Facebook Twitter

საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

#ბს-789 (კს-20) 16 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ქეთევან ცინცაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს "..."-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებაზე.

შპს "..."-მა 06.05.2020წ. განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანების, 12.02.2020წ. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.05.2020წ. განჩინებით შპს "..."-ის განცხადება დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა კერძო საჩივრით შპს "..."-ის მიერ.

შპს "..."-მა 02.07.2020წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სსკ-ის 432-ე მუხლის შესაბამისად, განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანებისა და 12.02.2020წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებით შპს "..."-ის შუამდგომლობა ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანების აღსრულების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა შპს "..."-ის მიერ.

საკასაციო სასამართლოს 17.09.2020წ. განჩინებით შპს "..."-ს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილი პირის მიერ სსსკ-ის 393.1 მუხლის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად ხელმოწერილი საჩივრის წარმოდგენა, ამასთანავე საჩივარზე წარმოების გაგრძელების მიმართ ინტერესის მითითება. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით შპს "..."-მა საკასაციო პალატაში წარმოადგინა განცხადება. ზემოაღნიშნული გაცხადების და საქმის მასალების გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა თვლის რომ, შპს "..."-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. შპს "..."-ის მოთხოვნას წარმოადგენდა ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე 06.05.2020წ. განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანებისა და 12.02.2020წ. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება. საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს "..."-ის კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.05.2020წ. განჩინება. სსკ-ის 419.3 მუხლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე გამოტანილი საბოლოო განჩინებაა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემობათა გამო შპს "..."-ის განცხადებაზე დაწყებული წარმოება ითვლება დასრულებულად.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს და ასაბუთებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პოპულარული საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს "..."-ის კერძო საჩივარი, შესაბამისად ძალაში დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.05.2020წ. განჩინება, რომლითაც განუხილველი დარჩა შპს "..."-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ახალციხის რაიონული სასამართლოს 07.02.2020წ. N3/023-20 ბრძანების და 12.02.2020წ. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე. შპს "..." შუამდგომლობით ითხოვდა შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც განცხადებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.08.2020წ. განჩინება წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილებას, დღის წესრიგში აღარ დგას საკითხის დროებითი მოწესრიგების საჭიროება. შპს "..."-მა ვერ შეძლო დავის გაგრძელების კანონიერი ინტერესის არსებობის დადასტურება და უფლებადამცავი ინტერესის მითითება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ შპს "..."-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებაზე დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს "..."-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.2020წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. ლ. მ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს შპს "..."-ის საჩივარზე 24.07.2020წ. N0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 50 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ქ. ცინცაძე