანა თავის საცხოვრებელ სახლში, კუმისის ტბის აგარაკებზე, სადაც 3 027,5 მეტრი სადენი შემდგომი რეალიზაციისათვის გადასცა დაუდგენელ პირს, ხოლო 273,5 მეტრი კი _ დაიტოვა. მსჯავრდებულმა 48,5 მეტრი სადენი განაცალკევა იზოლაციისაგან, ხოლო დარჩენილის კი ვერ მოასწრო, რადგან მასთან სახლში მივიდნენ მეზობლები, ამხილეს დანაშაულში და ჩამოართვეს სადენები.
მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატის 2005 წლის 16 მაისის განაჩენით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ე. ტ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “ე" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა", “ბ", “გ" ქვეპუნქტებით და მიესაჯა 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ე. ტ საკასაციო საჩივრით მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენის მის სასარგებლოდ შეცვლას შემდეგი მოტივებით:
განაჩენი უსამართლოა, რადგან სასჯელი არ შეესაბამება დამნაშავის პიროვნებას და ჩადენილის სიმძიმეს. სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შემამსუბუქებელ გარემოებებზე. ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომელთა ერთადერთი მარჩენალია და ხასიათდება დადებითად.
სასამართლო პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა პ. მ- საჩივარს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა ე. ტ-ს მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს, გააანალიზა საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
უსაფუძვლოა ე. ტ-ს მითითება იმის შესახებ, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. მას სააპელაციო პალატის განაჩენით სასჯელი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდა. საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლის მიხედვით, ქმედების სიმძიმის და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება ისეთი სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით აშკარად უსამართლოა. მსჯავრდებულის პიროვნების, წარსული ცხოვრების, ჩადენილი ქმედებისა და შედეგის სიმძიმის გათვალისწინებით, ე. ტ-სათვის დანიშნული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია. მისი უფრო მეტად შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 მაისის განაჩენი ე. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.