Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 115-დად 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ბიბილაშვილი,

ნ. გაბრიჩიძე

განიხილა დაინტერესებული პირის _ მ. შ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დადგენილების შესახებ, რომლითაც მას უარი ეთქვა 2004წ. 25 ნოემბერს ხაშურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში ს. Kკ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. იანვარში ხაშურის რაიონის დაბა სურამში ს. Kკ-ის შვილმა შ. Kკ-მა სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მ. შ-ეს, რომელმაც განცხადებით მიმართა ხაშურის რაიონის პროკურატურას. განცხადებით იგი ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ს. Kკ-ის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი. განცხადება შესამოწმებლად გადაეგზავნა ხაშურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებას, სადაც ჩატარდა მოკვლევა, რის შემდეგაც, 2004წ. 25 ნოემბერს, ხაშურის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსმა ს. Kკ-ემ გამოიტანა დადგენილება ს. Kკ-სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რომელიც დაამტკიცა ხაშურის რაიონულმა პროკურორმა.

აღნიშნული დადგენილება მ. შ-ემ გაასაჩივრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში. საჩივრით იგი ითხოვდა ამ დადგენილების გაუქმებას და არაღძრული მასალების გადაგზავნას ხაშურის რაიონული პროკურატურისათვის ს. Kკ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საჩივარი და 2005წ. 16 მარტს გამოიტანა დადგენილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის მოტივით, რის გამოც მოკვლევის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ს. Kკ-სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი დადგენილება დარჩა უცვლელად.

დაინტერესებულმა პირმა მ. შ-ემ აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მ. შ-ძე ითხოვს ხაშურის რაიონული სასამართლოსა და მოკვლევის ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილებების გაუქმებას და არაღძრული მასალების ხაშურის რაიონული პროკურატურისათვის დაბრუნებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.

პალატის სხდომაზე განხილვისას დაინტერესებულმა პირმა მ. შ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა მ. ყ-მა მხარი დაუჭირეს საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა გ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საჩივარს, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ და ითხოვა, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ 2005წ. 16 მარტს გამოტანილი დადგენილება, რომლითაც მომჩივანს უარი ეთქვა ხაშურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ, შეისწავლა რა ს. Kკ-ს მიმართ არსებული არაღძრული მასალები, აგრეთვე მის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა მ. შ-ის საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დაინტერესებული პირი ვ. შ-ძე თავისი საჩივრების მოტივებში მიუთითებს, რომ სანადირო თოფი თავისი მამა-პაპისგან მემკვიდრეობით მიიღო ს. Kკ-მა, ამიტომ ის იყო პასუხისმგებელი მის უსაფრთხო შენახვაზე, რათა სხვა პირებს, და მათ შორის ოჯახის წევრებსაც, მასზე ხელი არ მიუწვდებოდეს. მის მიერ ამ წესის დაუცველობამ განაპირობა ს. Kკ-ის შვილის მიერ დაუდევრად შენახული სანადირო თოფით დანაშაულის ჩადენა. პალატა ვერ გაიზიარებს მომჩივნის ასეთ მოსაზრებას, რადგან ფაქტზე ორჯერ ჩატარებული მოკვლევით დგინდება, რომ სანადირო თოფი, რომელიც ს. Kკ-ის ოჯახში ინახებოდა, არ წარმოადგენდა კონკრეტულად ოჯახის რომელიმე წევრის საკუთრებას; ამასთან, აღნიშნული თოფი არ იყო რეგისტრირებული შინაგან საქმეთა ორგანოში და აღრიცხული კონკრეტული პირის მფლობელობაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. დადგენილია ისიც, რომ სანადირო თოფით თანაბრად სარგებლობდნენ როგორც ს. Kკ-ი, ისე მისი შვილი შ. Kკ-ი, რომელიც იყო სრულწლოვანი და ოჯახის თანაბარუფლებიანი წევრი; ამიტომ ის ვერ იქნებოდა შეზღუდული ოჯახის საერთო, თუნდაც არამართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთით სარგებლობისას. ასეთ ვითარებაში ს. Kკ-ის მიერ სანადირო თოფის დაუდევრად შენახვაზე მსჯელობა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, მით უმეტეს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კ-ის მფლობელობაში არსებული სანადირო თოფი მოხვედრილიყო გარეშე პირის ხელში. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 243-ე მუხლითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დაინტერესებული პირის _ მ. შ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის დადგენილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს _ მ. შ-ეს უარი ეთქვა 2004წ. 25 ნოემბერს ხაშურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მიერ გამოტანილი ს. Kკ-ა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.