№ბს-695(2კ-20) 23 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 12 აპრილს შპს „...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 17 იანვრის №EL054770 და №EL054772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 17 იანვრის №EL69502/1 და №EL69502/2 საგადასახადო მოთხოვნების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4824 და №4828 ბრძანებებისა და №14301/2/17 და №14300/2/17 საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 17 იანვრის №EL054770 და №EL054772 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და 2017 წლის 17 იანვრის №EL69502/1 და №EL69502/2 საგადასახადო მოთხოვნები; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 28 თებერვლის №4824 და №4828 ბრძანებები და №14301/2/17 და №14300/2/17 საჩივრებთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ 2017 წლის 23 მარტს მიღებული გადაწყვეტილებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
2020 წლის 06 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და უარი თქვა განსახილველ საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
2020 წლის 21 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და უარი თქვა განსახილველ საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ განსხვავებით სამოქალაქო პროცესისაგან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თუმცა აქვე უნდა განიმარტოს, რომ აღნიშნული დებულება არ ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე უარის თქმის შემთხვევას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 8 აპრილის განჩინებაზე №ბს-1163 (კ-18) და აღნიშნავს, რომ განსხვავებით სარჩელზე უარის თქმის შემთხვევისაგან, საქმის განმხილველი სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო (საკასაციო) საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში უცვლელად რჩევა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც, უკვე განხორციელებულად ითვლება სასამართლოს კონტროლი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი აპელანტს ანიჭებს საპროცესო უფლებას უარი თქვას მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარზე. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უარს ამბობენ საკასაციო საჩივრებზე, რის გამოც, მათ საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ივნისის განჩინება;
4. მხარეებს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შედეგად მათ ერთმევათ უფლება კვლავ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე