გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 40-დად 24 თებერვალი, 2005 წ., ქ.თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გ. ბორჩხაძე,
თ. ლალიაშვილი
განიხილა იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის დადგენილებაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
გალისა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს 2001წ. 2 ნოემბრის განაჩენით ლ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პრეზიდენტის 2004წ. 10 დეკემბრის ¹1059 განკარგულებით ლ. ჯ-ს მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.
ლ. ჯ-ა სასჯელს იხდის 2001წ. 13 მარტიდან. სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2006წ. 16 იანვარს. მან დანიშნული სასჯელის 3/4 მოიხადა 2004წ. 30 ოქტომბერს.
ლ. ჯ-ა 2002წ. 19 ივლისიდან დანიშნულ სასჯელს იხდის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხონის ¹9 დაწესებულებაში. 2004წ. 23 დეკემბერს აღნიშნული დაესებულების ადმინისტრაციამ წარდგინებით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება. დაწესებულების ადმინისტრაცია მას დადებითად ახასიათებს, აღნიშნავს, რომ იგი დგას გამოსწორების გზაზე, იცავს სარეჟიმო მოთხოვნებს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის დადგენილებით დაკმაყოფილდა ¹9 დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და მსჯავრდებული ლ. ჯ. სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლდა.
სისხლისსამართლებრივი ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი დ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს მიმართ აღნიშნული სასამართლო დადგენილების გაუქმებას იმ მოტივით, რომ ლ. ჯ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მართალია იგი სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, მაგრამ არც წახალისებულა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეამოწმა წარმოდგენილი მასალები, კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს პირადი საქმის მასალებით ირკვევა, რომ იგი აშკარად დგას გამოსწორების გზაზე, ხასიათდება დადებითად, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ემორჩილება სასჯელის მოხდის რეჟიმით განსაზღვრულ პირობებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი რესოციალიზაციისათვის აღარ არის აუცილებელი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა, მითუმეტეს, რომ მან უკვე მოიხადა ამ სასჯელის სამი მეოთხედი ნაწილი, რაც სავსებით საკმარისად უნდა იქნეს მიჩნეული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის დადგენილება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სისხლისსამართლებრივი დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორის _ დ. ფ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 12 იანვრის დადგენილება მსჯავრდებულ ლ. ჯ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.