Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 461-აპ 1 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ტყეშელაშვილი,

მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ ზ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ხ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 25 აპრილის განაჩენით ზ. ი, _ დაბადებული .... წელს, ქართველი, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ივნისის განაჩენით სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება. კერძოდ: ზ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით ზ. ი-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ 2004წ. 1 აპრილს ქ. რუსთავში, ცემენტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, იპოვა, ე.ი. უკანონოდ შეიძინა სამ ე.წ. “ჩეკად” დაფასოებული 0,23 გრ ფხვნილი, რომელიც შეიცავდა 0,161 გრამ, ე.ი. დიდი ოდენობით, ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”. იმავე დღეს, 18.50 საათზე, ქ. რუსთავში, ¹1 კოლონიასთან, იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და აღმოაჩნდა ხსენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელსაც იგი ასევე უკანონოდ ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით.

მსჯავრდებულ ზ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ხ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა კ. ხ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა პ. მ-მ დადგენილი განაჩენი მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა განაჩენის გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნების შესახებ უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო წესით საქმის განხილვისას მსჯავრდებულ ზ. ი-ს ადვოკატმა კ. ხ-მ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების მიზნით, რასაც დაეთანხმა თავად მსჯავრდებული. ზ. ი-მ საქმის განხილვისას მთლიანად ცნო თავი დამნაშავედ, აღიარა და მოინანია თავისი დანაშაულებრივი ქმედება. აქედან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 473-ე მუხლის თანახმად, სასამართლო განხილვა ჩატარდა შეკვეცილად, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილება შევიდა რაიონული სასამართლოს განაჩენში.

საკასაციო პალატის სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე, სააპელაციო პალატის სხდომის ოქმში სწორად არის თუ არა დაფიქსირებული, რომ ადვოკატმა კ. ხ-მ მხარი დაუჭირა სასამართლოს შეკვეცილი ფორმით ჩატარებას, კ. ხ-მ უპასუხა, რომ მან ნამდვილად მხარი დაუჭირა შეკვეცილი ფორმით სხდომის ჩატარებას, ვინაიდან ამას ითხოვდა მსჯავრდებულიც და იგი, რა თქმა უნდა, მისი წინააღმდეგი არ წავიდოდა. ყოველივე ეს ასევე სწორად დაფიქსირდა ოქმშიც.

ამდენად, პალატა თვლის, რომ გაურკვეველია, თუ რას ემყარება ადვოკატ კ. ხ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა (მითუმეტეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ი-ს შეუმსუბუქა სასჯელი), რომ თითქოს სასამართლო შემადგენლობამ მოტყუებით შესთავაზა ზ. ი-ს შეკვეცილი სასამართლო პროცესის ჩატარება და თითქოს სასამართლო განხილვა ჩატარებულია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

ზემოაღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ი-ს მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ი-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.