#ბს-531(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 29 ივლისს ზ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 1 მარტის #005-226 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 5 ივნისის #24877 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 27 ივნისის (საჩივარზე #6946/2/13) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული 22522,85 ლარის 3540 ლარამდე შემცირება მოითხოვა.
სარჩელის თანახმად, სარგებლის (პროცენტის) მიღების მიზნით, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ზ. თ-ე ასესხებდა თანხას. აღნიშნული ხელშეკრულებები კი, რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში. 2013 წლის შემოწმების შედეგად ზ. თ-ეს საგადასახადო მოთხოვნით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმა და საურავი, ჯამში - 22 522,85 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, შემოსავლების სამსახურმა თანხების დარიცხვა განახორციელა იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და გაუქმების თარიღების მიხედვით მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში ცალსახად არის განსაზღვრული, როგორც დასარიცხი თანხა, ისე დარიცხვის პერიოდი და საერთო ჯამში უკან დასაბრუნებელი თანხა. მოსარჩელის მოსაზრებით, შემმოწმებელს ძირითადი თანხა უნდა დაეანგარიშებინა სახელშეკრულებო მოქმედების ვადის გათვალისწინებით და არა ვადის გადაცილების შემდეგ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით ზ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. თ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა დარიცხული თანხების ოდენობა, რადგან ზ. თ-ე თანხის გასესხებას ახორციელებდა სარგებლის (პროცენტის) მიღების მიზნით, ნოტარიულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემული ხელშეკრულებები რეგისტრირდებოდა საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებაში კონკრეტულად განისაზღვრებოდა სესხად გაცემული და მთლიანად დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. ხელშეკრულების ვადა შეადგენდა ერთ და სამ თვეს. ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი, იგი უნდა დამოწმებულიყო ნოტარიულად. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად უნდა განსაზღვრულიყო სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის თარიღი და არა იპოთეკის გაუქმების თარიღი. კასატორის მითითებით, სასამართლოს უნდა დაედგინა ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი, ანუ ის დრო, რა პერიოდიდანაც კრედიტორს კანონის მიხედვით არ შეუძლია სახელშეკრულებო პროცენტის მოთხოვნა. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღია სახელშეკრულებო ვადის ამოწურვა და არა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 24 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, ფიზიკური პირი ზ. თ-ე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2006 წლის 22 სექტემბრიდან. იგი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა თანხების სესხად გაცემას. ხელშეკრულებების გაფორმება და გაუქმება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ფიზიკური პირი არ აწარმოებს მიღებული შემოსავლების აღრიცხვა-დეკლალირებას. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 1 მარტის #005-226 საგადასახადო მოთხოვნით, გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ძირითად გადასახადად დაერიცხა - 10825 ლარი, ჯარიმა - 3247 ლარი და საურავი - 8450.85 ლარი, სულ - 22522.85 ლარი
2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი. ამავე კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება მის მიერ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული ყველა შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. ამავე კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება: პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლებისა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ გადასახადების გაანგარიშება არ უნდა მომხდარიყო იპოთეკის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და გაუქმების თარიღის მიხედვით, რამდენადაც ზ. თ-ემ ვერ წარმოადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ მხარეთა შორის არსებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა არ გაგრძელდა და რეალურად შეწყდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. უფრო მეტიც, არ არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალისაგან პროცენტის სახით თანხა ზ. თ-ეს არ მიუღია. ამასთან, გასათვალისწინებელია საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომლითაც ცალსახად არის განსაზღვრული, რომ იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით ან ვალდებულებათა შესრულებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ზ. თ-ის საკასაციო საჩივარზე ე. ქ-ს 21.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზ. თ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განჩინება;
3. ზ. თ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე. ქ-ის მიერ 21.10.2019წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ა. წულაძე