Facebook Twitter

#ბს-921(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 13 თებერვალს მ. მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ.

მოსარჩელემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 21 ნოემბრის #გ-1/354/2016 და 2016 წლის 28 დეკემბრის #გ-1/424/2016 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მ. მ-ის განცხადებების განხილვისა და მათი დაკმაყოფილების დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია, თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული. სარჩელის თანახმად, ჯერ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „...“, შემდეგ კი, გავრცელდა ინტერნეტში. მ. მ-ემ მიმართა გაზეთის რედაქტორს და მოითხოვა ბოდიშის მოხდა სტატიის ავტორისგან, თუმცა ამაოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რათა მას გამოეყენებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა მოსარჩელეს უარი ეთქვა მისი განცხადებების განსახილველად მიღებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება აპელანტის მითითება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლზე. სასამართლოს განმარტებით, მონაცემთა უსაფრთხოება მოიცავს მონაცემთა დამმუშავებლის ვალდებულებას, მოახდინოს შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების იმპლემენტირება მონაცემთა დამუშავების პროცესში სხვა პირთა ჩარევის პრევენციისათვის. კერძოდ, იმ მიზნით, რომ არ მოხდეს პერსონალურ მონაცემთა შემთხვევითი დაკარგვა-განადგურება ან არაავტორიზებულ პირთათვის წვდომა-გამჟღავნება. მონაცემთა უსაფრთხოება ასევე მოითხოვს შესაბამისი შიდა ორგანიზაციული წესების არსებობას, კერძოდ, თანამშრომელთა მხრიდან მონაცემთა უსაფრთხოების წესების დაცვას - მონაცემთა კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება არ გულისხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელებას უშუალოდ მედიასაშუალებების საქმიანობაზე (შინაარსობრივი მხარე). პალატის მოსაზრებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვალდებულების არსებობის წინაპირობას წარმოადგენს სადავო საკითხზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, იგი დავობს გაზეთსა და ინტერნეტ-სივრცეში მისი ღირსების შემლახველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან მიმართებით, თითქოს მან დანაშაული ჩაიდინა. კასატორი აღნიშნავს, რომ იგი გამართლებულია, თუმცა ე.წ. მედიის სახელით მას „ბრალდებულად“ მოიხსენიებენ. კასატორი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ ევალება მისი პერსონალური მონაცემების დაცვა. ამასთან, კასატორმა სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე იშუამდგომლა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 აგვისტოს განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მ. მ-ემ 2016 წლის 17 ნოემბერს განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მოითხოვა შპს „...ის“ 500 ლარით დაჯარიმება, მისთვის საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის დავალება და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26.2 მუხლიდან გამომდინარე, „...ის“ გვერდზე მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაბლოკვა, გადაწყვეტილების გამოტანამდე. განსახილველ საქმეზე სადავოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 21 ნოემბრის #გ-1/354/2016 გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული განცხადების განსახილველად მიღებაზე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 28 დეკემბრის #გ-1/424/2016 გადაწყვეტილება, რომლითაც მ. მ-ეს უარი ეთქვა განმეორებით წარდგენილი, იმავე შინაარსის განცხადების განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.4 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის (გარდა მე-17 მუხლისა) მოქმედება არ ვრცელდება მონაცემთა მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით დამუშავებაზე, აგრეთვე მონაცემთა სახელოვნებო და ლიტერატურული მიზნებისათვის დამუშავებაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მითითებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვალდებულების არსებობის წინაპირობას წარმოადგენს სადავო საკითხზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების გავრცელება. მოცემულ შემთხვევაში კი, უდავოა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისათვის წარდგენილი განცხადებები შეეხებოდა „...ის“ მიერ გავრცელებულ სტატიას, ამდენად, განცხადებებში მითითებული სადავო საკითხი უკავშირდებოდა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მონაცემებს, რაზეც ვერ გავრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება და მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ვალდებულება, განიხილოს მოცემული სუბიექტის განცხადება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ასევე არ არსებობს სახაზინო ადვოკატის დანიშვნის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რამეთუ წარმოდგენილ სარჩელს არ გააჩნია დაკმაყოფილების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არ მომხდარა საქმის არსებითად განსახილველად დაშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე