#ბს-1194(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 25 ივლისს ბ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #02-789 ბრძანებისა და #39 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, ბ. ლ-ის საკუთრებაშია ქ. ბორჯომში, ...ას ქ· #7-ში მდებარე 109 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი სახლი (ს/კ ...). მის მოსაზღვრედ, ...ას ქ. #11-ა-ში მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის პირველ სართულზე (ს/კ ...) ცხოვრობს მ. მ-ი, ხოლო მეორე სართულზე (ს/კ ...) - გ. მ-ე. მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის ზაფხულში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი შეაკეთა თანადაფინანსების პროგრამით. სახურავი მოეწყო ისე, რომ არ დამონტაჟდა თოვლის დამჭერი ღარი, რის გამოც მათი სახლის სახურავიდან თოვლი მომეტებულად იყრებოდა მოსარჩელის სახლის სახურავზე, რამაც ის დააზიანა. მოსარჩელის მითითებით, მას სახლის სახურავი გაკეთებული აქვს თავისი სახსრებით, მოწყობილი აქვს ნალექის დამჭერი ღარი ისე, რომ ის არც ერთ მეზობელს არ აზიანებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოცემული სახლიდან გადმოყრილი თოვლი მისი აბაზანისა და სამზარეულოს სახურავზე ჩამოდიოდა, რამაც ის დააზიანა. მომეტებულად დანესტიანდა მისი საცხოვრებელი სახლი, რაც ქმნის დანგრევის საფრთხეს.
სარჩელის თანახმად, 2016 წლის შემოდგომაზე მ. მ-ისა და გ. მ-ის საცხოვრებელ სახლში დაიწყო უნებართვო სამშენებლო პროცესი, რომელიც არღვევს მოსარჩელის უფლებებს. გ. მ-ის საცხოვრებელ სახლზე რკინის შველერებით 30-40 სმ-ით გამოწიეს აივანი, მოქსოვეს არმატურის ბადე, სადაც აპირებენ ბეტონის ჩასხმას. გ. მ-ისა და მ. მ-ის წარმომადგენლებმა მთლიანად მოშალეს და დემონტაჟი გაუკეთეს სახლის ფასადს. ...ას ქ. #11-ა-ში მიმდინარე უკანონო სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას. გამგეობამ მიიჩნია, რომ ეს იყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას. მოსარჩელის მითითებით, მან მიმდინარე უკანონო მშენებლობის შესახებ არაერთი განცხადება წარადგინა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, მოითხოვა შეექმნათ კომპეტენტური კომისია და შეესწავლათ მიმდინარე სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქ. ბორჯომში, ...ას ქ· #11-ა-ში მ-ისა და მ-ის საცხოვრებელ ფართზე 2017 წლის 4 მაისს გამოცა კონსტრუქციული პროექტის შეთანხმების და მშენებლობის ნებართვების გაცემის შესახებ #02-789 ბრძანება, რომლითაც დააკანონეს უნებართვო მშენებლობა. სარჩელის თანახმად, მოცემული მშენებლობა საფრთხის შემცველია და ზიანს აყენებს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს.
მოსარჩელის მოსაზრებით, მოცემული პროექტით უგულებელყოფილ იქნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შენობა–ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი. პროექტზე დაიტანეს არარსებული კარებისა და ფანჯრების ღიობები, კიბის უჯრედი, პროექტი მომზადდა ისე, რომ არ გაითვალისწინეს მოსარჩელის, როგორც მოსაზღვრის უფლებები, არ იქნა შესწავლილი მიმდებარე ტერიტორია. ამასთან, პროექტი არ აკმაყოფილებს სავალდებულო მოთხოვნებს, მასში გათვალისწინებულია მხოლოდ დამკვეთის სურვილი. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #02-789 ბრძანება არის უკანონო და ზიანს აყენებს მის საკუთრების უფლებას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #02-789 ბრძანებისა და #39 მშენებლობის ნებართვის მოქმედება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ გ. მ-ე და მ. მ-ი.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით კონსტრუქციული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #02-789 ბრძანებისა და #39 მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით ბ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, მშენებლობის ნებართვის გაცემა მოხდა პირველი სამშენებლო სტადიის - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების უგულებელყოფით. ამასთან, დოკუმენტი, რაზეც მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა არ წარმოადგენდა არქიტექტურულ პროექტს, არამედ ის იყო კონსტრუქციული პროექტი, რაშიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული ფასადების საკითხი, შენობის ვიზუალური იერსახე, მეზობელ მიწის ნაკვეთებზე ზემოქმედების დონე და ა.შ. კასატორის მითითებით, მოპასუხემ საერთოდ არ განახორციელა იმ გარემოების გამოკვლევა, მეზობელთან მიმართებით რამდენად დაცული იყო ღიობების განთავსების წესი, რის გამოც შეიქმნა მდგომარეობა, რომ პირდაპირ, რამდენიმე სანტი...ში ყრუ კედლის ნაცვლად მათ გამოჭრეს ღიობები და მოაწყვეს აივანი, რაც კასატორისთვის მნიშვნელოვანი დისკომფორტია.
კასატორი მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ შპს „...ის“ საექსპერტო დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის ალტერნატიული დასკვნა, რაც მას გააბათილებდა. კასატორის მითითებით, სადავო აქტები არსებითად არღვევს მის ინტერესებს, რაც გამოიხატება იმაში, რომ დარღვეულია მიჯნის ზონისა და ჩაუხედაობის პრინციპი. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ იგი, როგორც დაინტერესებული პირი, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე არ ყოფილა მიწვეული. საკასაციო საჩივრის თანახმად, ბ. ლ-ე რომ არ ყოფილიყო დაინტერესებული პირი და მას არ ადგებოდეს ზიანი, სასამართლო შეწყვეტდა საქმის წარმოებას და განსახილველადაც არ მიიღებდა მას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შეთანხმდა კონსტრუქციული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა (მე-2 კლასის შენობა-ნაგებობის) ქ. ბორჯომში, ...ას ქ. #11ა-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ნაკვეთის #...) გ. მ-ის (ს/კ .... და ს/კ ....) და მ. მ-ის (ს/კ ....) კუთვნილი საცხოვრებელი ფართის რეკონსტრუქცია-გაძლიერებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 4 მაისის #02-789 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული #39 მშენებლობის ნებართვის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სადავოა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის თაობაზე გაცემული მშენებლობის ნებართვის კანონიერება. მოსარჩელის განმარტებით, საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაკეთდა არარსებული კარისა და ფანჯრების ღიობები, კიბის უჯრედი, პროექტი მომზადდა ისე, რომ არ გაითვალისწინეს მისი კანონიერი ინეტერსი, დარღვეულია „ჩაუხედაობის პრინციპი“. ამასთან, საქმის მასალები არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილი შპს „...ის“ 2017 წლის 11 აგვისტოს #17/17 დასკვნის შესაბამისად, სადავო სანებართვო დოკუმენტაცია და პროექტი ხარვეზიანია, თუმცა საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში მესამე პირებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა სადავო აღმჭურველი აქტების მიმართ, ვინაიდან განხორციელებულია კონკრეტული ქმედებები. ამდენად, სადავო აქტის ბათილად ცნობა მხოლოდ იმ პირობებში იქნება შესაძლებელი, თუკი დადგინდება, რომ ის არსებითად არღვევს მოსარჩელის კანონიერ ინტერესსა და უფლებას, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტის ადრესატთა ინტერესზე მეტი დაცვის ღირსი იქნებოდა. მოსარჩელისა და მესამე პირების ინტერესთა ურთიერთშეპირისპირებისას გასათვალისწინებელია, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს შორის არსებობს საზოგადოებრივი სივრცე, მეორე მხრივ კი, სადავო ფართის ადგილას არსებობდა ადრე „შუშაბანდი“, რომლის მოხსნაც მოხდა სადავო აქტის საფუძველზე. დაინტერესებულმა პირმა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, შესაბამისად, სადავო აქტების მიმართ მას გააჩნია კანონიერი ნდობა.
ამასთან, განხორციელებული სამუშაოები არ ახდენს მოსარჩელის კანონიერ ინტერესზე არსებით გავლენას და არ უქმნის საფრთხეს მის სიცოცხლესა თუ საკუთრებას. შესაბამისად, კერძო და საჯარო ინტერესების მხედველობაში მიღებით, მოსარჩელისა და მესამე პირის ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არ არსებობს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის აუცილებელი წინაპირობა, მოსარჩელის, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესისთვის არსებითი ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სადავო აქტის ადრესატების ინტერესზე უპირატესი დაცვის ღირსი იქნებოდა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ტ-ის მიერ 02.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. ლ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინება;
3. ბ. ლ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ტ-ის მიერ 02.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე