#ბს-862(2კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 14 იანვარს შპს „...ის“ ყოფილმა დირექტორმა, ნ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ შემოსავლების სამსახური და შპს „...ი“.
2016 წლის 1 მარტს შპს „...ის“ ყოფილმა დირექტორმა, ნ. ა-ამ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ (#8648/2/14 საჩივარზე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის (სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის პირველი აგვისტო) განხილვისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #005-1079 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #31042 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის 4 აგვისტო) განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი (#8648/2/14 საჩივარზე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება; სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის (სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის პირველი აგვისტო) განხილვა დაევალა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #005-1079 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #31042 ბრძანებისა და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის 4 აგვისტო) განხილვა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის (სსიპ შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის თარიღი - 2014 წლის პირველი აგვისტო) განხილვა დაევალა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ვინაიდან სადავო აქტები გამოცემულია შპს „...ის“ მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში ნ. ა-ა წარმოადგენს საჩივრის შეტანაზე არაუფლებამოსილ პირს, რაც საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. შესაბამისად, მოცემულ ვითარებაში, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნებოდა.
კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, 2014 წლის 1 აგვისტოს საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია - 2012 წლის 26 დეკემბრის საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე, წარმოადგენდა 2014 წლის 25 იანვრის საჩივარში დასმული პოზიციის ანალოგს, რომელზეც დავის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა და მის შესაბამისად გამოსცა 2013 წლის 12 აპრილის ბრძანება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ნ. ა-ას მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში 2014 წლის 1 აგვისტოს წარდგენილი საჩივარი მიჩნეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საჩივრად, რადგან საჩივარში დასმულ საკითხთან დაკავშირებით სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, რომელიც ასევე წარმოადგენდა გასაჩივრებულ დოკუმენტს. აღიშნული საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარედგინა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. კასატორის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ქმედება საჩივრის კუთვნილებისამებრ გადაგზავნის ნაწილში შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, #8648/2/14 საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბრძანებისა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2012 წლის 26 დეკემბრის #005-1079 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი, ვინაიდან გადაწყვეტილების მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს #82958-21 სამსახურებრივი ბარათით წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბრძანება ნ. ა-ას ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305.1 მუხლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 6 აგვისტოს #82958-21 სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს ეცნობა, რომ 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბრძანება ნ. ა-ას ჩაბარდა ხელზე. ბარათს ერთვის საფოსტო უკუგზავნილი, რომლის მიხედვითაც, ნ. ა-ას გზავნილი ჩაბარდა 2013 წლის 17 აპრილს. სააპელაციო სასამართლოში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი საფოსტო გზავნილით დგინდება 2013 წლის 12 აპრილის #14958 ბ/რ04 ბრძანების ნ. ა-ასათვის 2013 წლის 17 აპრილს ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 7 მაისს, საჩივარი დავების განხილვის საბჭოში კი წარდგენილია 2014 წლის 4 აგვისტოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ მართებულად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.
რაც შეეხება მოთხოვნას - სსიპ შემოსავლების სამსახურისთვის შპს „...ის“ 2014 წლის 4 აგვისტოს საჩივრის განხილვის დავალებასთან მიმართებით, რომლითაც შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნა და ამ მოთხოვნის გამოცემის საფუძველი - 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანება, სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ ნ. ა-ას 2014 წლის 31 ივლისის საჩივარში ნათლად და გარკვევით არის მითითებული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მხარის პოზიცია, მათ შორის, სადავოდ ქცეული შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების კანონიერების შესწავლა სწორედ შემოსავლების სამსახურის განსჯად საკითხს მიეკუთვნებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საჩივრის გადაგზავნისას კი, მითითებულია სადავოდ ქცეულ სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე, შემოსავლების სამსახურს ნ. ა-ას საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ განუხილავს, არ უმსჯელია მხარის მიერ დასმული საკითხების კანონშესაბამისობაზე და არ გამოუცია აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუკი საჩივრის წარდგენის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანო დაიწყებს ადმინისტრაციულ წარმოებას და გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად მაინც არ ჩაითვლება, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება არ პასუხობს გასაჩივრებულ საკითხს, არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი. აღნიშნული, ფაქტობრივად, საჩივრის განუხილველობას უტოლდება, რამეთუ მხარის მოთხოვნა მაინც არ არის გადაწყვეტილი. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს მართებულად დაევალა შპს „...ის“ ყოფილი დირექტორის ნ. ა-ას საჩივრის განხილვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #5-665 საგადასახადო მოთხოვნისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 28 ნოემბრის #61287 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე