საქმე¹ბს-786(2კ-20) 22 ოქტომბერი, 2020 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე
განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2020წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 13.10.2017წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სსიპ შემოსავლების სამასხურის 14.07.2017წ. N18931 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.07.2017წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის 8131,56 ლარის ოდენობით დარიცხული საურავისაგან გათავისუფლების დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.2018წ. გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.07.2017წ. გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 14.07.2017წ. N18931 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.2020წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ.
კასატორმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა 06.10.2020წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საკასაციო საჩივარზე უარის თქმის საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტა მოთხოვნილ იქნა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 21.10.2020წ. განცხადებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, წარმოდგენილი განცხადებების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებები უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივრებზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სასკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები: დაამთავრონ საქმე მორიგებით, მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს სარჩელი.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებებით უარი თქვეს საკასაციო საჩივრებზე, რითაც მოახდინეს სსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სსკ-ის 378.2 მუხლის შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთანავე, მართალია სამოქალაქო პროცესისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადმინისტრაციულ ორგანოს სარჩელზე უარის თქმის, სარჩელის ცნობის ან მორიგების უფლებას აძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას (3.2 მუხ.), თუმცა აღნიშნული მოწესრიგება არ ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევას. საკასაციო პალატის განმარტების მიხედვით, სარჩელზე უარის თქმის შემთხვევისაგან განსხვავებით, საქმის განმხილველი სასამართლო არ ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სააპელაციო/საკასაციო საჩივარზე უარის თქმის კანონიერების საკითხს, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში უცვლელად რჩება ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც, უკვე განხორციელებულად ითვლება სასამართლოს კონტროლი (იხ. სუსგ 08.04.2020წ. №ბს-1163 (კ-18)).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებას ხელს აწერს უფლებამოსილი პირი - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლ. კ-ა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება ხელმოწერილია პირველადი სტრუქტურული ერთეულის -იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის გ. თინიკაშვილის მიერ, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.02.2018წ. N71 ბრძანებით მინიჭებული აქვს სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის უფლებამოსილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 378.2, 272-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტისა და სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდეს;
3. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორების მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო;
4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმეზე საკასაციო წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ქ. ცინცაძე