საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბ-563-4(ა-20) 22 ივლისი, 2020 წელი
ბ-563-4(ა-20) თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინება
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ვ-მა 2019 წლის 28 მარტს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №4107201 გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 თებერვლის №172 ბრძანება; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა თბილისში, დაბა წყნეთში, ე.წ. „...ის“ ტერიტორიაზე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსების მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით კასატორის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, მიღებულ იქნა წარმოებაში. კასატორის - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარს კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 2 მარტის განჩინებით, დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ხარვეზის შესახებ განჩინება კასატორს - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ჩაბარდა 2020 წლის 17 მარტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინებით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა და მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2020 წლის 22 მაისს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმება და სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადის განსაზღვრა მოითხოვა.
განმცხადებელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს მხარის მიერ არაბრალეულად გაშვებული ვადის აღდგენის შესაძლებლობას. განცხადების შესაბამისად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსხურს ჩაბარდა 2020 წლის 17 მარტს და ხარვეზის შესავსებად მიეცა 7 დღე, თუმცა ხარვეზის შევსების ვადა დაემთხვა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის გამოცხადებას. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, რომლის საფუძველზეც შეზღუდული იყო გადაადგილება და შეჩერებული იყო წარმოების ვადები.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკავშირებულია თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდასთან, აქედან გამომდინარე, სამსახური მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, საგანგებო მდგომარეობის დროს აღმოეფხვრა დადგენილი ხარვეზი, ვინაიდან ბაჟის გადახდაზე უფლებამოსილი პირი არსებული შეზღუდვების გამო ვერ ცხადდებოდა სამსახურში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განცხადებას, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განცხადების ფარგლებში უნდა შეფასდეს, რამდენად ქმნის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების განახლებისთვის აუცილებელია კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი გარემოებები: სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დოკუმენტის წარუდგენლობა ან კონკრეტულ გარემოებაზე მიუთითებლობა გამოწვეული არ უნდა იყოს მხარის ბრალით; მხარეს არ უნდა ჰქონოდა ასეთი მტკიცებულების წარდგენის ან ასეთ გარემოებაზე მითითების შესაძლებლობა; მოცემული დოკუმენტი/გარემოება მხარისთვის ხელსაყრელი შედეგის მატარებელი უნდა იყოს.
სადავო შემთხვევაში დადგენილია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არ შეავსო. განმცხადებელი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ხსნის და მიიჩნევს, რომ არსებული შეზღუდვები არ აძლევდა შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. მოცემული გარემოების, როგორც ახლად აღმოჩენილის, განხილვისას საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ვადებსა და დაწესებული შეზღუდვების ხასიათზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას. იმავე კანონის მეორე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, ვითარების ნორმალიზაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 აპრილის №2 ბრძანებით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტზე, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, დეკრეტის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები. ამასთან, დასახელებული მუხლებით გარანტირებული უფლებები შეიზღუდა შემდეგი სახით: 1) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი („მიმოსვლის თავისუფლება“) - ა) საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, დაედგინა იზოლაციისა და კარანტინის წესები; ბ) შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა; გ) საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაერეგულირებინა საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა; 2) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი („სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები“) - საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, დადგენილებით განესაზღვრა საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები; 3) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი („საკუთრების უფლება“) - საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეეზღუდა საკუთრების უფლება და გამოეყენებინა ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები; 4) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი („შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება“) - ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალათ, შეეზღუდათ ან დაევალათ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით უნდა განსაზღვრულიყო ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები; გ) საქართველოს მთავრობას აუცილებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველეყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება; დ) საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, დაედგინა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები; ე) საქართველოს მთავრობას მიეცა უფლება, მოეხდინა შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მითითებული დეკრეტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. აღნიშნული ინსტრუქციის მეორე მუხლიდან გამომდინარე, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა გამოიხატა საგანგებო მდგომარეობის ვადით საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეჩერებაში; 2020 წლის 31 მარტიდან კი - საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებელი ე.წ. „კომენდანტის საათით“ გათვალისწინებული დროის მონაკვეთში (21:00 საათიდან 06:00 საათამდე) სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვაში. ამავე დადგენილების მე-13 მუხლის პირველი-მესამე პუნქტებით განისაზღვრა, რომ შეჩერდა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები; საჯარო ინფორმაციისა და პერსონალური ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები; კონკურსის ჩატარების ვადები იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელშიც საგანგებო მდგომარეობის გამო შეუძლებელი იყო კონკურსის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარება; საგანგებო მდგომარეობის ვადით საჯარო დაწესებულებებს, ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამოეყენებინათ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებული პირობების შესაბამისად შესრულებული ელექტრონული დოკუმენტი ან/და ელექტრონული ხელმოწერა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში - 2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეიზღუდა პირთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, თუმცა დაწესებული შეზღუდვა არ გულისხმობდა დასახელებული ძირითადი უფლებებით სარგებლობის სრულ აკრძალვას. საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში არ შემწყდარა საჯარო სამსახურებში, საბანკო დაწესებულებებსა და სასამართლოში მუშაობა, მოცემული ორგანოები აგრძელებდნენ ფუნქციონირებას, მათ შორის, დისტანციური რეჟიმით. შესაბამისად, ერთი მხრივ, ნებისმიერი პირი იყო აღჭურვილი შესაძლებლობით, მიემართა დასახელებული ორგანოებისთვის კონკრეტული მოთხოვნით, მეორე მხრივ, ამავე ორგანოთა თანამშრომლები არ იყვნენ გათავისუფლებულნი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან. სწორედ ამიტომ, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო, შეესრულებინა სასამართლოს დავალება და რაც მთავარია, მას ჰქონდა შესაბამისი მოქმედების განხორციელების რეალური შესაძლებლობა. გარდა იმისა, რომ თბილისის მასშტაბით 06:00 საათიდან 21:00 საათამდე შეზღუდული არ იყო სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა და მხარეს შეეძლო თავისუფლად გადაადგილება კონკრეტული ქმედებების განხორციელების მიზნით (გამონაკლისის სახით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულად იყო აკრძალული მხოლოდ 2020 წლის 17 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით, როდესაც უკვე გასული იყო სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის მოქმედება), ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო, საფოსტო გზავნილით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მაინც მოემართა სასამართლოსთვის და წარმოედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია - სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. რაც შეეხება ბაჟის გადახდას, შესაძლებელი იყო თანხის გადახდა საბანკო დაწესებულებების დისტანციური მომსახურებით სარგებლობლობის ან თანხის ელექტრონულად გადარიცხვის სხვა მეთოდების გამოყენებით. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ თუკი მხარე სახელმწიფო ბაჟს ვერ იხდიდა ობიექტური წინაპირობების არსებობის გამო, მას შეეძლო სასამართლოსთვის მომართვა საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით, მაგრამ ადმინისტრაციულმა ორგანომ არც ამ უფლებით ისარგებლა.
საკასაციო პალატა, დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, დაწესებული შეზღუდვების ხასიათისა და მასშტაბების გათვალისწინებით, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. სწორედ ამიტომ, ვინაიდან სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არსებობდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. განმცხადებლის პოზიცია კი ვერ ადასტურებს მოთხოვნილი დოკუმენტაციის საპროცესო ვადაში წარმოდგენის შეუძლებლობასა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობების არსებობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის №ბს-206(2კ-20) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 430-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. ქადაგიძე