საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-633 (კ-20) 13 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ნ. ო-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. განჩინებით ნ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.02.2018წ. გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ო-მა.
ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილდებდა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 31.07.2020წ. განჩინებით ნ. ო-ის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.
12.08.2020წ. ნ. ო-მა მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების თხოვნით. საკასაციო სასამართლოს 08.09.2020წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ო-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და მას 05 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
07.10.2020წ. ნ. ო-მა კვლავ მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. განცხადებაში ნ. ო-ი მიუთითებს, რომ აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მისი განაცხადება არ შეიცავს მითითებას დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შეუძლებლობის მიზეზებზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კასატორს საკასაციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, მხარის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ არის საკმარისი ამგვარი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისთვის. კასატორს ეკისრება მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება, რაც კასატორს არ განუხორციელებია. ამასთანავე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითება შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, მხარეს გარდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა, დავალებული ჰქონდა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, რაც მას არ წარმოუდგენია და არც მისი წარმოდგენის შეუძლებლობის მიზეზებზე მიუთითებია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სამართალწარმოების დაწყებისთვის დაწესებული მოთხოვნები, მათ შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შეუსაბამოდ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 31.07.2007წ. გადაწყვეტილება საქმეზე „საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ“ პარ.41). ნ. ო-ისათვის დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის დავალება, აგრეთვე გადასახდელად დაკისრებული ბაჟის თანხა (300 ლ.) არ არის გაუმართლებლად მაღალი ტვირთი. ნ. ო-ის მოთხოვნა ხარვეზის აღმოფხვრის ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს მიერ ორჯერ დაკმაყოფილდა, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს 31.07.2020წ. და 07.10.2020წ. განჩინებებით ნ. ო-ს მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. აღნიშნულის მიუხედავად მის მიერ ხარვეზი ამ დრომდე არ აღმოფხვრილა. ამდენად, კასატორს არაერთხელ მიეცა ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა. მას ნათლად განემარტა თუ რაში მდგომარეობდა საკასაციო საჩივრის ხარვეზი, აგრეთვე განემარტა ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ნ. ო-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდას, საკასაციო საჩივრის შემოტანის თარიღს (04.05.2020წ.) და ამ პერიოდიდან გასულ დროს. აგრეთვე კასატორის მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საქმეში არარსებობას, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოუდგენლობას, რის გამოც თვლის, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში დასაბუთებული საკასაციო საჩივრის და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოუდგენლობის გამო ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.2019წ. განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე