Facebook Twitter

#ბს-263(კ-20) 20 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ი-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებაზე.

2019 წლის 30 აგვისტოს დ. ი-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ოქტომბრის და 2019 წლის 6 აპრილის „ოჯახის დეკლარაციის” და დ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს №04/41223 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღდგენის და საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე მიუღებელი საარსებო შემწეობის სრულად ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახთან დაკავშირებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 ოქტომბრისა და 2019 წლის 6 აპრილს შედგენილი „ოჯახის დეკლარაცია”, „დ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს №04/41223 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღდგენის და საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე დ. ი-ისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში მიუღებელი საარსებო შემწეობის სრულად ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 18 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივნისის განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული სსიპ სოციალური მოსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება.

2020 წლის 25 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა დ. ი-ემ და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისროს ორი წლის სოციალური შემწეობის თანხის, გაუარესებული ჯანმრთელობის, სასამართლოში სიარულისა და სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების ქსეროასლებისათვისათვის გაწული ხარჯების, სულ - 5 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება და აღნიშნულის თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2020 წლის 17 ივნისის განჩინებაში მითითება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ი-ის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების ხარვეზის შევსების ერთ-ერთ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია რომელიმე მოთხოვნის, უფლების ან სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებითი გადაწყვეტილების მიღების გზით, აღმოფხვრას არსებითი გადაწყვეტილების ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი შეიცავს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებასა და დავის გადაწყვეტის კონკრეტული შედეგის მართლზომიერების დასაბუთებას. სამართლებრივი შედეგი კი რომელიც ექვემდებარება აღსრულებას, აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლის დებულებები გაგებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამოტივაციო ნაწილში მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით.

განსახილველ საქმეზე დ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნას - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 6 ოქტომბრის და 2019 წლის 6 აპრილის „ოჯახის დეკლარაციის” და დ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს №04/41223 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღდგენა და საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ასევე მიუღებელი საარსებო შემწეობის სრულად ანაზღაურების დაკისრება წარმოადგენდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახთან დაკავშირებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 6 ოქტომბრისა და 2019 წლის 6 აპრილს შედგენილი „ოჯახის დეკლარაცია”, „დ. ი-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 1 აგვისტოს №04/41223 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე დ. ი-ის ოჯახის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღდგენის და საარსებო შემწეობის აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მოსარჩელე დ. ი-ისათვის საარსებო შემწეობის შეწყვეტის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდში მიუღებელი საარსებო შემწეობის სრულად ანაზღაურება დაეკისრა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე დ. ი-ის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლოს მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და აღნიშნულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არის შესული, ხოლო რაც შეეხება დ. ი-ის მოთხოვნას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის დამატებით მის მიერ სხვადასხვა მიზნით გაწეული ხარჯის (მკურნალობის, ტრანსპორტირების და ა.შ.) - 5000 ლარის დაკისრების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს და წარმოადგენს არსებითად ახალ მოთხოვნას, რომელიც მოსარჩელის მიერ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ დაყენებულა. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება შეაფასოს მხოლოდ წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ იყო წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დ. ი-ის მიერ დაყენებულია არსებითად ახალი მოთხოვნა, არ არსებობს მისი განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ი-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ა. წულაძე