Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 32-დად 15 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. გოგელია,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა მოქალაქე კ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის 2004წ. 23 სექტემბრის დადგენილება სადგურ “თბილისი-სამგზავროს” დირექტორ გ. ტ-სა და შპს “...-ს” ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმებას და გ. ტ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.

აღწერილობითი ნაწილი:

სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალურ განყოფილებაში 2003წ. 5 ივნისს თბილისის ტრანსპორტის პროკურატურიდან შესამოწმებლად შევიდა მოქალაქე კ. ტ-ს განცხადება და მასალები, რომლებშიც მითითებული იყო რკინიგზის სადგურ “თბილისი-სამგზავროს” უფროსის გ. ტ-სა და შპს ,,...-ს” ხელმძღვანელობის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტებზე.

კ. ტ-ი განცხადებაში მიუთითებდა, რომ იგი იყო რა სადგურ “თბილისი-სამგზავროს” თანამშრომელი, მას სისტემატურად ავიწროებდა სადგურის უფროსი გ. ტ-ძე, უკანონოდ ჩამოართვა სადგურის ტერიტორიაზე იჯარით აღებული ფართი, იჯარის ქირას ახდევინებდა ზედმეტად, ფართის იჯარის თაობაზე გააფორმა ყალბი ხელშეკრულება. გარდა ამისა, გ. ტ. იყო რა შპს “...-ს” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფაქტობრივი მეპატრონე, სამსახურებრივ მოვალეობას იყენებდა ბოროტად, “...-მ” სადგურს არ გადაუხადა საიჯარო ქირა, რითაც სახელმწიფოს მიაყენა _ 40045 ლარის ზარალი.

საჩივარში მითითებულ ფაქტებზე ჩატარებული მოკვლევით სადგურ “თბილისი-სამგზავროს” და შპს “...-ს” საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება ვერ იქნა გამოვლენილი, რის გამოც მომკვლევმა გამოიტანა დადგენილება შპს “...-ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. დადგენილება 2003წ. 10 ოქტომბერს დაამტკიცა თბილისის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორმა.

ზემოაღნიშნული დადგენილება 2004წ. აპრილში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა მოქალაქე კ. ტ-მა. სასამართლომ 2004წ. 1 ივნისის დადგენილებით დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა. გააუქმა სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები გადასცა ხელახალი მოკვლევის ჩასატარებლად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004წ. 27 ივლისის განჩინებით რაიონული სასამართლოს დადგენილება დარჩა უცვლელად. ორივე სასამართლო ინსტანციამ მიიჩნია, რომ მოკვლევა ჩატარებული იყო არასრულყოფილად, გამოკვლეული და შეფასებული არ ყოფილა რიგი გარემოებანი, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საბოლოო კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმას, რომ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება გამოტანილი იყო არა კონკრეტული პირის, არამედ _ შპს “...-ს” მიმართ, რაც პროცესუალურად დაუშვებელია. დადგენილებაში საერთოდ არ იყო მსჯელობა გ. ტ-ის ქმედებების უკანონობისა თუ მართლზომიერების შესახებ, რომელსაც კ. ტ-ი უჩიოდა.

მასალები დამატებითი შემოწმების ჩასატარებლად 2004წ. აგვისტოში გადაეცა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტს. 2004წ. 23 სექტემბერს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსმა პ. Iი-მ გამოიტანა სადგურ “თბილისი-სამგზავროს” დირექტორ გ. ტ-სა და შპს “...-ს” ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის მოტივით. ეს დადგენილება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა კ. ტ-მა და მოითხოვა შპს “..-ს” ხელახალი შემოწმება შემდეგი მოტივებით:

შემოწმებით დადასტურებულია, რომ გ. ტ. ბოროტად იყენებდა თანამდებობას, აყალბებდა საბუთებს დანაშაულის დაფარვის მიზნით, მითვისებული აქვს დიდი ოდენობით თანხები, რომელიც სახელმწიფოს და შპს “...” ეკუთვნოდა (2003წ. 15 აგვისტოს აქტი). ეს თანხა ოფიციალურად 40045 ლარია, სინამდვილეში კი მილიონზე მეტია. მარტო ოთხი ტუალეტიდან ყოველთვიურად ათი ათასი ლარი ჰქონდათ შემოსავალი. 94 თვეში ეს თანხა 940000 ლარს შეადგენს. ამის გარდა, მათ უამრავი ფართობი ჰქონდათ აღებული იჯარით და გ. ტ-ის ზეგავლენით დაწესებულ მიზერულ გადასახადებსაც არ იხდიდნენ. ასევე არ იხდიდნენ წყლის ხარჯის თანხებს, რაც მინიმუმ 200000 ლარია. ელექტროენერგიის დავალიანება მარტო ტუალეტებიდან 20000 ლარზე მეტია. ამ თანხებს თუ დავუმატებთ ყოველდღიურ საურავს 0,5%-ის ოდენობით, მითვისებული თანხების ოდენობა კიდევ უფრო იზრდება. სადგურ “...” სასარგებლოდ შპს “...” გადასახდელად დაკისრებული 40045 ლარიდან მარტო დღგ-ს გადასახადი 6000 ლარზე მეტია. ამდენად, საჩივარი მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება არაობიექტური და უკანონოა.

საჩივარი ქვემდებარეობით განსახილველად გადაეგზავნა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.

2004წ. 20 დეკემბერს სასამართლოში დამატებით შეტანილ საჩივარში კ. ტ-მა მიუთითა, რომ მოკვლევას არ შეუსრულებია რაიონული სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მითითებები.

საჩივრის სასამართლოში განხილვის დროს კ. ტ-მა ითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმება როგორც ზემოაღნიშნული მოტივებით, ასევე, იმაზე მითითებით, რომ გ. ტ-მ გააყალბა ქირავნობის ხელშეკრულებები და ამ გზით პირადად მას ზედმეტად გადაახდევინა საიჯარო ქირა.

სასამართლომ 2004წ. 22 დეკემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა კ. ტ-ის საჩივარი და უცვლელად დატოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2004წ. 23 სექტემბრის დადგენილება. სასამართლომ ასეთ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო შემდეგი მოსაზრებები:

ფინანსური პოლიციის მოკვლევის სამსახურმა გაითვალისწინა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის დადგენილებაში აღნიშნული მითითებები, მოკვლევა ჩაატარა სრულყოფილად და გამოიტანა კანონიერი დადგენილება გ. ტ-სა და შპს “...-ს” ხელმძღვანელთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მართლია, შპს “...” და შპს “...-ს” შორის დადებული იყო საიჯარო ხელშეკრულებები და ამ უკანასკნელს გააჩნია სახელმწიფოს წინაშე ძირითადი გადასახადის სახით 1405 ლარის დავალიანება, მაგრამ ეს არ წარმოადგენს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას. ასევე, შპს “...-ს” საიჯარო დავალიანება _ 40045 ლარი სადგურ “..” მიმართ გამომდინარეობს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულებიდან და დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველია. გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ტ-სა და ინდმეწარმე კ. ტ-ს შორის გაფორმდა ერთმანეთისაგან შინაარსობრივად განსხვავებული რამდენიმე საიჯარო ხელშეკრულება ერთი და იმავე ნომრითა და თარიღით, რის გამოც შესაძლოა კ. ტ-ს უწევდა ზედმეტი თანხის გადახდა, მაგრამ აღნიშნულიც სამოქალაქო დავის საგანს წარმოადგენს. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად “სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო”.

სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატაში მოქალაქე კ. ტ-ის მიერ შემოტანილი კერძო საკასაციო საჩივარი მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად არსებობს რამდენიმე ფაქტორი _ საბუთების გაყალბება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო და რკინიგზის თანხების მითვისება. მიუხედავად ამისა, გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განჩინების მითითებები და უსაფუძვლოდ თქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

პალატის სხდომაზე კასატორმა კ. ტ-მა ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რომლის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ფინანსურ პოლიციაში ჩატარებული მოკვლევის დროს არ იქნა გათვალისწინებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს განჩინების მითითებები. მითითებათა 14 პუნქტიდან სრულყოფილად შესრულდა მხოლოდ 2, ზერელედ კი _ სამი. ამდენად, დარღვეულია სსსკ-ის მე-10 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მოთხოვნები. მოკვლევით ზუსტად დადგენილი არ არის სახელმწიფოზე მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება შემოწმების აქტებში მითითებულ ოდენობას. მოკვლევა და სასამართლო არ დაინტერესდნენ იმით, რომ გ. ტ-მ დოკუმენტები გააყალბა და ის მფარველობდა ფირმა “...”-ს, რომლის მეშვეობითაც მითვისებული აქვს მილიონობით თანხები.

გ. ტ-ის რწმუნებულმა გ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

პროკურორმა ნ. ს-მ განმარტა, რომ ფინანსური პოლიციის ოპერატიულმა სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა სრულყოფილად; პროკურატურას გ. ტ-ის ან ფირმა “...”-ს სხვა დამფუძნებელთა მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება მიაჩნია კანონიერად და ითხოვა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა არაღძრული მასალები, გააანალიზა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოქალაქე კ. ტ-ის მიერ გასაჩივრებული სასამართლოს დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მიხედვით, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის მიერ გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსათვის საჩივრით მიმართვის უკფლება აქვს პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელიც იცავს საკუთარ ან მარწმუნებლის ინტერესს, კერძოდ, ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ წარმომადგენელებს. კანონის ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, რიგითი მოქალაქე, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, კ. ტ., მხოლოდ იმ ნიშნით, რომ ის არის პოლიციასა და პროკურატურაში შეტანილი საჩივრების ავტორი, უფლებამოსილი არ არის, სასამართლოში გაასაჩივროს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება იმ ნაწილში, რომელიც მის პირად ინტერესს არ ეხება, ანუ დადგენილების ის ნაწილი, რომელიც მისი საჩივრების მიხედვით, სახელმწიფოზე ან რომელიმე ფირმაზე მიყენებულ ზიანს შეეხება. შესაბამისად ამისა, სასამართლო უფლებამოსილი არ არის, გააუქმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის დადგენილება და პროკურატურის წინაშე დააყენოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი მომჩივანი (პროკურორი, სახელმწიფოს ან ფირმის წარმომადგენელი, სამოქალაქო მოსარჩელე და სხვა) არ არსებობს. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება გამოტანილი იყო საჩივრის იმ ნაწილშიც, რომელიც პირადად კ. ტ-ის ინტერესებს შეეხებოდა, სასამართლომ საჩივარი მიიღო წარმოებაში, არსებითად მთლიანად დადგენილების კანონიერებაზე იმსჯელა და მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მოკვლევის ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ, სახელდობრ: სასამართლო სწორად აღნიშნავს თავის დადგენილებაში, რომ მოქალაქე კ. ტ-ის საჩივრებში მითითებული გარემოებები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადასაწყვეტი დავის საგანია. ამათგან, კ. ტ-ის საჩივრებში მითითებული ძირითადი საკითხი, რომელიც შეეხება ფირმა “...-ს” მიერ სადგურ “...” სასარგებლოდ საიჯარო ქირის _ 45045 ლარის გადახდას, უკვე გადაწყვეტილია. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სადგურ “..... ” სარჩელი, შეწყვიტა სადგურ “...” და შპს “...-ს” შორის 2002წ. 10 მაისს დადებული იჯარის ხელშეკრულება და “...-ს” დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 45045 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 1001 ლარის გადახდა. საკასაციო საჩივარში მითითებული ის გარემოება, რომ “ზარალი შეიძლება მილიონობით განისაზღვროს” _ ჩატარებული ფინანსური შემოწმებებით არ დასტურდება.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, რომ დამატებითი მოკვლევის დროს არ იქნა გათვალისწინებული რაიონული და უზენაესი სასამართლოების მითითებები, ხოლო გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა საჩივარი მოკვლევის ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილების გაუქმების თაობაზე, ამით ფაქტობრივად გააუქმა უზენაესი სასამართლოს განჩინება.

რაიონული სასამართლოს დადგენილების ყველა მითითება ეხებოდა იმის შემოწმებას, რომ კ. ტ-ის საჩივრებში მითითებულ რომელიმე ან სხვა პირს ჰქონდა თუ არა ჩადენილი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კ. ტ-ის საჩივრებში მითითებული ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს არ წარმოადგენდა. ამდენად, მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოკვლევამ და გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ არ შეასრულეს და უყურადღებოდ დატოვეს ზემდგომი სასამართლოს მითითებები, არასწორია. ასევე უსაფუძვლო და გაუგებარია კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოკვლევამ დაარღვია სსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-10 მუხლით განსაზღვრულია გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ცნება. კასატორი თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეათე მუხლს გულისხმობდა, მოცემულ შემთხვევაში ესეც უადგილოა. საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი უდანაშაულობის პრეზუმფციას ეხება.

სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში გასწორებულია ის საპროცესო ხარვეზიც, რომელზედაც ყურადღებას უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაქცევდა და ეხებოდა წინა არაღძვრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილს, რომლითაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება გამოტანილი იყო შპს “...-ს” მიმართ, კონკრეტულ პირებზე მითითების გარეშე.

პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს დადგენილებით კ. ტ-ს სწორად განემარტა თავისი უფლებების სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დაცვის შესაძლებლობის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. ტ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 დეკემბრის დადგენილება კ. ტ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.