#ბს-1003(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 დეკემბერს გ. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის #... გადაწყვეტილების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ქ. #65-ში მდებარე 169.38 კვ.მ უძრავ ნივთზე (ნახევარსარდაფი) გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისში, ...ის ქ. #65-ში მდებარე 169.38 კვ.მ უძრავი ქონება (ნახევარსარდაფი) არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რის დასადასტურებლადაც მოსარჩელე მიუთითებს მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ დოკუმენტებზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია გასაჩივრებული აქტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოს რაიონის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტ გ. შ-ის შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 მაისის #... გადაწყვეტილება, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ნოემბრის #... გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, ...ის ქ. #65-ში მდებარე 169.38 კვ.მ უძრავ ნივთზე (ნახევარსარდაფი) გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში გ. შ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდნენ იმ გარემოებას, რომ, ერთი მხრივ, ამ მომენტისათვის ...ის ქ. #65-ში მდებარე შენობის მესაკუთრეს წარმოადგენდა არა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, არამედ - ამხანაგობა „...“, ხოლო მეორე მხრივ, გ. შ-ეს ამხანაგობის მიერ გადაცემული ჰქონდა შესაბამისი ნახევარსარდაფი და ამხანაგობას, ისევე როგორც საბურთალოს რაიონულ გამგეობას, ამ ფართზე პრეტენზია არ გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი უარი ეთქვა გ. შ-ისათვის სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, პრივატიზაციის შედეგად მოსარჩელისთვის არ იყო გადაცემული უძრავი ნივთი, ამხანაგობა კი, არ იყო უფლებამოსილი გაესხვისებინა სახელმწიფო საკუთრებად რიცხული უძრავი ქონების ნაწილი, როგორც ამხანაგობის საერთო საკუთრება. მართალია, პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილი უნდა მიეღო მისთვის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემული წილის პროპორციულად, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენდა საერთო საკუთრებას, რის გამოც ამხანაგობა მოკლებული იყო შესაძლებლობას, განეკარგა სხვისი საკუთრების საგანი. ამასთან, კასატორის მითითებით, საქმეში არსებული ინფორმაციით არ დგინდება, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთი წარმოადგენდა დაინტერესებულ პირზე პრივატიზებულ ან საპრივატიზაციო ფართობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო წარდგენილი ყოფილიყო შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას უძრავ ნივთზე, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამხანაგობის კრების ოქმი (რომლის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა დაადასტურა ნულოვან სართულზე მდებარე 169.38 კვ.მ ნახევარსარდაფის ამხანაგობის წევრ გ. შ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რომელზეც ამხანაგობის სხვა წევრებს არ ჰქონდათ რაიმე პრეტენზია და თანახმანი იყვნენ აღნიშნულ უძრავ ნივთზე გ. შ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულიყო თანდართული აზომვითი ნახაზის შესაბამისად) არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. შ-ემ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლების აღმოსაფხვრელად წარადგინა რიგი დოკუმენტაცია, მათ შორის, 2002 წლის 27 დეკემბრის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება და 2003 წლის 17 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პრივატიზაციისა და ნასყიდობის საგანთან ერთად უძრავი ქონების მიმღების საკუთრებაში გადადიოდა მთელი საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის შესაბამისი პროპორციული წილი, თუმცა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 ივნისის #... გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ შეჩერების საფუძველი აღმოფხვრილი არ იყო და 2017 წლის 20 ივნისის #... გადაწყვეტილებით შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 20 ნოემბრის ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #95-ში (ამჟამად #65) მდებარე ლაბორატორიული კამერალური შენობა გადაეცა ქალაქ თბილისის მერიას მუნიციპალურ დაქვემდებარებაში, მისი შემდგომი საბინაო ფონდში აყვანის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა საბინაო საკითხთა კომისიის წინადადება და ქ. თბილისში, ...ის ქუჩის #95-ში მდებარე 2571,74 კვ.მ ფართის სამსართულიანი შენობა ჩარიცხულ იქნა კომუნალურ საცხოვრებელ ფართში. ამასთან, ქალაქის ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ეთხოვა მოეხდინა სათანადო ცვლილება აღნიშნული სახლის ტექნიკური აღრიცხვის საბუთებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 5 ნოემბრის წერილით კი ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ჩანაწერებით, ...ის დასახლებაში, ...ის ქუჩის #95-ში მდებარე შენობაში რეგისტრირებულია ცალკეული ბინები ფიზიკურ პირთა საკუთრებაში. საქმეში ასევე წარმოდგენილია საბურთალოს რაიონის გამგეობის 2017 წლის 9 ივნისის წერილი, რომლითაც გ. შ-ეს ეცნობა, რომ: „თქვენს მიერ განცხადებით წარმოდგენილ იქნა პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს უკვე განხორციელებული პრივატიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მიხედვით, უძრავი ქონების მიმღების საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის გარდა გადავიდა მთელი საცხოვრებელი სახლის საერთო სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და საერთო საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის შესაბამისი „პრივატიზების საგნის“ საერთო ფართის პროპორციული წილი, თუმცა ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერებიდან არ ირკვევა კონკრეტულად რომელ ფართზეა საუბარი, ფართის განსაზღვრა შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“. ამავე წერილით გ. შ-ეს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებულ ფართებთან დაკავშირებით, გამგეობას პრეტენზია არ გააჩნდა. საქმეში ასევე წარმოდგენილია საბურთალოს რაიონის გამგეობის 2018 წლის 30 აპრილის წერილი, რომლითაც გ. შ-ეს ეცნობა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ...ის ქ. #65, აღრიცხულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ (აღრიცხვის #...).
ზემოაღნიშნულიდან დგინდება, რომ საჯარო რეესტრში მიმართვის მომენტისათვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩა #95-ში (ამჟამად #65) მდებარე უძრავი ქონება უკვე წარმოადგენდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...-ის“ საკუთრებას, სადაც არსებული საცხოვრებელი ფართები პრივატიზებულია ფიზიკური პირების (ამხანაგობის წევრების) მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 4.2 მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში კი, გ. შ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მას ამხანაგობის მიერ გადაცემული ჰქონდა შესაბამისი ნახევარსარდაფი და ამხანაგობას, ისევე როგორც საბურთალოს რაიონულ გამგეობას, ამ ფართზე პრეტენზია არ გააჩნდა, რის გამოც მარეგისტრირებელ ორგანოს არ ჰქონდა საფუძველი უარი ეთქვა გ. შ-ისათვის სადავო უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე