Facebook Twitter

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-1027(კ-კს-19) 12 ოქტომბერი, 2020 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. გ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებაზე.

მ. კ-მა 2016 წლის 29 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №000730 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ივლისის №1-1353 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო ბ. გ-ე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ განჩინება ცალკე არ საჩივრდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. გ-ემ და აღნიშნა, რომ ითხოვს საქმიდან ამორიცხვას, რადგან არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მის ინტერესებს არ უნდა შეეხოს მ. კ-ის მიმართ გამოცემული ნორმატიული აქტები.

საკასაციო სასამართლო ბ. გ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განჩინება პირის მესამე პირად საქმეში ჩაბმის შესახებ არ გასაჩივრდება. ამ მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მიღებული სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში. ამდენად, ხსენებული ნორმების ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე მიღებული განჩინება არ საჩივრდება. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩართვის თაობაზე მიღებული განჩინება, იმ პირის მიერ, რომელიც საქმეში იქნა ჩაბმული.

განსახილველ შემთხვევაში, ბ. გ-ე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო ადმინისტრაციუილი საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე არ საჩივრდება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებაზე დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. შ-ეს ბ. გ-ის კერძო საჩივარზე 08.01.2020წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, მას (პ/ნ ...) სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.01.2020წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. გ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 04 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო;

2. შ. შ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ბ. გ-ის კერძო საჩივარზე 08.01.2020წ. №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე

ნ. სხირტლაძე