Facebook Twitter

#ბს-951(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა(ა)იპ ...ას და ზ. წ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 31 მაისს აგვისტოს ა(ა)იპ ...ამ და ზ. წ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 110-კილოვოლტიანი (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ის“ მშენებლობისათვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა. ამავე ბრძანებით იმავე დღეს გაიცა #91 მშენებლობის ნებართვა, რომლითაც განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის ვადა 2017 წლის 1 მარტამდე. დასახელებული მშენებლობის ნებართვის მიხედვით, დამკვეთს წარმოადგენს სს „...ა“. განსაზღვრულია შენობა-ნაგებობის ადგილმდებარეობა: ...ის მუნიციპალიტეტი, ...ა, სოფ. ...ი, სოფ. ...; შენობის ფუნქციური დანიშნულება: 110-კილოვოლტიანი (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი; შენობა-ნაგებობის კლასი: IV; შენობა-ნაგებობის ტექნიკური პარამეტრები: ხაზობრივი ნაგებობა, საპროექტო-საჰაერო ხაზის ტრასის სიგრძე - 13.685 კმ, საყრდენების რაოდენობა - 42 ცალი, მშენებლობის პირობები და ეტაპები.

მოსარჩელეთა მითითებით, მოსარჩელე ა(ა)იპ ...ა „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში, მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-9 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს, ხოლო ზ. წ-ი არის ...ის რაიონის მკვიდრი, სადაც უშუალოდ ხორციელდება ახალი, ...-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა.

მოსარჩელეთა მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

ამდენად, მოსარჩელეებმა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 110-კილოვოლტიანი (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ის“ მშენებლობისთვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგების, კერძოდ, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 1 მარტის #91 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს „...ა“.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ...ას და ზ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ...ამ და ზ. წ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით ააიპ „...ას“ და ზ. წ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტები სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდნენ იმ გარემოებას, რომ ეგხ. „...ი“ იყო ... კილოვოლტიანი და წარმოადგენდა არა მესამე, არამედ მეორე კატეგორიის ეგხ-ს. შესაბამისად მათი განმარტებით, მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გააჩნდა არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობას, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელეთა აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ 110 კვ. ეგხ „...ი“ დავის განხილვამდეც და იმ დროისთვისაც აკავშირებდა ქ/ს „......“ - ქ/ს „...თან“. სააპელაციო პალატის აღნიშვნით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქვესადგურები 110-კილოვოლტიანია, შეუძლებელი იყო რეკონსტრუირებული 110 კვ. ეგხ. „...ი“ მიჩნეულიყო ... კვ-იან ეგხ-დ. აღნიშნულს ადასტურებდა ისიც, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, არც „...-ს“ და არც სს „ე...ას“ ... კვ-იანი ინფრასტრუქტურა (ქვესადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები) საერთოდ არ გააჩნდათ. ამასთან, ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანებაში მითითებული იყო: „ჩაითვალოს შეთანხმებულად ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 110 კილოვოლტიანი (... კილოვოლტის გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ი“-ს მშენებლობისთვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცეს სანებართვო მოწმობა #91.“

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეათანხმა და მშენებლობის ნებართვა გასცა მე-3 კატეგორიის 110-კილოვოლტიანი (... კვ. გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის და არა ... კვ. ეგხ-ს მშენებლობაზე.

ამასთან, საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის კორესპონდენცია, რომელშიც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ სააგენტომ განიხილა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.02.2016 წლის #310 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხს და აღნიშნა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი დატკიცებულიყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება საქმეში არსებულ ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 29 თებერვლის #161 ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, დამტკიცდა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (წარმოდგენილი დანართის მიხედვით) 110-კილოვოლტიანი (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ მშებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები #82 (დანართი #1). ხსენებული ბრძანება წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რადგან იგი გამოცემული იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და მას შეიძლებოდა მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგები.

სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ, როგორც საქმის მასალებით იყო დადგენილი, 110 კვ ეგხ „...ი“ აკავშირებდა ქ/ს „......“ - ქ/ს „...თან“ და ორივე ქვესადგური 110 კილოვოლტიანი იყო. რაც შეეხებოდა აპელანტების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეგხ. „...ი“ ხდებოდა ... კილოვოლტიანი და შესაბამისად, მისი სტატუსი წარმოადგენდა არა მესამე, არამედ მეორე კატეგორიის ეგხ-ს, აპელანტების მითითებული პოზიციის გადასამოწმებლად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 17 იანვარს მიღებული განჩინების თანახმად, სს „ელ...ას“ დაევალა სასამართლოსათვის საქართველოს მთავრობას, სს „...ასა“ და სს „...ის“ შორის 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, რომელიც გახდა ეგხ. „...ის“ რეკონსტრუქციის საფუძველი. სააპელაციო პალატის განმარტებით, როგორც წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევოდა, გადამცემი ხაზის განვითარების ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზების რეაბილიტაციასთან, განვითარებასთან, მშენებლობასთან, საკუთრებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის არსებული 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია საჭირო იყო ელექტროენერგიის უკეთესად და ულიმიტოდ გადაცემისათვის, ხოლო „110 კვ-იანი გადამცემი ხაზი“- ნიშნავდა გადამცემ ხაზს ობიექტიდან ...ის ქვესადგურის ახლოს მდებარე ტერიტორიამდე. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება - რეკონსტრუქციის შემდეგ „...ის“ მეორე კატეგორიის ეგხ-დ გადაკეთების შესახებ, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ ...ამ და ზ. წ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

კასატორთა მითითებით, არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაადგინა ან/და არასწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები: - სადავო აქტით ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 110-კილოვოლტიანი (... კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ის“ მშენებლობა ხორციელდება, თუ რეკონსტრუქცია; რეკონსტრუქციის შემთხვევაში რა სახის რეკონსტრუქციის უფლება იქნა მინიჭებული სადავო აქტით; რეკონსტრუქციის განხორციელების პირობებში, რატომ გახდა საჭირო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა; რას გულისხმობს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩანაწერი - ...-კილოვოლტიან გაბარიტებში და რა მიზანს ემსახურება სადავო აქტში ამ ჩანაწერის არსებობა.

კასატორთა მოსაზრებით, ბუნდოვანი და დამაჯერებლობასა და სარწმუნოობას მოკლებულია სასამართლოს დასკვნა რეკონსტრუქციის შემდეგ 110-კილოვოლტიანი ეგხ-ს (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) სადენების და საყრდენების ...-კილოვოლტიანი ეგხ-სათვის საჭირო სადენებითა და საყრდენებით შეცვლის პირობებში, აღნიშნული ეგხ ფუნქციურად რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს კვლავ 110-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს. კასატორთათვის, ასევე, გაუგებარია სადავო ეგხ-ს მარშრუტის არარსებობის პირობებში, რამდენად არის კანონშესაბამისი ეგხ-ს რეკონსტრუქციის შესახებ მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ ...ას და ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ ...ას და ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე 110-კილოვოლტიანი (...-კილოვოლტიან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ის“ მშენებლობისთვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგების, კერძოდ, ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 1 მარტის #91 მშენებლობის ნებართვის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეები სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდნენ იმ გარემოებას, რომ ეგხ. „...ი“ იყო ...-კილოვოლტიანი და წარმოადგენდა არა მესამე, არამედ მეორე კატეგორიის ეგხ-ს. შესაბამისად, მათი განმარტებით, მასზე მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გააჩნდა არა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობას, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელეთა აღნიშნული არგუმენტაცია და მიუთითა, რომ 110 კვ. ეგხ „...ი“ დავის განხილვამდეც და იმ დროისთვისაც აკავშირებდა ქ/ს „......“ - ქ/ს „...თან“. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ქვესადგურები 110-კილოვოლტიანია, შეუძლებელია, რეკონსტრუირებული 110 კვ. ეგხ. „...ი“ მიჩნეული იქნეს ... კვ-იან ეგხ-დ. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, არც „...-ს“ და არც სს „ე...ას“ ... კვ-იანი ინფრასტრუქტურა (ქვესადგურები და ელექტროგადამცემი ხაზები) არ გააჩნიათ. ამასთან, ...ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 1 მარტის #163 ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: „ჩაითვალოს შეთანხმებულად ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 110 კილოვოლტიანი (... კილოვოლტის გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზი „...ი“-ს მშენებლობისთვის წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია და გაიცეს სანებართვო მოწმობა #91.“

ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის კორესპონდენცია, რომელშიც ცალსახად არის აღნიშნული, რომ სააგენტომ განიხილა ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.02.2016 წლის #310 წერილი და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც ეხებოდა ...ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის „...ის“ მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების საკითხს და აღნიშნა, რომ სააგენტო არ იყო წინააღმდეგი დატკიცებულიყო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებით დადგენილ გარემოებაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 110 კვ ეგხ „...ი“ აკავშირებს ქ/ს „......“ - ქ/ს „...თან“ და ორივე ქვესადგური 110-კილოვოლტიანია. რაც შეეხებოდა კასატორთა მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ ეგხ. „...ი“ ხდებოდა ...-კილოვოლტიანი და შესაბამისად, მისი სტატუსი წარმოადგენდა არა მესამე, არამედ მეორე კატეგორიის ეგხ-ს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 17 იანვარს მიღებული განჩინების თანახმად, სს „ელ...ას“ დაევალა სასამართლოსათვის საქართველოს მთავრობას, სს „...ასა და სს „...ის“ შორის 2015 წლის 31 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენა, რომელიც გახდა ეგხ. „...ის“ რეკონსტრუქციის საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც წარმოდგენილი ხელშეკრულებიდან ირკვევა, გადამცემი ხაზის განვითარების ხელშეკრულება დადებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე გადამცემი ხაზების რეაბილიტაციასთან, განვითარებასთან, მშენებლობასთან, საკუთრებასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებით. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის არსებული 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია საჭიროა ელექტროენერგიის უკეთესად და ულიმიტოდ გადაცემისათვის, ხოლო „110 კვ-იანი გადამცემი ხაზი“ - ნიშნავს გადამცემ ხაზს ობიექტიდან ...ის ქვესადგურის ახლოს მდებარე ტერიტორიამდე. „სარებილიტაციო სამუშაოები“ განმარტებულია, როგორც ყველა სამუშაო და მომსახურება, რომელიც უკავშირდება 110 კვ-იანი გადამცემი ხაზის მშენებლობას, რეაბილიტაციასა და დასრულებას. ამასთან, როგორც სააპელაციო საჩივრის განხილვისას სს „ელ...ის“ წარმომადგენელმა განმარტა, 110კვ-იანი სარეაბილიტაციო გადამცემი ხაზი რეკონსტრუქციის შემდეგაც იმავე ფუნქციის მატარებელი დარჩება, კერძოდ, იგი უზრუნველყოფს 110 კვ. ენერგიის გატარებას, რასაც იგი რეკონსტრუქციამდეც ახორციელებდა. რეკონსტრუქციის პირობებში ზოგიერთ შემთხვევაში ხდება 110კვ-იანი ეგხ-ის საყრდენი ნაწილების შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების გაძლიერების მიზნით, კერძოდ, საყრდენების უფრო ძლიერი საყრდენებით ჩანაცვლება, რაც გამოწვეულია სარეაბილიტაციო ხაზის რთულ მთიან რელიეფზე მდებარეობით, სადაც მალებს (ანძებს) შორის დაშორება რიგ შემთხვევებში 1000 მ-დან 1150 მ-მდე აღწევს. 110 კვ-იანი ეგხ-ის საყდენები კი არ არის გათვლილი AC 300/39, AC 300/66 და AC 400/51 მარკის სადენების მონტაჟსა და დატვირთვაზე, შედეგად, აღნიშნული აისახა საპროექტო დოკუმენტაციაშიც (110-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ...-კილოვოლტიან გაბარიტებში).

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ...ის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეათანხმა და მშენებლობის ნებართვა გასცა მე-3 კატეგორიის 110-კილოვოლტიანი (... კვ. გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის და არა ... კვ. ეგხ-ს მშენებლობაზე, ხოლო რეკონსტრუქციის შემდეგ „...ის“ მეორე კატეგორიის ეგხ-დ გადაკეთების შესახებ კასატორთა მოსაზრების დამადასტურებელი მტკიცებულება ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოსა და ვერც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ იქნა წარდგენილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა(ა)იპ ...ას საკასაციო საჩივარზე 14.06.2019წ. #225 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა(ა)იპ ...ას (ს/კ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ ...ას და ზ. წ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება;

3. ა(ა)იპ ...ას (ს/კ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 14.06.2019წ. #225 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე